Baby Bag

„თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ,“- ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ ბავშვებში მეტყველების დაწყების ვადებსა და იმ ეტაპებზე ისაუბრა, რომელსაც ბავშვი მეტყველების დაწყებამდე გადის:

„ის პროცესები, რომლებიც მეტყველების დაწყებამდე ვითარდება, არის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. ეს არის სხვა ადამიანზე ყურადღების ფოკუსი, ჯერ ემოციური და მერე ინიციატივების გამოხატვა, მაგალითად, რაღაც მინდა და ამას მივიღებ უფროსისგან. გარემოს წინასწარმეტყველება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. 6 თვის ბავშვი ტიტინებს, ერთი წლის ასაკში ერთ ან ორ, ან რამდენიმე სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს. 2 წლის ასაკში ბავშვი ორსიტყვიანი წინადადებების თქმას უნდა იწყებდეს, 3 წლის ასაკამდე უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება ენა და ბავშვები რთულ წინადადებებს ამბობენ. ამ ეტაპების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანი.

თანამედროვე კვლევები ძირითადად იმაზე ლაპარაკობს უკვე, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციური პარტნიორის როლი. ამაში იგულისხმება უფროსი, რომელიც ბავშვთან დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია, როგორ ელაპარაკება, რას ელაპარაკება, რამდენად შესაბამისია მისი ენა. ძალიან პატარა ასაკიდან რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან, მით უფრო ადვილად ახერხებს ბავშვი ამ ეტაპების გავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული ყურადღება. პრაქტიკაში ეს როგორ გამოიყურება? 6 თვის ბავშვი მიჭირავს ხელში. რაღაც მოხდა, ვიღაც შემოვიდა ოთახში. ბავშვს ველაპარაკებოდი, ჩემი ყურადღების ფოკუსი წავიდა იმ მოვლენისკენ და ბავშვის ყურადღების ფოკუსიც წავიდა იმ მოვლენისკენ. შეიკრა სამკუთხედი. ეს სამკუთხედი არის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერი მომენტი, როდესაც ბავშვი ამოხედავს მშობელს და ეუბნება: „მიყურე, რას ვაკეთებ,“ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ელემენტები ავითარებს ენას და კომუნიკაციას.

თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ. შესაძლებელია, რომ მანამდეც მივაქციოთ ამას ყურადღება. თუ ბავშვი ნაკლებად დაინტერესებულია გარშემო ადამიანებით, ადამიანზე ფოკუსით, ადამიანთან ყურადღების გაზიარებით, ემოციური გაცვლა-გამოცვლით, ეს უკვე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, ხომ არ დავინტერესდე სპეციალისტის აზრით,“- მოცემულ საკითხზე ნინო ცინცაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც კოვიდ-19 პირდაპირ იწყება მაღალი ცხელებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე აქვს ორგანიზმს საკმაოდ მძლავრი და შედეგიანი რეაქცია,“ - თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი

„როდესაც  კოვიდ-19  პირდაპირ იწყება მაღალი  ცხელებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე აქვს ორგანიზმს საკმაოდ მძლავრი და შედეგიანი რეაქცია,“ - თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი

თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი კოვიდ-19 ით ინფიცირებულ პაციენტებში საწყის სიმპტომად მაღალი ტემპერატურის გამოვლენის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზმის მძლავრ რეაქციაზე მიანიშნებს:

„როდესაც​ კოვიდ-19 პირდაპირ იწყება მაღალი ცხელებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე აქვს ორგანიზმს საკმაოდ მძლავრი და შედეგიანი რეაქცია. ეს დასკვნა არსებულ ვითარებაზე დაკვირვებით გამოგვაქვს. არ განვითარებულა ცხელება, არ განვითარებულა სხვა გართულება, სუნთქავს ადამიანი კარგად, არ აქვს სუნთვის უკმარისობა, შესაძლოა, იყოს ხველა, როგორც ზედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშანი. მხოლოდ ​ზედა სასუნთქი გზების დაზიანებაც კი საკმაოდ შეტევითი და მძლავრი ხველით მიდის. თუ შემდეგ ამ ყველაფერმა გაიარა და დატოვა ტემპერატურა 37,5-მდე, ეს არ არის საგანგაშო ნიშნული. ეს ზოგჯერ ნორმადაც განიხილება. თუ ადამიანს მანამდე არ ჰქონდა მსგავსი ტემპერატურა, ეს განიხილება ინფექციის კუდად. კუდს ვეძახით ამას. ჩვეულებრივი ამბავია ეს, სხვა რესპირატორულ ინფექციებსაც შეიძლება ჰქონდეს. კორონავირუსული ინფექციების დროს საკმაოდ ხშირად არსებობს.“

ლიზა გოდერძიშვილის თქმით, კოვიდი ძალიან ბევრ ნარჩენ მოვლენას ტოვებს, რასაც პაციენტის მხრიდან ყურადღებიანი დამოკიდებულება სჭირდება:

„ამ დროს არამხოლოდ ტემპერატურის მატებაა, ხველაც დიდხანს რჩება, არის საერთო სისუსტეც. ​ეს არის ინფექციის ნარჩენი მოვლენები. ამ პერიოდში ყოჩაღი დამოკიდებულება მართებს პაციენტს, კუნთების გააქტიურება, მეტი მოძრაობა, მეტი სითხის მიღება, ცილოვანი კვება, რომ რეგენერაციას და რეაბილიტაციას შეუწყოს ხელი. ორგანიზმმა ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯა ინფექციასთან ბრძოლაში.“

“ბრონქიტის ​გამწვავების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ მიზეზებს შორის მოიაზრება ე.წ. ხახის უკანა ჩამონაწვეთი, რომელიც სინუსებიდან ჩამოდის და ხველის ერთ-ერთი უტყუარი მიზეზია. თუ ბროქნიტის წარმოშობას არ აქვს სხვა მიზეზი, მწეველობა, უკვე არსებული ქრონიკული ბრონქიტი, ამ შემთხვევაში გამწვავება ნაკლებად სავარაუდოა. ორგანიზმს აქვს თავისი საკმაოდ მძლავრი ბარიერები, რომ გარეთა სასუნთქი გზებიდან ინფექცია არ შეუშვას შიდა სასუნთქ გზებში,”- ლიზა გოდერძიშვილმა აღნიშნულ საკითხებზე პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა. 

​წყარო

წაიკითხეთ სრულად