Baby Bag

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ყურადღება მიექცეს, რადგან ეს დიდ გავლენას ახდენს ნაყოფისა და ბავშვის განვითარებაზე,“- ფსიქოლოგი სალომე კაკაბაძე

ფსიქოლოგმა სალომე კაკაბაძემ პერინატალური დეპრესიის შესახებ ისაუბრა და ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„პერინატალური პერიოდი გულისხმობს ორსულობის მზადებიდან, ორსულობასა და ორსულობის შემდგომ პერიოდს ერთი წლის ჩათვლით. ეს პერიოდი ხშირად არის შიშის, შფოთვის, დაბნეულობის გამომწვევი. ამ დროს ქალი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგება. ხშირად უფრო მეტად ქალი, ბუნებრივია, თავის ფიზიკურ ჯანმრთელობას აქცევს ყურადღებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ყურადღება მიექცეს. ეს არანაკლებ გავლენას ახდენს, როგორც ქალის, ასევე ნაყოფისა და ბავშვის განვითარებაზე.

ყველასთვის ცნობილია მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მაგრამ ნაკლებად ვსაუბრობთ ორსულობის პერიოდში დეპრესიულ მდგომარეობაზე, რაც ძალიან ხშირია, იმიტომ, რომ მოლოდინები, მით უმეტეს, თუ პირველი შვილია, ქალისთვის შეიძლება ძალიან ამაღელვებელი იყოს. ამ დროს ქალისთვის გუნება-განწყობის ცვლილება, შესაძლოა, იყოს ბუნებრივი. როდესაც ეს ძალიან ინტენსიურ ხასიათს იღებს და დიდხანს გრძელდება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს აღარ არის ნორმა.

პერინატალური დეპრესიის ნიშნებია გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება, დაქვეითება, აპათიური მდგომარეობა, ქალის იზოლირება ადამიანებისგან, კომუნიკაციის სურვილის დაკარგვა, მომატებული შფოთვა. ასეთ დროს ძალიან ხშირია ძილის პრობლემები, სისუსტე, უმადობა, დაღლილობის შეგრძნება.

დამოკიდებულება, რომ „ვიღაცებს 3-4 შვილი ჰყავთ გაჩენილი და მსგავსი სირთულეები არ გამოუვლიათ,“ არის მითი და სტიგმა. არ არსებობს, რომ ოთხი შვილის დედას გარკვეული სირთულეები და გამოწვევები არ ჰქონოდა, რასაც ქალი ამ პერიოდში გადის. აქ ლაპარაკი გვაქვს იმაზე, რამდენად საუბრობს ამაზე ქალი. ძალიან ხშირად ამაზე ვერ ან არ საუბრობენ. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, ეს ასეც უნდა იყოს. ზოგჯერ აქვთ დანაშაულის გრძნობა, რომ თუ ეს თქვეს, ცუდ დედად აღიქვამენ. ხშირად ოჯახის წევრებიც არ არიან ხოლმე მხარდაჭერები და ქალებს უჭირთ ამაზე ხმამაღლა საუბარი.

ოჯახის წევრებმა მაქსიმალური ემპათია უნდა გამოიჩინონ ქალის მდგომარეობის მიმართ. კარგი იქნება, თუ მამა აღზრდისა და მხარდაჭერის მხრივ მაქსიმალურად ჩაერთვება. ოჯახის წევრებმა ემოციური მხარდაჭერა აგრძნობინონ ქალს, არ გააუფასურონ ქალის ის ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ის იმყოფება. ამაში ვგულისხმობ არასტაბილურ გუნება-განწყობას. ოჯახის წევრები გაგებით უნდა მოეკიდონ ამას.

ქალები უნდა შეეცადონ, რომ იყვნენ შემწყნარებლები საკუთარი თავის მიმართ. ისინი ხშირად იდანაშაულებენ თავს, რომ რაღაცას კარგად ვერ აკეთებენ. ამ დროს არ დავადანაშულოთ ჩვენი თავი, იმიტომ, რომ ეს არ წაგვადგება. ძალიან დიდ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. მინდა, ვურჩიო ქალებს, რომ გამოუყონ საკუთარ თავს დრო. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ შევეცადოთ, რომ ყოველდღიურად 15 წუთი მაინც გამოვუყოთ საკუთარ თავს. ამ დროს ქალი საკუთარ თავს უნდა ეკუთვნოდეს და აკეთოს ის საქმე, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს. პერინატალური დეპრესიის დროს ქალებს არ აქვთ ძალა, რომ საკუთარ თავს ჰიგიენური კუთხითაც მიხედონ. ამ პატარა ფიზიკურ ცვლილებებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. ქალებმა ჰიგიენას ყურადღება უნდა მიაქციონ, მიუხედავად იმისა, გადიან გარეთ თუ არა. უნდა შევეცადოთ, რომ მოწესრიგებულად ვიყოთ, ისევ ჩვენი თავისთვის.

შევეცადოთ, რომ ჩავრთოთ ოჯახის წევრები და მოვითხოვოთ მხარდაჭერა მათი მხრიდან. მთავარია, ამაზე ლაპარაკის არ შეგვეშინდეს. გავბედოთ, რომ ვისაუბროთ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქალი დააკვირდეს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, როგორ გრძნობს თავს, რა სიამოვნებს, რა უქმნის დისკომფორტს. კარგია გუნება-განწყობის დღიურის წარმოება. თუ ქალი ატყობს, რომ მისი ემოციური ფონი ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის და ის ვეღარ აკეთებს ეფექტიანად საქმეებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტს მიმართოს. ხშირად ფიქრობენ, რომ ეს ბუნებრივია და გაივლის, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაივლის ასე მარტივად. ეს მდგომარეობა შეიძლება ერთი წელი ან მეტი გაგრძელდეს,“- მოცემულ საკითხზე სალომე კაკაბაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველაზე მნიშვნელოვანია არა საჩუქარი ან განებივრება, არამედ ის, თუ შვილთან ურთიერთობის რამდენი მომენტი გვაქვს,“ - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე

ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ მშობლისა და შვილის ურთიერთობებზე საუბრობს. ის იმ ელემენტებს გამოყოფს, რომლებიც მშობელს ბავშვის უკეთ გაცნობაში ეხმარება:

„ბავშვის გაცნობის პროცესი ერთმხრივი არ არის, ის ორმხრივია, მშობლისა და შვილის ურთიერთობაა, რომელიც ოჯახურ დინამიკაში ჯდება. არის ელემენტები, რომლებიც გვეხმარება, რომ დავაფიქსიროთ, ვიცნობთ თუ არა ჩვენს შვილს. მთავარია, ჩვენ მივეხმაროთ ჩვენს თავს, რომ გავიცნოთ საკუთარი თავი. შემდეგ კი ეს ბერკეტები გამოვიყენოთ ბავშვის დასახმარებლად, რომ გაიცნობს თავისი თავი. ჩვენი ურთიერთობა ამაზე უნდა ავაწყოთ. რა არის ბავშვის გაცნობის ინდიკატორი? მაგ. თქვენ უყიდით შვილს ნივთს, მას კი საჩუქარი მოეწონება. არის თუ არა ეს იმის ინდიკატორი, რომ ბავშვს იცნობთ?! ეს პროცესი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ფლირტი. როდესაც შეყვარებული ცდილობს მის რჩეულს თავი მოაწონოს, რას აკეთებს იმის გასაგებად, თუ რა მოსწონს მისთვის საყვარელ ადამიანს? მას მენიუ აქვს შედგენილი, იცის როგორი სუნამო მოეწონება მის რჩეულს, სად შეიძლება წაიყვანოს, მუსიკა მოსწონს თუ მხატვრობა. ბავშვთანაც ზუსტად იგივე პროცესია. ეს შეყვარების და თავის მოწონების პროცესი ბევრად მარტივია მშობლისთვის. თუმცა შეიძლება ეს პროცესი გართულდეს, თუ მშობელს სხვა ამოცანები დაუდგება წინ. ჩვენ მივყვებით ბავშვის მხრიდან გამოხატულ საჭიროებებს და ინტერესებს, ყველაფერს ვინიშნავთ. მაგ. ამას მწვანე ვაშლი მოსწონს, ყაბაყი მოსწონს, იმას შორტები მოსწონს, იმას ბრიჯები მოსწონს. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ჩვენი შვილი შევამჩნიეთ.“

ნინო გოგიჩაძის თქმით, ბავშვთან დაახლოების პროცესზე მშობლის არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობა გავლენას ვერ ახდენს:

„ეს პროცესი არ არის დაკავშირებული მატერიალურ მდგომარეობასთან. ხშირად აღმოჩნდება, რომ ვისაც მატერიალური შესაძლებლობა აქვს, ის მშობელი შვილს ფულს აძლევს და ბავშვი თვითონ ყიდულობს, რაც უნდა. ამ დროს მშობელმა საერთოდ არ იცის, ბავშვს რა ინტერესები აქვს. ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ მატერიალური კეთილდღეობის პირობებში მშობელი დისტანცირებულია შვილისგან. თუმცა როდესაც მშობელს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვს, მას საკუთარი თავის გაგებაც უჭირს და შვილის გაგების პრობლემებიც არის. მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ იზრუნოს შვილზე ან გულისყურით შეხედოს ბავშვს, რის გამოც უგულებელყოფის მომენტი დგება.“

ნინო გოგიჩაძე აღნიშნავს, რომ ურთიერთობაში მშობელმა ბავშვის ინტერესები უნდა ამოიცნოს:

„ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ და ამოვიცნოთ, ამასთან ბავშვს ვაჩვენოთ, რომ დავინახეთ და ამოვიცანით. მომენტი უნდა შევარჩიოთ, როდესაც შვილს ვეტყვით და გავუზიარებთ, რაც დავინახეთ ან შევამჩნიეთ. მთავარია, ურთიერთობის პროცესში შევიდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია არა საჩუქარი ან განებივრება, არამედ ის, თუ რამდენი მომენტი გვაქვს შვილთან ურთიერთობის, რა შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, რაც ორივესთვის სასიამოვნოა.“

„ზოგჯერ ჩვენი შვილები ჩვენთვის აკეთებენ რაღაცას. რთულია ეს შვილისთვის. როდესაც ბავშვი დედის ან მამის ხათრით მიირთმევს, ან თევზს ჭამს ბაბუას ხათრით. ნიშნავს ეს, რომ ბავშვს ვიცნობთ? რაღაც კუთხით ნამდვილად ნიშნავს, რომ ვიცნობთ. ბავშვებს გამბედაობა აკლიათ, რომ რაღაც ახალი გაიგონ და გასინჯონ. შეიძლება ეს იყოს ხიდი, რითიც მივეხმარებით მათ, ვუბიძგებთ შემეცნებისკენ. უსაფრთხო გარემოში ვეუბნებით ბავშვს, რომ რაღაც გასინჯოს, იქნებ მოეწონოს. გარდა იმისა, რომ შვილს უნდა ვიცნობდეთ, უფრო შორსაც უნდა წავიდეთ, ის იმ მიმართულებით უნდა წავიყვანოთ, რაც მისთვის უფრო შესაფერისია. ბავშვს არ მოეთხოვება იცოდეს რაღაცები, რაც, შეიძლება, მშობლის პასუხისმგებლობა იყოს. რა არის იმის ინდიკატორი, რომ მე ჩემს შვილს ვიცნობ? შემიძლია, ვიწინასწარმეტყველო, რას გააკეთებს, მეცოდინება, რომ სკოლაში არ წავა ხვალ, თუ დღეს არ მეცადინეობს, თუ კარგად იმეცადინებს, მეცოდინება, რომ გამოცდებს კარგად ჩააბარებს. თუ ტელეფონზე ბევრს საუბრობს, მივხვდები, რომ ურთიერთობაშია. ეს მე მიადვილებს ამოვიცნო მისი საჭიროებები და მასაც დავეხმარო საკუთარი საჭიროებების ამოცნობაში,“ - აღნიშნავს ნინო გოგიჩაძე.

წაიკითხეთ სრულად