Baby Bag

ახალბედა დედა შეუმჩნეველ ადამიანად არ უნდა იქცეს, აუცილებლად ჰკითხეთ, როგორ გრძნობს ის თავს... ეს მას ძალიან სჭირდება

ახალბედა დედა შეუმჩნეველ ადამიანად არ უნდა იქცეს, აუცილებლად ჰკითხეთ, როგორ გრძნობს ის თავს... ეს მას ძალიან სჭირდება

ახალბედა დედებს უამრავ სირთულესთან უხდებათ შეჯახება, მიუხედავად ამისა, მათ ხშირად რცხვენიათ დახმარების თხოვნა, რადგან თავს ვალდებულად თვლიან, რომ ყველა დაბრკოლებას დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ. მიუხედავად იმისა, დედა ითხოვს თუ არა ოჯახის წევრებისგან დახმარებას, მას თანადგომა და მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება, რათა საკუთარ თავსა და ბავშვზე ზრუნვა სრულფასოვნად შეძლოს. როგორ დავეხმაროთ ახალბედა დედას, რომელსაც დახმარების თხოვნა ერიდება? ჩვენს სტატიაში სწორედ ამ საკითხზე გესაუბრებით.

ახალბედა დედას საშუალება უნდა მისცეთ, რომ ახალ რეალობასთან და ცხოვრების შეცვლილ წესთან შეგუება შეძლოს. ნუ ჰკითხავთ მას, როგორ სძინავს ბავშვს, როგორ კვებავს პატარას, როგორი მოვლის წესები აქვს. შესაძლოა, მისი მიდგომები მკვეთრად განსხვავდებოდეს თქვენ მიერ გამოყენებული მიდგომებისგან. რაიმე სახის შენიშვნამ, შესაძლოა, ახალბედა დედას თავი ცუდ მშობლად აგრძნობინოს. იყავით მასთან ფრთხილი და მზრუნველი. მხარი დაუჭირეთ დედას ახალ თავგადასავალში და პატივი ეცით მის არჩევანს, როდესაც საქმე ბავშვის მოვლის წესებს ეხება.

რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ახალბედა დედა ყოველთვის დაღლილი, გამოუძინებელი, მშიერი და მწყურვალია. მას არ სურს თავი ვინმეს ტვირთად იგრძნოს, ამიტომ დახმარებისთვის, შესაძლოა, არც კი მოგმართოთ. ნუ დაელოდებით დედის თხოვნას, დახმარების ხელი თავად გაუწოდეთ. მოუმზადეთ დედას საჭმელი, გაურეცხეთ ჭურჭელი, იზრუნეთ ნაგვის გადაყრაზე, სახლის მოწესრიგებაზე. გაუკეთეთ დედას სიურპრიზები, მიართვით მისი საყვარელი შოკოლადი. ახალბედა დედას შესაძლებლობა მიეცით გარეთ გავიდეს, გაისეირნოს, არ დაკარგოს კავშირი გარესამყაროსთან.

ახალბედა დედის ორგანიზმში ძლიერი ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს. მას ბავშვისადმი ძლიერი მიჯაჭვულობა უყალიბდება. ამ პროცესს ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. მიეცით მას საშუალება გაატაროს ბავშვთან იმდენი დრო, რამდენიც სურს.

დედებს ბავშვის გაჩენამდე თავის მოვლის უამრავი რიტუალი აქვთ, რომელსაც ბავშვის დაბადებასთან ერთად ივიწყებენ, რადგან ამისთვის დრო არ რჩებათ. დაეხმარეთ დედას, რომ თავისი ძველი სამყარო ახალ ცხოვრებაშიც არ დაივიწყოს. საშუალება მიეცით მას, რომ საყვარელი რიტუალების ჩატარება შეძლოს და საკუთარ თავზეც იზრუნოს.

ახალბედა დედა შეუმჩნეველ ადამიანად არ უნდა იქცეს. ბავშვები საყვარლები და ლამაზები არიან. ცხადია, ისინი ყველას ყურადღებას იპყრობენ, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ დედა, როგორც ადამიანი აღარ არსებობს და მის მიმართ სრული უყურადღებობა უნდა გამოვიჩინოთ. ბავშვის მოფერების პარალელურად აუცილებლად მოიკითხეთ დედა, ჰკითხეთ, როგორ გრძნობს ის თავს, უთხარით კომპლიმენტები. ეს მას ძალიან სჭირდება.

აუცილებლად უთხარით ახალბედა დედას, რომ ის კარგი დედაა და ბავშვს არაჩვეულებრივად უვლის. გამოუცდელი დედები საკუთარი დედობრივი ინსტინქტების წყალობით ხშირად შესანიშნავად ართმევენ თავს ბავშვის მოვლას. ახლობლების მხრიდან მისი უნარების დანახვა და აღიარება ყველა დედისთვის მნიშვნელოვანია.

წყარო: ​raisedgood.com