Baby Bag

5 საუკეთესო თამაში მოუსვენარი ბავშვებისთვის

5 საუკეთესო თამაში მოუსვენარი ბავშვებისთვის

მოუსვენარ ბავშვებს თვითკონტროლის უნარის განვითარება სჭირდებათ. ამ მიზნის მიღწევისთვის საუკეთესო გზა თამაშია. გთავაზობთ 5 საუკეთესო თამაშს მოუსვენარი პატარებისთვის, რომელიც მათ მოზღვავებული ემოციებისგან გათავისუფლებასა და თვითკონტროლის უნარის განვითარებაში დაეხმარება.

1. ბუშტით თამაში

ბავშვის გასართობად ბუშტით თამაში ყოველთვის კარგი იდეაა. ნერვულ და ემოციურ ბავშვთან ბუშტით თამაშზე უარს ნუ იტყვით. ბავშვები გაერთობიან და ამავე დროს დამშვიდდებიან კიდეც. განსხვავებული ფორმებისა და ფერების გამო ბუშტი ბავშვის ყურადღებას იპყრობს. ბუშტით თამაში გაცილებით უფრო მშვიდი აქტივობაა, ვიდრე ბურთით თამაში. გარდა ამისა, ბუშტით თამაში სახლის პირობებშიც თავისუფლად არის შესაძლებელი. ბუშტი ჰაერში ააგდეთ და ბავშვთან ერთად დააკვირდით, რამდენი ხანი დასჭირდება მიწაზე დასაშვებად, შეეჯიბრეთ ერთმანეთს, ვინ უფრო მაღლა ააგდებს ბუშტს, ითამაშეთ ფრენბურთი ბუშტის გამოყენებით და ა.შ.

2. ხტუნვა

ხტუნვა იდეალური თამაშია მოუსვენარი ბავშვისთვის, რადგან ის ენერგიას ხარჯავს, ერთობა და არც სხვა ადამიანების სივრცეს არღვევს. გარკვეულ სივრცეზე ოთხკუთხედი მოხაზეთ, სადაც სახტუნაო სივრცე მოეწყობა. მუსიკა ჩართეთ და ბავშვს ხტუნვის საშუალება მიეცით. თოკზე სხვადასხვა ფიგურა ჩამოკიდეთ და ბავშვები მწკრივში ჩააყენეთ. ისინი ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ, ვინ მისწვდება თოკს და ვინ უფრო მეტ ფიგურას ჩამოხსნის თოკიდან. თოკის სიმაღლე ეტაპობრივად გაზარდეთ.

3. საპნის ბუშტებით თამაში

საპნის ბუშტებით თამაში ბავშვების უმრავლესობას ძალიან ართობს და ამშვიდებს. შეგიძლიათ საპნის ბუშტებით ბავშვი მუსიკის ფონზე ათამაშოთ. მუსიკა ჩართეთ, ბავშვმა მუსიკის ხმაზე ბუშტები უნდა გაუშვას, ხოლო მუსიკის ყოველ შეწყვეტაზე სწრაფად გაშეშდეს, თითქოს ქანდაკებაა. მუსიკის ხელახლა აჟღერებისთანავე ბავშვმა კვლავ სწრაფად განაგრძოს თამაში.

4. კვერცხი კოვზზე

ეს საკმაოდ მარტივი თამაშია. ბავშვი კოვზს სახელურით იჭერს, კოვზზე კი მოხარშულ კვერცხს ვდებთ. უნდა განსაზღვროთ საწყისი წერტილი და დანიშნულების ადგილი, სადაც ბავშვმა კვერცხი ძირს დავარდნის გარეშე უნდა მიიტანოს. ბავშვები ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ და მოახერხონ კვერცხის დაზიანების გარეშე მისი მიტანა დანიშნულების ადგილამდე.მთავარი წონასწორობა, შეუპოვრობა და მოთმინებაა. თუ კვერცხი კოვზიდან ჩამოვარდება, ბავშვი საწყის წერტილს უბრუნდება და ყველაფერს თავიდან იწყებს. შეგიძლიათ კვერცხის ნაცვლად მცირე ზომის ბურთები გამოიყენოთ.

5. დამალობანა

დამალობანა ბავშვებს თვითკონტროლსა და თვითდისციპლინას აჩვევს. როდესაც ერთი ბავშვი ითვლის, სხვები იმალებიან. დამალული ბავშვი ცდილობს არ გამოძრავდეს, ჩუმად იყოს და შეუმჩნეველი დარჩეს. მოუსვენარ ბავშვებს უჭირთ საკუთარი ქცევის გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში მშვიდად ჯდომა. დამალობა მათ ამ უნარების განვითარებაში დაეხმარება.

წყარო: ​youaremom.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ბავშვმა ინტერაქცია დაიწყოს" - ფსიქოლოგი

,,ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ბავშვმა ინტერაქცია დაიწყოს" - ფსიქოლოგი

,,​ყველაზე კარგი არის ბავშვისთვის ჩვენი მაგალითის ჩვენება, მაგალითად, იმის თქმა, რომ დღეს მე გახარებული ვარ და მიხარია შენთან კომუნიკაცია", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ქეთი დალინკევიჩმა გადაცემაში ,,შუადღე" საუბრისას აღნიშნა.

,,ხშირად ვურჩევ მშობლებს, როდესაც სკოლაში ან ბაღში აკითხავენ შვილებს, ნუ ჰკითხავთ, აბა, რა ხდებოდა დღეს, მომიყევი რა ხდება ბაღში თუ სკოლაში, რადგან ეს ბავშვისთვის აღიქმება, როგორც აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ,,დღეს რა დააშავე", ,,ცუდი რა მოხდა", ,,კარგი რა მოხდა", მაგრამ ფორმა მაინც არის უხეში. ამ დროს ბავშვები უფრო მეტად იკეტებიან. 

მაგალითად, შვილისთვის ამის თქმა - მიხარია შენი ნახვა დღის ბოლოს, ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ინტერაქცია დაიწყოს და ბავშვსაც გაუჩნდეს სურვილი, რომ დაიწყოს ჩვენთან საუბარი, ვიდრე ის, რომ დავუსვათ ინტერაქტიული შეკითხვები", - განმარტა ფსიქოლოგმა.

წყარო: ,,​შუადღე"

წაიკითხეთ სრულად