Baby Bag

რა სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის პიანინოზე დაკვრას?

რა სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის პიანინოზე დაკვრას?

მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა მხოლოდ მუსიკალური უნარების განვითარებისთვის არის საჭირო, თუმცა მათმა უმრავლესობამ არაფერი იცის იმ სარგებელზე, რომლის მოტანაც პიანინოზე დაკვრას ბავშვის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის შეუძლია.

პიანინოზე დაკვრა ართრიტის განვითარების რისკს ამცირებს, რადგან ბავშვის თითები გამუდმებით ვარჯიშდება და აქტიურ მოძრაობაშია. დაკვრა აუმჯობესებს კოორდინაციის უნარს სხეულის სხვადასხვა ნაწილს შორის, რადგან აუცილებელია ხელების თანმიმდევრული მოძრაობა, თვალების ოპტიმალურად გამოყენება და მახვილი სმენა, რათა ბავშვმა მელოდიის ინტერპრეტირება სწორად შეძლოს.

ფორტეპიანოზე რეგულარულად დაკვრა ბავშვის ფიზიკურ მონაცემებს აუმჯობესებს. დაკვრისას ერთ საათში დაახლოებით 140-150 კალორია იწვება, რის გამოც მას ხშირად ანაერობულ ვარჯიშადაც მოიხსენიებენ.

პიანინოზე დაკვრა ბავშვს მეხსიერებას უვითარებს, რადგან მას მუსიკისა და მისი შესრულებისთვის საჭირო ტექნიკის დასასწავლად კარგი მეხსიერება ესაჭიროება.

ბავშვებს, რომლებიც პიანინოზე უკრავენ, პასუხისმგებლობის გრძნობა მეტად უვითარდებათ, რადგან დისციპლინის გარეშე დაკვრა შეუძლებელია. პიანინოზე დაკვრა ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, რადგან ის სამყაროს ხელოვანის პერსპექტივიდან ხედავს, უფრო მგრძნობიარე ხდება და მისი კოგნიტური უნარების უმჯობესდება.

ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვს მენტალური პრობლემებისგან იცავს, რადგან ტვინი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება.

ბავშვები, რომლებიც პიანინოზე უკრავენ, შიშის დაძლევასა და რისკზე წასვლას სწავლობენ, რადგან მათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და მუსიკალური ნაწარმოებების საკუთარი ინტერპრეტაციების შესრულება ხშირად უხდებათ.

ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რის გამოც ბევრი სპეციალისტი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვები ფორტეპიანოს კლასებზე ატარონ.

წყარო:​ youaremom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ უკიჟინოთ ბავშვს პირველობა და გამარჯვება. ბავშვი არ უნდა იყოს ყველაზე პირველი, ის უნდა იყოს თავის თავში პირველი “ - შალვა ამონაშვილი

„არ უკიჟინოთ ბავშვს პირველობა და გამარჯვება. ბავშვი არ უნდა იყოს ყველაზე პირველი, ის უნდა იყოს თავის თავში პირველი “ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს შვილებთან მიმართებაში კონკრეტული მიზნების დასახვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უფროსებს ბავშვებთან ურთიერთობისას თავშეკავების გამოჩენა მართებთ:

„მიზანი უნდა დავისახოთ, რა გვინდა ჩვენი შვილებისგან. ​თუ გავგიჟდებით, ბავშვებს ვეღარ აღვზრდით, დავამახინჯებთ. გამოგვადგება ასეთი რამე?! ბავშვები რომ სკოლაში იყვნენ, ჩვენ დასვენებულები ვიქნებოდით. სახლში არიან და იკლებენ ყველაფერს, დარბიან, ყვირიან, ბურთს თამაშობენ. რასაკვირველია, ეს შეგვაწუხებს, მიგვიყვანს ზღვრამდე, რომ დავუყვიროთ, გავბრაზდეთ, დავემუქროთ, ავუკრძალოთ. მოხდება კონფლიქტები. ამით დავარღვევთ ყველა კარგ კანონს. პირველ რიგში, თავში უნდა გვედოს ის, რომ თავი უნდა შევიკავოთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. გაგიჟების ერთი ნაბიჯით აქეთ ვიყოთ. ჩვენ დიდებმა მაინც ხომ ვიცით, რა შედეგი მოჰყვება ამას. ხომ გიყვართ ბავშვი? ეს სიყვარული გამოავლინეთ. უფროსს შეუძლია მოთმინება, მაგრამ ბავშვს - არა. მოითმინეო, ბავშვს რომ ვეძახოთ, არ გამოდგება. როდესაც დედა გახდი და მამა გახდი, უნდა მოითმინო რაღაცები.“

შალვა ამონაშვილმა ბავშვების კომპიუტერული თამაშებისადმი მიჯაჭვულობის პრობლემაზეც ისაუბრა:

„ცოცხალი ურთიერთობა ბავშვებსაც აკლიათ და პედაგოგებსაც. ბავშვის ირგვლივ ბევრი ცდუნებაა და ეს ცდუნებები გარედან ლამაზია, შინაარსით ცუდი. ასეთია კომპიუტერული თამაშებიც. ბევრი თამაში ბავშვს აცდუნებს და მიჰყავს სრულიად სხვა, არაკეთილი გზით. უნდა ჩაენაცვლო შენ და უფრო საინტერესო უნდა გახდე მისთვის, ვიდრე კომპიუტერული თამაშები. თუ ბავშვს თავზე დაადგები და დაუწყებ თხოვნას, რომ მოშორდეს კომპიუტერს, ამით ვერ მოწყვეტ იმას ამ აპარატს. იქნებ მასწავლებელმა ისეთი რამ შესთავაზოს ბავშვს, რომ ის თვითონ მივიდეს მასთან. ​ჩვენ გვინდა ბავშვი ყველაფერ ამას მოვწყვიტოთ ავტორიტარული გზებით. ეს პრობლემა ბავშვის მიზეზით არ არის. ჩვენ მას თვითონ ვუყიდეთ ეს აპარატი, ორი წლიდან დავაწყებინეთ ჭყეტა ამ აპარატში, თან გავიკვირვეთ, როგორ ხვდება ბავშვი თვითონ ყველაფერს, რა კარგად ხვდება. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვი მიჯაჭვულია. ვიდრე ჩვენ თვითონ არ შევიცვლებით შიგნით, ჩვენი დამოკიდებულებები არ შეიცვლება ბავშვის მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, ამ ყველაფერს ვერ ვუშველით. მუქარა და ძალისმიერი გზები საქმეს არ შველის.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვის აღზრდის პრინციპებზე გადაწყვეტილებმა მშობლებმა უნდა მიიღონ:

„ბავშვებზე პირველი სიტყვა მშობლებს ეთქმით. იმათ უნდა თქვან, თუ როგორი აღზრდა უნდათ თავიანთი შვილის. შეიძლება მათ სთხოვონ დედამთილს, სიდედრს: „თუ შეიძლება, დამეხმარე, რომ ასე გავზარდოთ ბავშვი.“ რძალ-დედამთილის ურთიერთობები თუ არის გართულებული, რასაკვირველია, ეს თხოვნები საქმეს არ უშველის. ზოგჯერ დედამთილი თავისებურად ზრდის ბავშვს, ​ახალგაზრდები ჰუმანურები არიან და ბებიამ ვერ გაიგო, უყვირის, უბრძანებს შვილიშვილს. ამ დროს ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ უყუროს გაბრაზებულ ბებიას თვალებში და უთხრას: „შენ კი მიყვირი, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ.“ ბავშვს უნდა ვასწავლოთ: „ბებიას გულით უყვარხარ, რომ გეტყვის რამეს, გაგიბრაზდება, უთხარი, რომ გიყვარს.“ ბავშვს კი არ შევაძულოთ ბებია, პირიქით. ასეთი მიდგომით ბავშვი გაზრდის ბებიას თავისთვის სასიკეთოდ.“

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში მშობლების ნაწილი მატერიალურ საკითხებზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს, ვიდრე სულიერზე:

„ახლანდელი წარმოდგენა ცხოვრებაზე არის, თუ რა გაქვს. ბავშვმა უნდა ჩააბაროს, რომ მერე კარგად იცხოვროს, წარმატება მოიპოვოს, თანამდებობები მიიღოს. მშობელი არ ფიქრობს, როგორი სულიერი უნდა გახდეს ბავშვი. ამაზე რომ ფიქრობდეს, სტანდარტებს ყურადღებას არ მიაქცევდა. სტანდარტებს ყველა ბავშვი ჩააბარებს. ​რა უნდა ვუთხრათ ჩვენ პირველ რიგში მასწავლებელს? როდესაც მასწავლებელი კლასს ჩაიბარებს, მან მშობლები უნდა შეკრიბოს და უთხრას: „ჩემო ძვირფასო მშობლებო, ჩემი მიზანია თქვენს ბავშვებს შევძინოთ მეგობრობა, გულისხმიერება, ურთიერთდახმარება, სიყვარული. ეს არის ჩემი პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში თქვენი შვილები ჩემთან მათემატიკასაც ისწავლიან.“ პედაგოგიკა შეთანხმების საგანია. როგორც შეთანხმდება მასწავლებელი მშობელთან, მშობელი ბავშვთან, ბავშვი მასწავლებელთან თუ მასწავლებლები ბავშვთან, ისე აიგება ურთიერთობა.“

შალვა ამონაშვილის თქმით, არ არის სწორი, როდესაც მშობელი ბავშვს ყოველთვის პირველობას და წარმატების მიღწევას სთხოვს:

„ბავშვი არ უნდა იყოს ყველაზე პირველი, ის უნდა იყოს თავის თავში პირველი. ბევრ რამეს ვაძალებთ ჩვენს შვილებს. მერე ისინი გვიძალიანდებიან. თითქოს მისთვის სიკეთე გვინდა და ამ დროს მივაჯახებთ რაღაც კედელს. ​არ უკიჟინოთ ბავშვს პირველობა და გამარჯვება. მჯობნის მჯობნი არ დაილევა. შური კი არ უნდა გაგვიჩნდეს, უნდა გვიხაროდეს, რომ ის დაწინაურდა. თქვენი შვილის მეგობარი რომ დაწინაურდა, დაარიგეთ თქვენს შვილს, რომ მიულოცოს, საჩუქარი მიუტანოს, გადაეხვიოს, გაიხაროს მისი გამარჯვებით. აი, ეს იქნება აღზრდა.“

„სიმკაცრე ყველა ასაკში ადრეა. სიმკაცრე მიუღებელია. ხანდახან რომ გინდა უთხრა ბავშვს, ეს არ გააკეთოო, უთხარი: „მიდი ეს გააკეთე“ და არ გააკეთებს. თუ ბავშვს უარყოფითი რაღაცები მოსწონს, თქვენც გადადით იმის მხარეს ცოტა ხნით. ​ურთიერთობაში დაანახეთ ბავშვს, რომ ეს მთლად მოსაწონი არ ყოფილა. აიღეთ უარყოფითი ნივთი, უარყოფითი ფილმი, უარყოფითი სურათი და თქვენი რეპლიკებით დაანახეთ ბავშვს, რომ ეს მოსაწონი არ არის,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ამონაშვილის აკადემიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

წაიკითხეთ სრულად