Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი ბავშვები საერთაშორისო შკალაზე რადიკალურად ჩამორჩებიან სხვა ქვეყნების დონეს,“ - ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დამფუძნებელი გუნა ბიბილეიშვილი

„ჩვენი ბავშვები საერთაშორისო შკალაზე რადიკალურად ჩამორჩებიან სხვა ქვეყნების დონეს,“ - ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დამფუძნებელი გუნა ბიბილეიშვილი

ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დამფუძნებელმა გუნა ბიბილეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა:

„სინამდვილეში დღევანდელი გამოწვევა, რასაც ითხოვს ზოგადსაგანმანათლებლო საფეხური,არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ბავშვები საერთაშორისო შკალაზე რადიკალურად ჩამორჩებიან სხვა ქვეყნების დონეს. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ, რომ ​ადრეული სკოლამდელი განათლება არის იმის საფუძველი, რომ შემდგომ ბავშვი იყოს წარმატებული. რადიკალურად ვერ ვიტყოდი, რომ პრობლემებია, მაგრამ ეს ასაკი და საფეხური არის დასახვეწი.“

გუნა ბიბილეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი აღზრდის საფეხურის განვითარებისთვის თანხები იხარჯება, პრობლემები მაინც არსებობს:

„გარკვეული მეთოდები და ტრანზიციის პროცესი, რა უნდა გააკეთოს ბაღმა იმისთვის, რომ სკოლაში ბავშვი იყოს წარმატებული, ეს ნამდვილად საფიქრალია, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად არის ჩართული სკოლამდელი აღზრდის მომსახურების დახვეწის პროცესში და არსებობს გაწერილი სტანდარტი. ჯანდაცვის სამინისტროც ასევე აფინანსებს ​ადრეული განვითარების პროგრამას. მიუხედავად იმისა, რომ თანხები საკმაოდ იხარჯება, სექტორებს შორის კოორდინაცია თითქმის არ არის.“

„როდესაც ჩვენი გუნდის წევრები მიდიან პროცესის ხელშესაწყობად, იქ არამხოლოდ ბაღის მასწავლებლები, ბაღის გამგეც კი დაბნეულია და არ იცის ამ პროგრამის შესახებ. ამიტომ მნიშველოვანია, რომ თანხები, რაც იხარჯება, იყოს კარგად კოორდინირებული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი,“ - აღნიშნა გუნა ბიბილეიშვილმა.

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად