Baby Bag

„თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ,“- ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ ბავშვებში მეტყველების დაწყების ვადებსა და იმ ეტაპებზე ისაუბრა, რომელსაც ბავშვი მეტყველების დაწყებამდე გადის:

„ის პროცესები, რომლებიც მეტყველების დაწყებამდე ვითარდება, არის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. ეს არის სხვა ადამიანზე ყურადღების ფოკუსი, ჯერ ემოციური და მერე ინიციატივების გამოხატვა, მაგალითად, რაღაც მინდა და ამას მივიღებ უფროსისგან. გარემოს წინასწარმეტყველება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. 6 თვის ბავშვი ტიტინებს, ერთი წლის ასაკში ერთ ან ორ, ან რამდენიმე სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს. 2 წლის ასაკში ბავშვი ორსიტყვიანი წინადადებების თქმას უნდა იწყებდეს, 3 წლის ასაკამდე უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება ენა და ბავშვები რთულ წინადადებებს ამბობენ. ამ ეტაპების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანი.

თანამედროვე კვლევები ძირითადად იმაზე ლაპარაკობს უკვე, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციური პარტნიორის როლი. ამაში იგულისხმება უფროსი, რომელიც ბავშვთან დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია, როგორ ელაპარაკება, რას ელაპარაკება, რამდენად შესაბამისია მისი ენა. ძალიან პატარა ასაკიდან რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან, მით უფრო ადვილად ახერხებს ბავშვი ამ ეტაპების გავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული ყურადღება. პრაქტიკაში ეს როგორ გამოიყურება? 6 თვის ბავშვი მიჭირავს ხელში. რაღაც მოხდა, ვიღაც შემოვიდა ოთახში. ბავშვს ველაპარაკებოდი, ჩემი ყურადღების ფოკუსი წავიდა იმ მოვლენისკენ და ბავშვის ყურადღების ფოკუსიც წავიდა იმ მოვლენისკენ. შეიკრა სამკუთხედი. ეს სამკუთხედი არის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერი მომენტი, როდესაც ბავშვი ამოხედავს მშობელს და ეუბნება: „მიყურე, რას ვაკეთებ,“ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ელემენტები ავითარებს ენას და კომუნიკაციას.

თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ. შესაძლებელია, რომ მანამდეც მივაქციოთ ამას ყურადღება. თუ ბავშვი ნაკლებად დაინტერესებულია გარშემო ადამიანებით, ადამიანზე ფოკუსით, ადამიანთან ყურადღების გაზიარებით, ემოციური გაცვლა-გამოცვლით, ეს უკვე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, ხომ არ დავინტერესდე სპეციალისტის აზრით,“- მოცემულ საკითხზე ნინო ცინცაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

უგემრიელესი ლობიანებით სახელგანთქმული მზარეული ბარბარობის დღესასწაულისთვის იდეალური ლობიანის მომზადებას გასწავლით

უგემრიელესი ლობიანებით სახელგანთქმული მზარეული ბარბარობის დღესასწაულისთვის იდეალური ლობიანის მომზადებას გასწავლით

მზარეულმა ნანა თეგეტაშვილმა ბარბარობის დღესასწაულისთვის იდეალური ლობიანის მომზადების წესები გაგვაცნო:

„ლობიო სჯობს, რომ წინა საღამოს დავალბოთ. მეორე დღეს წყალს გადავწურავთ და მოვხარშავთ. პირველი დუღილის შემდეგ წყალს ვუცვლით, ახალ ცივ წყალს ვდგამთ და თავღიად მოვხარშავთ. არანაირი დაფარება საჭირო არ არის. ლობიანისთვის ლობიოს ძალიან გადაფუმფულებული მოხარშვა არ უნდა. უნდა ვიცოდეთ, რა ზომამდე მივიყვანოთ. შემდეგ გადავწურავთ და დავიწყებთ შეკმაზვას.“

„საერთოდ ლობიანი ღორის მუცლის ქონისგან მზადდება. სამარხვო ლობიანს ლორით არ ვაკეთებთ. ეს იქნება კლასიკური ლობიანი. ლობიოს ვასხამ ზეთს, ვაყრი მარილს. ცომი რა მასაც არის, გულსართიც იგივეა. ცომი უნდა იყოს დასვენებული. ცომს ვაბრტყელებთ ხელით,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა თეგეტაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად