Baby Bag

მონტესორის სიჩუმის თამაში, რომელიც ბავშვს სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება და მოთმინებას ასწავლის

მონტესორის სიჩუმის თამაში, რომელიც ბავშვს სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება და მოთმინებას ასწავლის

ბავშვის ერთ საგანზე კონცენტრირება და მისი ყურადღების კონკრეტულ დეტალებზე მიპყრობა ძალიან რთულია. უძრავად ყოფნა ბავშვისთვის თითქმის წამების ტოლფასია. სიმშვიდის შენარჩუნება ისეთი ჩვევაა, რომლის დასწავლა შესაძლებელია. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მონტესორის სიჩუმის თამაშია.

თამაში საკმაოდ მარტივია და ის დროის გარკვეულ მონაკვეთებში მონაწილეების ჩუმად ყოფნას ითვალისწინებს. მისი თამაში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებშიც. ბავშვები სკამებზე ან იატაკზე წრეზე უნდა დავსვათ. მცირეწლოვან ბავშვებში 30 წამიც საკმარისია, ხოლო შედარებით ზრდასრულ ბავშვებს 5 წუთის განმავლობაში შეუძლიათ დუმილის შენარჩუნება.

ბავშვებს უნდა უთხრათ, რომ თამაშის მიზანს სიჩუმეში გარკვეული ხმების გაგონება წარმოადგენს. თამაშის დაწყებისა და დასრულების ნიშნად შეგიძლიათ ზარი დარეკოთ ან ქსილოფონის ხმა გამოიყენოთ. ზოგიერთები პატარა ანთებულ სანთელსაც იყენებენ, რომელსაც ბავშვი თამაშის დასრულების შემდეგ აქრობს. ძალიან კარგია ქვიშის საათის გამოყენებაც.

მას შემდეგ რაც სიჩუმისთვის განკუთვნილი თამაშის დრო ამოიწურება, ბავშვებს უნდა ჰკითხოთ, რისი ხმა გაიგონეს სიჩუმეში. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბავშვების მიერ მოსმენილი ხმები, მით უფრო დაინტერესდებიან ისინი თამაშით.

მნიშვნელოვანია,რომ აქტივობა არ დაუკავშიროთ დასჯას და ბავშვის ცუდ ქცევას, რათა მისთვის ის ნეგატიურ განცდებთან არ იყოს ასოცირებული.

მონტესორის სიჩუმის თამაში აპრობირებული მეთოდია ბავშვების გარკვეული ხნით დასამშვიდებლად. საინტერესო თამაშისთვის შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:

  • ლენტზე რამოდენიმე ზარი ჩამოკიდეთ. ბავშვებს ლენტის ორივე ბოლოზე ხელი მოაკიდებინეთ და დაავალეთ ისე იმოძრაონ, რომ ზარებმა ხმა არ გამოსცენ.
  • შეგიძლიათ ბავშვს თვალი აუხვიოთ, შემდეგ კი რაიმე საგანი იატაკზე დააგდოთ. ბავშვმა უნდა გამოიცნოს, საიდან ჩამოვარდა საგანი და რა ნივთი დაეცა იატაკზე.
  • მცირეწლოვან ბავშვებთან გამოიყენეთ ჩურჩულის მეთოდი. ბაღში მასწავლებელს შეუძლია ბავშვის სახელი ჩურჩულით წარმოთქვას. ბავშვი მასწავლებელთან მივა, მასწავლებელი კი მას ყურში ჩურჩულით შეაქებს იმისთვის, რომ მისი დაძახება გაიგონა. ეს ბავშვს საკუთარი სახელის გაგონებისას ყურადღების გამახვილებას ასწავლის.

ეს მარტივი თამაში ბავშვს შემდეგ სარგებელს მოუტანს:

1. ბავშვი მიზანზე ფოკუსირებას სწავლობს.

2. ბავშვი მოთმინების უნარს გამოიმუშავებს.

3. ბავშვი მშვიდი და კონცენტრირებული ხდება.

4. ბავშვი ფრთხილად სიარულს სწავლობს.

5. ბავშვი სიჩუმისა და სიმშვიდის წუთებით ტკბება.

6. ჯგუფური თამაშისას ბავშვი გუნდურ მუშაობას სწავლობს.

7. ბავშვი ყურადღებით მოსმენას სწავლობს.

8. ბავშვი საკუთარ თავს უკეთ ეცნობა.

9. ბავშვი დეტალების შემჩნევას სწავლობს.

10. ბავშვის შეგრძნებები უფრო მკვეთრი ხდება.

მონტესორის სიჩუმის თამაში ბავშვს თვითდისციპლინის უნარებს უვითარებს და პიროვნულ განვითარებაშიც უწყობს ხელს.

წყარო:​ youaremom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად