Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ არ უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა საკუთარ ორგანიზმს, უნდა მივენდოთ მას,“ - ნევროლოგი მარინა ჯანელიძე

„ჩვენ არ უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა საკუთარ ორგანიზმს, უნდა მივენდოთ მას,“ - ნევროლოგი მარინა ჯანელიძე

ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ პოსტკოვიდურ ეტაპზე სენსორული აღქმის ცვლილებების პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ნერვული ბოჭკოების გაღიზიანებით არის გამოწვეული:

„ჩვენი შეგრძნება არის ძალიან სუბიექტური. ობიექტურად ექიმი ყოველთვის ეყრდნობა მონათხრობს. ჩვენი სენსორული აღქმა გარკვეულად იცვლება. აღქმის შეცვლის მიზეზი არის პოსტინფექციურ პერიოდში ​ნერვული ბოჭკოების გაღიზიანება, მათი ადეკვატური, სწორი ფუნქციონირების დარღვევა. სწორი ფუნქციონირება რას ნიშნავს? ჩვენ რაღაცები უნდა აღვიქვათ, რაღაცების მიმართ ჩვენი მგრძნობელობის ბოჭკოები უნდა იყოს დაკეტილი, ეს ინფორმაცია ტვინამდე არ უნდა მიდიოდეს. პერიფერია არის გაღიზიანებული. რაზეც არ უნდა იყოს რეაქცია, ნერვული სისტემა იმას პასუხობს არაადეკვატურად, ზედმეტად მგრძნობიარეა გარემოს ინფორმაციის მიმართ. ყველა ინფექციას ახასიათებს გამოფიტვა, დაღლილობა. ეს არის ჩვეულებრივი პოსტინფექციური მდგომარეობა. კოვიდის შემთხვევაში ეს ყველაფერი მაინც უფრო გამძაფრებულია.“

მარინა ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ადამიანებს უჭირთ დაღლილობის და გამოფიტვის შეგრძნებასთან გამკლავება, რაც ძლიერ შფოთვას იწვევს:

„ადამიანი, რომელიც რაღაცას ფუნქციონირებდა, ამბობს, რომ ფუნქციონირების იმ დონეს ვერ უბრუნდება, არის სულ დაღლილი. ჩვენ არ უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა საკუთარ ორგანიზმს. აქტიური ადამიანებისთვის ეს დაღლილობა იმდენად მიუღებელია, რომ ამას მოჰყვება შფოთვა. ყველა ჩვენი ზედმეტი ემოცია და შფოთვა აუცილებლად ამწვავებს პრობლემას. ​უნდა მივენდოთ ჩვენს ორგანიზმს. თუ დაღლილები ვართ, მეტი ვიძინოთ. საწოლისკენ თუ მიგვიწევს გული, დავწვეთ. არ ვანჯღრიოთ ზედმეტად ორგანიზმი. ეს არ ნიშნავს, რომ არც გავიაროთ, არც გამოვიაროთ.“

მარინა ჯანელიძის თქმით, დაღლილობასთან და გამოფიტვასთან გამკლავებას სიმშვიდის შენარჩუნება და გარკვეული დრო სჭირდება:

„ამას დრო მოიტანს. ​ამას არ უნდა არც მედიკამენტური თერაპია, სიმშვიდე უნდა. არ არის საჭირო უარყოფით ინფორმაციაზე მიჯაჭვულობა. მედია ძირითადად ამით არის მოცული. როდესაც შენ თვითონ პრობლემა გაქვს, დაღლილობა გაწუხებს და კიდევ სულ გესმის უარყოფითი ინფორმაცია ამ დაავადებასთან დაკავშირებით, ეს ამძაფრებს შენს პირად პრობლემას. ნუ დავიწყებთ ამ უარყოფითი ინფორმაციის გაუთავებლად გამეორებას, მოსმენას. ერთი სარწმუნო წყარო უნდა გვქონდეს. იმ სარწმუნო წყაროდან მივიღოთ დღეში ერთხელ ინფორმაცია. შემდეგ ვეცადოთ, რომ გადავერთოთ სხვა რამეზე. სასიამოვნო რამეებზე ვიფიქროთ.“

„ადამიანმა უნდა შეძლოს, ​ცოტა პოზიტივზე იფიქროს ამ სიტუაციაში. ეს არის მისი ხსნის საშუალება. კარგზე იფიქრეთ. კი ბატონო, ათასი უბედურება ხდება. ზოგიერთი ნევროლოგიური პრობლემა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე პოსტკოვიდ სინდრომი, მაგრამ ის ნაკლებია. პანდემია იმიტომაც ჰქვია ამას, რომ მოიცვა მთელი დედამიწა. ჩვენ ვეცადოთ, რომ საკუთარი თავი დავიცვათ,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა ჯანელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად