Baby Bag

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბევრი წიწაკა ვჭამოთ, რომ სიყვარული გამოგვიმუშავდეს,“- ლევან რატიანი ცხარე წიწაკის სასარგებლო თვისებებზე

„ბევრი წიწაკა ვჭამოთ, რომ სიყვარული გამოგვიმუშავდეს,“- ლევან რატიანი ცხარე წიწაკის სასარგებლო თვისებებზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ცხარე წიწაკის სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა:

„კაფსაცინი არის ნივთიერება, რომელიც სიცხარეს და სიმწარეს აძლევს წიწაკას. კაფსაცინი ძალიან კარგია, რომ იცოდეთ. ყველაზე ცხარე არის წითელი წიწაკა. მასში ბევრი კაფსაცინი შედის. განსაკუთრებით ბევრია ის თესლსა და ტიხრებში, რაც აძლევს მას ჩვენთვის საყვარელ გემოს. წიწაკას ტიხრები აძლევს სიმწარეს.

რატომ უყვართ ადამიანებს ცხარეს ჭამა? ეს არის რეცეპტორების ბრალი, რომელიც მოთავსებულია ჩვენს ენაზე. ცხარეს მირთმევის შემთხვევაში ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, რომელიც ბედნიერებას და სიყვარულს ანიჭებს ადამიანებს. ასე რომ, ბევრი წიწაკა ვჭამოთ, რომ სიყვარული გამოგვიმუშავდეს.

წიწაკა დიეტური პროდუქტი ნამდვილად არ არის, მაგრამ სასარგებლო ნამდვილად არის. მეგრელებს ჰქონდათ ოდა სახლები. იქ ჩამოკიდებული ჰქონდათ ეს წითელი წიწაკები, შებოლილი. ავი თვალისგანაც კი იცავსო, ასე ამბობენ,”-აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

წაიკითხეთ სრულად