Baby Bag

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ყურადღება მიექცეს, რადგან ეს დიდ გავლენას ახდენს ნაყოფისა და ბავშვის განვითარებაზე,“- ფსიქოლოგი სალომე კაკაბაძე

ფსიქოლოგმა სალომე კაკაბაძემ პერინატალური დეპრესიის შესახებ ისაუბრა და ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„პერინატალური პერიოდი გულისხმობს ორსულობის მზადებიდან, ორსულობასა და ორსულობის შემდგომ პერიოდს ერთი წლის ჩათვლით. ეს პერიოდი ხშირად არის შიშის, შფოთვის, დაბნეულობის გამომწვევი. ამ დროს ქალი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგება. ხშირად უფრო მეტად ქალი, ბუნებრივია, თავის ფიზიკურ ჯანმრთელობას აქცევს ყურადღებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ყურადღება მიექცეს. ეს არანაკლებ გავლენას ახდენს, როგორც ქალის, ასევე ნაყოფისა და ბავშვის განვითარებაზე.

ყველასთვის ცნობილია მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მაგრამ ნაკლებად ვსაუბრობთ ორსულობის პერიოდში დეპრესიულ მდგომარეობაზე, რაც ძალიან ხშირია, იმიტომ, რომ მოლოდინები, მით უმეტეს, თუ პირველი შვილია, ქალისთვის შეიძლება ძალიან ამაღელვებელი იყოს. ამ დროს ქალისთვის გუნება-განწყობის ცვლილება, შესაძლოა, იყოს ბუნებრივი. როდესაც ეს ძალიან ინტენსიურ ხასიათს იღებს და დიდხანს გრძელდება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს აღარ არის ნორმა.

პერინატალური დეპრესიის ნიშნებია გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება, დაქვეითება, აპათიური მდგომარეობა, ქალის იზოლირება ადამიანებისგან, კომუნიკაციის სურვილის დაკარგვა, მომატებული შფოთვა. ასეთ დროს ძალიან ხშირია ძილის პრობლემები, სისუსტე, უმადობა, დაღლილობის შეგრძნება.

დამოკიდებულება, რომ „ვიღაცებს 3-4 შვილი ჰყავთ გაჩენილი და მსგავსი სირთულეები არ გამოუვლიათ,“ არის მითი და სტიგმა. არ არსებობს, რომ ოთხი შვილის დედას გარკვეული სირთულეები და გამოწვევები არ ჰქონოდა, რასაც ქალი ამ პერიოდში გადის. აქ ლაპარაკი გვაქვს იმაზე, რამდენად საუბრობს ამაზე ქალი. ძალიან ხშირად ამაზე ვერ ან არ საუბრობენ. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, ეს ასეც უნდა იყოს. ზოგჯერ აქვთ დანაშაულის გრძნობა, რომ თუ ეს თქვეს, ცუდ დედად აღიქვამენ. ხშირად ოჯახის წევრებიც არ არიან ხოლმე მხარდაჭერები და ქალებს უჭირთ ამაზე ხმამაღლა საუბარი.

ოჯახის წევრებმა მაქსიმალური ემპათია უნდა გამოიჩინონ ქალის მდგომარეობის მიმართ. კარგი იქნება, თუ მამა აღზრდისა და მხარდაჭერის მხრივ მაქსიმალურად ჩაერთვება. ოჯახის წევრებმა ემოციური მხარდაჭერა აგრძნობინონ ქალს, არ გააუფასურონ ქალის ის ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ის იმყოფება. ამაში ვგულისხმობ არასტაბილურ გუნება-განწყობას. ოჯახის წევრები გაგებით უნდა მოეკიდონ ამას.

ქალები უნდა შეეცადონ, რომ იყვნენ შემწყნარებლები საკუთარი თავის მიმართ. ისინი ხშირად იდანაშაულებენ თავს, რომ რაღაცას კარგად ვერ აკეთებენ. ამ დროს არ დავადანაშულოთ ჩვენი თავი, იმიტომ, რომ ეს არ წაგვადგება. ძალიან დიდ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. მინდა, ვურჩიო ქალებს, რომ გამოუყონ საკუთარ თავს დრო. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ შევეცადოთ, რომ ყოველდღიურად 15 წუთი მაინც გამოვუყოთ საკუთარ თავს. ამ დროს ქალი საკუთარ თავს უნდა ეკუთვნოდეს და აკეთოს ის საქმე, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს. პერინატალური დეპრესიის დროს ქალებს არ აქვთ ძალა, რომ საკუთარ თავს ჰიგიენური კუთხითაც მიხედონ. ამ პატარა ფიზიკურ ცვლილებებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. ქალებმა ჰიგიენას ყურადღება უნდა მიაქციონ, მიუხედავად იმისა, გადიან გარეთ თუ არა. უნდა შევეცადოთ, რომ მოწესრიგებულად ვიყოთ, ისევ ჩვენი თავისთვის.

შევეცადოთ, რომ ჩავრთოთ ოჯახის წევრები და მოვითხოვოთ მხარდაჭერა მათი მხრიდან. მთავარია, ამაზე ლაპარაკის არ შეგვეშინდეს. გავბედოთ, რომ ვისაუბროთ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქალი დააკვირდეს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, როგორ გრძნობს თავს, რა სიამოვნებს, რა უქმნის დისკომფორტს. კარგია გუნება-განწყობის დღიურის წარმოება. თუ ქალი ატყობს, რომ მისი ემოციური ფონი ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის და ის ვეღარ აკეთებს ეფექტიანად საქმეებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტს მიმართოს. ხშირად ფიქრობენ, რომ ეს ბუნებრივია და გაივლის, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაივლის ასე მარტივად. ეს მდგომარეობა შეიძლება ერთი წელი ან მეტი გაგრძელდეს,“- მოცემულ საკითხზე სალომე კაკაბაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ,“- ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ ბავშვებში მეტყველების დაწყების ვადებსა და იმ ეტაპებზე ისაუბრა, რომელსაც ბავშვი მეტყველების დაწყებამდე გადის:

„ის პროცესები, რომლებიც მეტყველების დაწყებამდე ვითარდება, არის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. ეს არის სხვა ადამიანზე ყურადღების ფოკუსი, ჯერ ემოციური და მერე ინიციატივების გამოხატვა, მაგალითად, რაღაც მინდა და ამას მივიღებ უფროსისგან. გარემოს წინასწარმეტყველება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. 6 თვის ბავშვი ტიტინებს, ერთი წლის ასაკში ერთ ან ორ, ან რამდენიმე სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს. 2 წლის ასაკში ბავშვი ორსიტყვიანი წინადადებების თქმას უნდა იწყებდეს, 3 წლის ასაკამდე უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება ენა და ბავშვები რთულ წინადადებებს ამბობენ. ამ ეტაპების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანი.

თანამედროვე კვლევები ძირითადად იმაზე ლაპარაკობს უკვე, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციური პარტნიორის როლი. ამაში იგულისხმება უფროსი, რომელიც ბავშვთან დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია, როგორ ელაპარაკება, რას ელაპარაკება, რამდენად შესაბამისია მისი ენა. ძალიან პატარა ასაკიდან რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან, მით უფრო ადვილად ახერხებს ბავშვი ამ ეტაპების გავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული ყურადღება. პრაქტიკაში ეს როგორ გამოიყურება? 6 თვის ბავშვი მიჭირავს ხელში. რაღაც მოხდა, ვიღაც შემოვიდა ოთახში. ბავშვს ველაპარაკებოდი, ჩემი ყურადღების ფოკუსი წავიდა იმ მოვლენისკენ და ბავშვის ყურადღების ფოკუსიც წავიდა იმ მოვლენისკენ. შეიკრა სამკუთხედი. ეს სამკუთხედი არის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერი მომენტი, როდესაც ბავშვი ამოხედავს მშობელს და ეუბნება: „მიყურე, რას ვაკეთებ,“ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ელემენტები ავითარებს ენას და კომუნიკაციას.

თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ. შესაძლებელია, რომ მანამდეც მივაქციოთ ამას ყურადღება. თუ ბავშვი ნაკლებად დაინტერესებულია გარშემო ადამიანებით, ადამიანზე ფოკუსით, ადამიანთან ყურადღების გაზიარებით, ემოციური გაცვლა-გამოცვლით, ეს უკვე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, ხომ არ დავინტერესდე სპეციალისტის აზრით,“- მოცემულ საკითხზე ნინო ცინცაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“ 

წაიკითხეთ სრულად