Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბანაობის შემდეგ ბავშვს ქუდი არ სჭირდება, ქუდი არ არის აუცილებელი სახლში,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

„ბანაობის შემდეგ ბავშვს ქუდი არ სჭირდება, ქუდი არ არის აუცილებელი სახლში,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ახალშობილისთვის ოპტიმალური ოთახის ტემპერატურა დაასახელა და მშობლებს ბანაობის შემდეგ ბავშვის სწორად ჩაცმასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:

„ოპტიმალური ტემპერატურა ოთახის, სადაც არის ახალშობილი არის 19-23 გრადუსი. ბანაობის პერიოდში შეგვიძლია 26 გრადუსამდეც გავათბოთ ოთახი. ქუდი არ არის აუცილებელი სახლში, არც ბანაობის შემდეგ, არც ბანაობის წინ. არც გარეთ არ ვაძლევთ ქუდის დაფარების რეკომენდაციას, როდესაც გარემო ტემპერატურა გვაძლევს ამის საშუალებას და არის შედარებით მაღალი. როდესაც გრილა, მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ბავშვს დაახურონ თხელი ქუდი და არა ნაქსოვი, თბილი, ყურებიანი ქუდები. არ ასეირნონ სახეზე აფარებული შარფით ბავშვები.“

ანა მაღრაძის თქმით, ბავშვს ხელთათმანები არ უნდა ჩავაცვათ, რათა მისი რეცეპტორული სისტემა სათანადოდ განვითარდეს:

​რა თქმა უნდა, ხელთათმანები არ არის საჭირო. რეცეპტორული სისტემა არის პირის ღრუ და ხელის მტევანი. ხელთათმანის ჩაცმა ბავშვისთვის არც სახლში და არც გარეთ არ არის სასურველი. რაც შეეხება თავის დაცვას, რომ ბავშვმა სახე არ დაიკაწროს, უნდა ვიყოთ ბავშვთან ერთად და ყურადღებით. თუ ჩვენ ხელთათმანს იმიტომ ვაცმევთ ბავშვს, რომ სახე არ დაიკაწროს, ეს სასურველი არ არის.“

​ბავშვის მჭიდროდ შეხვევა არის მკაცრად და კატეგორიულად ამოღებული. ამ ბავშვებში განსაკუთრებით ხშირი იყო მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიები, ასევე ბარძაყის სახსრის ქვეამოვარდნილობები. მენჯ-ბარძაყის სახსარი უნდა იყოს მაქსიმალურად განზიდული. რაც შეეხება კოლიკას, ამას ძალიან შველის თეთრი ხმაური, თბილ წყალში ჩასმა. არ არის აუცილებელი, რომ კოლიკის დროს მჭიდროდ შევფუთოთ ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად