Baby Bag

„თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ,“- ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ ბავშვებში მეტყველების დაწყების ვადებსა და იმ ეტაპებზე ისაუბრა, რომელსაც ბავშვი მეტყველების დაწყებამდე გადის:

„ის პროცესები, რომლებიც მეტყველების დაწყებამდე ვითარდება, არის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. ეს არის სხვა ადამიანზე ყურადღების ფოკუსი, ჯერ ემოციური და მერე ინიციატივების გამოხატვა, მაგალითად, რაღაც მინდა და ამას მივიღებ უფროსისგან. გარემოს წინასწარმეტყველება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. 6 თვის ბავშვი ტიტინებს, ერთი წლის ასაკში ერთ ან ორ, ან რამდენიმე სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს. 2 წლის ასაკში ბავშვი ორსიტყვიანი წინადადებების თქმას უნდა იწყებდეს, 3 წლის ასაკამდე უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება ენა და ბავშვები რთულ წინადადებებს ამბობენ. ამ ეტაპების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანი.

თანამედროვე კვლევები ძირითადად იმაზე ლაპარაკობს უკვე, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციური პარტნიორის როლი. ამაში იგულისხმება უფროსი, რომელიც ბავშვთან დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია, როგორ ელაპარაკება, რას ელაპარაკება, რამდენად შესაბამისია მისი ენა. ძალიან პატარა ასაკიდან რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან, მით უფრო ადვილად ახერხებს ბავშვი ამ ეტაპების გავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული ყურადღება. პრაქტიკაში ეს როგორ გამოიყურება? 6 თვის ბავშვი მიჭირავს ხელში. რაღაც მოხდა, ვიღაც შემოვიდა ოთახში. ბავშვს ველაპარაკებოდი, ჩემი ყურადღების ფოკუსი წავიდა იმ მოვლენისკენ და ბავშვის ყურადღების ფოკუსიც წავიდა იმ მოვლენისკენ. შეიკრა სამკუთხედი. ეს სამკუთხედი არის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერი მომენტი, როდესაც ბავშვი ამოხედავს მშობელს და ეუბნება: „მიყურე, რას ვაკეთებ,“ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ელემენტები ავითარებს ენას და კომუნიკაციას.

თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ. შესაძლებელია, რომ მანამდეც მივაქციოთ ამას ყურადღება. თუ ბავშვი ნაკლებად დაინტერესებულია გარშემო ადამიანებით, ადამიანზე ფოკუსით, ადამიანთან ყურადღების გაზიარებით, ემოციური გაცვლა-გამოცვლით, ეს უკვე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, ხომ არ დავინტერესდე სპეციალისტის აზრით,“- მოცემულ საკითხზე ნინო ცინცაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბაღი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასავლელი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში,“ - ბავშვთა ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ბავშვის ცხოვრებაში ბაღის ეტაპის გავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბაღი ბავშვს ძალიან ბევრ უნარს უვითარებს, რის გამოც პატარებმა ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაიარონ:

„ქართულ კულტუროლოგიურ სივრცეში, სადაც ბებიები, ბაბუები აქტიურად ეხმარებიან ოჯახს, მშობლები ძალიან ხშირად უარს ამბობენ ბავშვის ბაღში მიყვანაზე. ისინი ფიქრობენ, რომ სახლის გარემო აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვი ადეკვატურად განვითარდეს. რა როლი აქვს ბაღს და რატომ გახდა ასეთი აუცილებელი, რომ ასეთი პატარა ასაკის ბავშვი მიიყვანონ საბავშვო ბაღში? ეს არის პირველი ასაკობრივი სოციუმი, სადაც უცხო გარემოში და უცხო ადამიანებთან უხდება ბავშვს თავის დამკვიდრება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გადის ბავშვი ცხოვრებაში და აუცილებლად გასავლელი ეტაპია. აქ ძალიან ბევრი სფეროს განვითარება ხდება.

ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჰგონიათ, ფერებს, რიცხვებს სწავლობს თუ არა, ეს მეათასეხარისხოვანია. ამისთვის სკოლა არსებობს და აკადემიურად სკოლა ამზადებს ბავშვს. სოციალურ-ემოციური სფერო, ნივთების გაყოფა, რიგის დაცვა, ინიციატივის თავის თავზე აღება, კომპრომისზე წასვლა ვითარდება ბაღში. ემოციურ სფეროსთან დაკავშირებით, ბავშვები პირველად სწავლობენ ემოციების მართვას. სახლში როგორც კი რაღაც სურვილი გაუჩნდება ბავშვს, იქვეა ბებია, ბაბუა, დედა, მამა. ისინი უკმაყოფილებენ ბავშვს ყველა კაპრიზს, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს. საბავშვო ბაღში მან უნდა არეგულიროს საკუთარი ემოციები. ცხოვრებაში ძალიან გვჭირდება ემოციური ინტელექტი. სწორედ აქედან იწყებს ბავშვი პირველ ემოციურ რეგულირებას.

ბაღში ვითარდება დამოუკიდებლობა, სტრუქტურისადმი შეგუება, ენა და მეტყველება და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაღი.

წარმოიდგინეთ, რომ პირველად მიდიხართ ახალ სამსახურში, სადაც არ იცით, რა გარემოა, რა დამოკიდებულებაა თქვენ მიმართ. ასევეა ბავშვიც, მან არ იცის აღმზრდელი ვინ არის, რატომ უნდა დარჩეს უცხო ადამიანთან, ბავშვებთან თავის დამკვიდრება სჭირდება, იმიტომ, რომ სათამაშო წაართვეს, სახლში კი ყველაფერი მისი იყო. ერთ-ერთი როდესაც ხდები ერთადერთობიდან ამას აქვს ძალიან დიდი სტრესული ელფერი. ამიტომაც არის ასეთი სტრესული ბაღის ასაკი და მნიშვნელოვანი გასავლელი ეტაპია. National Institutes of Health-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებმაც ბაღის ეტაპი გაიარეს, გაცილებით წარმატებულები არიან. უმეტესობას აქვს კოლეჯის ხარისხი და მათი შემოსავლებიც არის უფრო მაღალი,“- მოცემულ საკითხზე მედეა ზირაქაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

წაიკითხეთ სრულად