Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ, ეს ნამდვილად ასეა,“ - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ, ეს ნამდვილად ასეა,“ - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საუზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუზმობისთვის საუკეთესო დრო დილის ექვსიდან ათ საათამდეა:

​საუზმისთვის ყველაზე კარგი პერიოდი არის დილის ექვსი საათიდან ათ საათამდე. საკმაოდ დიდი შუალედია. თუ ადამიანი უფრო გვიან იღვიძებს, ეს, სამწუხაროდ, უკვე საუზმედ არ ითვლება. ეს უკვე ლანჩია და მეორე კვებაზე გადავდივართ. გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ არის მიზანშეწონილი, რომ საკვები მივიღოთ. ორგანიზმს სჭირდება გაღვიძება. სისხლით მომარაგება უნდა გადაანაწილოს ორგანიზმმა. ჩვენ რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ვართ, კუნთებიც მოდუნებულია.“

შოთა ჯანჯღავას თქმით, საუზმემდე სასურველია სითხის მიღება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ლიმონიანი წყალი:

​საუზმემდე სითხის მიღება სასურველია. წყლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. ლიმონიანი წყალი არაა დიდად რეკომენდებული, მით უმეტეს, ვისაც მჟავიანობა აწუხებს. თაფლიანი წყალი და ჩვეულებრივი წყალი არანაირად არ არის აკრძალული. საუზმის ჩამნაცვლებელი დღეისთვის არაფერი არ არის. თუ დილას ადრე ვიწყებთ და არ ვსაუზმობთ, ვიტამინებით მაინც უნდა გავამდიდროთ ორგანიზმი.“

​ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ. ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი ორგანიზმი ინსულინის გამოყოფის რიტმებზეა აწყობილი. როდესაც ჩვენ ვაწვდით ორგანიზმს საკვებ პროდუქტს, ამით კმაყოფილდება ორგანიზმი და არ ავლენს ინსულინრეზისტენტობისკენ მიდრეკილებას. რაციონალურ კვებაში გათვალისწინებულია დაყოფილი კვების პერიოდები, სადაც საუზმე აუცილებელია. 16-18 საათიანი შიმშილის დროს, სჯობს, რომ უფრო დილის პერიოდი იყოს დატვირთული და არა საღამოსი. უმეტესობა ხშირად აკეთებს სამიდან საღამოს ცხრამდე ან თორმეტიდან ექვსამდე, სჯობს ვიკვებოთ ათიდან ოთხ საათამდე. დილის პერიოდი არის მნიშვნელოვანი ასეთ შემთხვევაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად