Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვს აქვს მარტო ძილის შიში, მშობლებმა უარი არ უნდა უთხრან, რომ ბავშვმა მათთან დაიძინოს - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

თუ ბავშვს აქვს მარტო ძილის შიში, მშობლებმა უარი არ უნდა უთხრან, რომ ბავშვმა მათთან დაიძინოს - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ბავშვებში მარტო ძილის შიშსა და ძილის ჰიგიენაზე ისაუბრა:

„ხუთ-ნახევარი, ექვსი წლის ასაკიდან ბავშვს ეწყება ისეთი შიშები, როგორიც არის მარტო ძილის შიში. ის ბავშვებიც კი, რომლებიც მარტო იძინებდნენ, ამ ასაკიდან უარს ამბობენ მარტო დაძინებასა და მშობლის გარეშე ყოფნაზე. ამას აქვს თავისი ევოლუციური მნიშვნელობა. ეს ფენომენი გვხვდება ყველა კულტურაში და საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც. ერთადერთი რეკომენდაცია ამ დროს შეიძლება იყოს ის, რომ მშობლებმა არ უთხრან უარი ბავშვს, რომ მათთან დაიძინოს.“

​როდესაც ბავშვს ეწყება ეს პერიოდი, სასურველია, რომ ამ დროს მშობელმა უარი არ უთხრას, რომ მასთან დაწვეს. ეს ყველაფერი ძალიან მალე ალაგდება. თუ მოხდება უარის თქმა, შესაძლებელია ბავშვს ეს პრობლემები გაუგრძელდეს 11 წლის ასაკამდე და ამ ყოველივემ მეორადად გამოიწვიოს რომელიმე მძიმე ემოციური მდგომარეობები,“ - აღნიშნა ზაზა ვარდიაშვილმა.

წყარო: ​„ქართული არხი“

წაიკითხეთ სრულად