Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ოჯახური სადილები ბავშვებისთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანია

მეცნიერების მტკიცებით, ოჯახური სადილები ბავშვებისთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანია

მეცნიერების მტკიცებით, ოჯახურ სადილებს ყველასთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. როდესაც ბავშვები ერთად მიირთმევენ, ისინი სოციალიზაციას სწავლობენ და შემეცნებითი უნარებიც უვითარდებათ. ოჯახური სადილები ძალიან კარგია როგორც გონების, ასევე სხეულისა და სულისთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სადილობის პროცესს მეტი ყურადღება დავუთმოთ.

დატვირთული ცხოვრების სტილის გამო თანამედროვე ადამიანებს იშვიათად გვრჩება დრო ახლობლებთან დროის მშვიდად გატარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურმა სადილმა სმარტფონების გარეშე, სასიამოვნო საუბრების ფონზე ჩაიაროს.

კვლევებით დასტურდება, რომ საოჯახო სადილების დროს ოჯახის წევრებთან საუბარი ბავშვის ლექსიკონს ხმამაღლა კითხვაზე მეტად ამდიდრებს. კვლევებით დადგინდა, რომ ხმამაღლა კითხვით დასწავლილი 143 ახალი სიტყვის საპირწონედ, მშობლებთან საუბრისას ბავშვი 1 000 ახალ სიტყვას სწავლობს. სადილობისას მშვიდი საუბარი ბავშვს კითხვის მარტივად სწავლსაც უადვილებს.

ოჯახური სადილები ძალიან სასარგებლოა სკოლის ასაკის ბავშვებისთვისაც. კვლევებით დგინდება, რომ ოჯახთან ერთად სადილობა ბავშვს აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მოტივაციას აძლევს. ოჯახური სადილები ამ მხრივ უფრო ეფექტიანია, ვიდრე მეცადინეობა, სასკოლო ან კლასგარეშე აქტივობები.

ოჯახური სადილების დროს ბავშვები უფრო მეტ ბოსტნეულს, ხილსა და სასარგებლო პროდუქტებს იღებენ. ეს არამხოლოდ ბავშვებისთვის არის სარგებლის მომტანი, არამედ ზრდასრულებისთვისაც, რადგან ოჯახურ სადილებზე ისინიც სასარგებლო პროდუქტებით იკვებებიან.

კვლევებით ასევე დგინდება, რომ ოჯახთან ერთად რეგულარულად სადილობა თინეიჯერებში რისკიანი ქცევებისადმი მიდრეკილებას ამცირებს. მათ ნაკლებად აქვთ მიდრეკილება ძალადობისკენ, ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოს მოხმარებისკენ და ადრეული სექსუალური ურთიერთობების დაწყებისკენ.

ოჯახური სადილები ამცირებს სუიციდურ მიდრეკილებებსა და დეპრესიის განვითარების რისკებს. ოჯახური სადილების დახმარებით კიბერბულინგის მსხვერპლი მოზარდები მდგომარეობიდან გამოსვლას გაცილებით სწრაფად ახერხებენ.

ოჯახთან ერთად სადილობა ბავშვის ქცევას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და მის ხასიათზე დადებითად ზემოქმედებს.

ერთად სადილობა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომ გემრიელი კერძის მირთმევის გარდა ოჯახის წევრებს საკუთარი განცდები და ემოციები გაუზიარონ. ოჯახური სადილის დახმარებით ოჯახის წევრებს შორის ძლიერი კავშირები მყარდება, რომელიც თითოეული მათგანისთვის ძალიან სასარგებლოა.

წყარო: ​Youaremom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

წყვილებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია შემდეგი - მხარდაჭერა, ყურადღება, ზრუნვა, გაგება

წყვილებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია შემდეგი - მხარდაჭერა, ყურადღება, ზრუნვა, გაგება

როგორია ჯანსაღი ურთიერთობა და როგორ შეიძლება გადაილახოს სხვადასხვა პრობლემების, ცვლილებებისგან გამოწვეული კრიზისი? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, მარინა ბოსტოღანაშვილი.

როგორია ჯანსაღი ურთიერთობა?

ქალსა და მამაკაცს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არის კომუნიკაცია ორ თვითკმარ ინდივიდს შორის, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე, აქვთ სრულიად გამჭვირვალე და წინასწარ შეთანხმებული მიზნები და ასევე, ეს ურთიერთობა მოიცავს პასუხისმგებლობას აღებულ ვალდებულებებზე. ასეთ ურთიერთობაში ადგილი არ აქვს ემოციური ძალადობის რაიმე გამოვლინებას. ზოგადად, ეს განმარტება ყველაზე ზუსტად აღწერს ორ ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანის ურთიერთობას. ამის განხორციელება რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ რთულია, რადგან ყველას არ შეუძლია სრულად განთავისუფლდეს ფსიქო-ემოციური ტრავმებისგან (რომლებიც ცხოვრების მანძილზე აქვთ მიღებული).

- რას ურჩევდით წყვილებს, როგორ ააწყონ ასეთი ურთიერთობა?

წყვილებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია შემდეგი:

  • მხარდაჭერა - ეს არის პიროვნების ყოფნა და ჩართულობა მისი პარტნიორის ცხოვრებაში. ინტერესის გამოვლენა მნიშვნელოვან მოვლენებზე, სიხარულის გაზიარება და სირთულეების ერთად გადალახვა. პარტნიორის მხარდასაჭერად ადამიანს მოეთხოვება ფიზიკურად მის გვერდით ყოფნა, მზად ყოფნა მოუსმინოს მის აზრებს და საჭიროების შემთხვევაში სასარგებლო რჩევა მისცეს, ყოველთვის დაესწროს პარტნიორისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს
  • ყურადღება - კიდევ ერთი ფორმაა გვერდში დგომის, რომელიც გამოხატულია აქტიურ მოქმედებებში. დღესასწაულების მოლიცვაში, ყოველდღიურ დაინტერესებაში თუ როგორ ჩაიარა მისმა დღემ, როგორ გრძნობს თავს, რამე ხომ არ სჭირდება, რაშიც თქვენ შეძლებთ დახმარებას
  • ზრუნვა - ეს არის პარტნიორის ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. დაწყებული ფიზიკური დახმარებით, დამთავრებული ავადმყოფობის (უმწეობის) პერიოდში მასზე ზრუნვით, რაც გამოიხატება მძიმე ჩანთების გადაადგილების დროს დახმარების გაწევაში, პარტნიორის ორსულობის დროს ფეხსაცმლის ჩაცმის დახმარებაში, ოთახის დასუფთავებაში და ასე შემდეგ
  • გაგება - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის მიღება ისეთი, როგორიც არის. ჩვეულებრივ, აქ იწყება ემოციური ძალადობა, რადგან იმის ნაცვლად, რომ მივიღოთ ადამიანი, როგორიც არის ან დავასრულოთ მასთან ურთიერთობა, ჩვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ და მოვარგოთ ჩვენს ხასიათს.

- ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც ყურადღებას მოითხოვს. რა უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა?

- ქალსა და მამაკაცს შორის ჯანსაღი ურთიერთობა გამორიცხავს ძალადობის ნებისმიერ ფორმას, შესაბამისად, „გაგების“ კონცეფციაში ფსიქოლოგები მოიაზრებენ პარტნიორების უნარს, მიიღონ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც არიან, ასევე აწარმოონ დიალოგი. დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გაარკვიონ ერთმანეთის საჭიროებები, სურვილები და უკმაყოფილებები, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას დარჩნენ ერთად ან მშვიდობიანად დაიშალონ.

რა უწყობს ხელს ჯანსაღ ურთიერთობებს:

1. ორმხრივი დამოკიდებულების განცდა - იმის გაცნობიერება, რომ თქვენი საკუთარი კეთილდღეობა დამოკიდებულია თქვენი პარტნიორის კეთილდღეობაზე, ხოლო თქვენი პარტნიორის კეთილდღეობა დამოკიდებულია თქვენს კეთილდღეობაზე.

2. ნდობა – რწმენა იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორი ხელმძღვანელობის სურვილით არ დაგიშავოს, მაშინაც კი, როცა გაბრაზებულია.

3. პარტნიორებმა განიხილონ თუ რა აწუხებთ. გამოხატონ გრძნობები ისე, რომ არ დააზიანონ ერთმანეთი, გაუგონ და „გაუძლონ” პარტნიორს, რომელიც ,,აფექტის” მდგომარეიბაშია, ხოლო ამ დროს არ განადგურდნენ (არ ჩაიკეტონ, განაწყენდნენ) თავად.

4. პარტნიორისგან პატიების თხოვნის შესაძლებლობა, თუ მან თავისი სიტყვებით ან მოქმედებებით დაგაზიანათ.

5. პარტნიორთან პირდაპირ საუბრის შესაძლებლობა, მათ საჭიროებებსა და სურვილებზე, იმის მოლოდინის გარეშე, რომ ის თავად გამოიცნობს.

6. პარტნიორისგან დახმარების თხოვნა, როდესაც ის შენ გესაჭიროება.

7. პარტნიორის უარის აღქმა ისე, რომ ეს არის მხოლოდ უარი გარკვეულ თხოვნეზე და არა შენი უარყოფა.

8. ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით მოლაპარაკების უნარი და მიღწეული შეთანხმებების შესრულება.

- გრძელვადიანი ურთიერთობა სხვადასხვა ეტაპს გადის და რა თქმა უნდა, სირთულეებსაც აწყდება. როგორ შეიძლება გადაილახოს სხვადასხვა პრობლემების, ცვლილებებისგან გამოწვეული კრიზისი?

ხანგრძლივმა ურთიერთობებმა შეიძლება გაიაროს სხვადასხვა ეტაპი და შეხვდეს სირთულეებს, რაც ნებისმიერი ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილია. თუმცა, ამ სირთულეებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს კრიზისები, რამაც შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა და გაართულოს განვითარება. 

არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც დაგეხმარებათ ამ გამოწვევების დაძლევაში:

1. კომუნიკაცია - გრძელვადიან ურთიერთობაში გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კომუნიკაციაა. პარტნიორები უნდა იყვნენ გულახდილები ერთმანეთთან, გამოხატონ თავიანთი გრძნობები და შეშფოთება განსჯის გარეშე. ეს ხერხი დაგეხმარებათ შექმნათ ნდობით სავსე ურთიერთობა .

2. თანაგრძნობა - ასევე, აუცილებელია პარტნიორის მიმართ თანაგრძნობა და გაგება. ეს ნიშნავს იმას, რომ შეეცადოთ შეხედოთ სიტუაციას მათი პერსპექტივიდან და გაუგოთ მათ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა განსხვავებულად განიცდის სამყაროს. თანაგრძნობას შეუძლია ხელი შეუწყოს კრიზისის გადალახვას და პარტნიორებს შორის ღრმა კავშირი დაამყაროს.

3. პრობლემების გადაჭრის უნარები - პრობლემის გადაჭრის კარგი უნარ-ჩვევების ქონა წყვილებს ეხმარება დაძლიონ ნებისმიერი სირთულე, რომელსაც აწყდებიან ურთიერთობაში. ეს ნიშნავს პრობლემის ძირეული მიზეზის იდენტიფიცირებას, შესაძლო გადაწყვეტილებების შესწავლას და მოქმედების საუკეთესო კურსის არჩევას. წყვილებს შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც მათ წინაშე დგას.

4. მოქნილობა - ასევე მნიშვნელოვანია იყოთ მოქნილი თქვენს ურთიერთობაში.

ცვლილება მუდმივი ფაქტორია ცხოვრებაში და წყვილები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ცვლილებებთან ადაპტირება, უფრო მეტად მიაღწევენ წარმატებას გრძელვადიან ურთიერთობაში. ეს ნიშნავს გახსნილობას, ახალი გამოცდილებისა და საქმის კეთების სხვადასხვა გზებს.

5. მოიძიეთ პროფესიონალური დახმარება - ზოგჯერ წყვილებს შეიძლება დასჭირდეთ გარე დახმარება, ურთიერთობაში არსებული კრიზისის დასაძლევად. ფსიქოთერაპევტს შეუძლია უზრუნველყოს ობიექტური პერსპექტივა და დაეხმაროს ნებისმიერი ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ გრძელვადიან ურთიერთობას შეიძლება შეექმნას სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ ეფექტური კომუნიკაციით, თანაგრძნობით, პრობლემის გადაჭრის უნარებით, მოქნილობით და პროფესიონალური დახმარებით, წყვილებს შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი კრიზისი.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად