Baby Bag

მონტესორის სიჩუმის თამაში, რომელიც ბავშვს სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება და მოთმინებას ასწავლის

მონტესორის სიჩუმის თამაში, რომელიც ბავშვს სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება და მოთმინებას ასწავლის

ბავშვის ერთ საგანზე კონცენტრირება და მისი ყურადღების კონკრეტულ დეტალებზე მიპყრობა ძალიან რთულია. უძრავად ყოფნა ბავშვისთვის თითქმის წამების ტოლფასია. სიმშვიდის შენარჩუნება ისეთი ჩვევაა, რომლის დასწავლა შესაძლებელია. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მონტესორის სიჩუმის თამაშია.

თამაში საკმაოდ მარტივია და ის დროის გარკვეულ მონაკვეთებში მონაწილეების ჩუმად ყოფნას ითვალისწინებს. მისი თამაში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებშიც. ბავშვები სკამებზე ან იატაკზე წრეზე უნდა დავსვათ. მცირეწლოვან ბავშვებში 30 წამიც საკმარისია, ხოლო შედარებით ზრდასრულ ბავშვებს 5 წუთის განმავლობაში შეუძლიათ დუმილის შენარჩუნება.

ბავშვებს უნდა უთხრათ, რომ თამაშის მიზანს სიჩუმეში გარკვეული ხმების გაგონება წარმოადგენს. თამაშის დაწყებისა და დასრულების ნიშნად შეგიძლიათ ზარი დარეკოთ ან ქსილოფონის ხმა გამოიყენოთ. ზოგიერთები პატარა ანთებულ სანთელსაც იყენებენ, რომელსაც ბავშვი თამაშის დასრულების შემდეგ აქრობს. ძალიან კარგია ქვიშის საათის გამოყენებაც.

მას შემდეგ რაც სიჩუმისთვის განკუთვნილი თამაშის დრო ამოიწურება, ბავშვებს უნდა ჰკითხოთ, რისი ხმა გაიგონეს სიჩუმეში. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბავშვების მიერ მოსმენილი ხმები, მით უფრო დაინტერესდებიან ისინი თამაშით.

მნიშვნელოვანია,რომ აქტივობა არ დაუკავშიროთ დასჯას და ბავშვის ცუდ ქცევას, რათა მისთვის ის ნეგატიურ განცდებთან არ იყოს ასოცირებული.

მონტესორის სიჩუმის თამაში აპრობირებული მეთოდია ბავშვების გარკვეული ხნით დასამშვიდებლად. საინტერესო თამაშისთვის შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:

  • ლენტზე რამოდენიმე ზარი ჩამოკიდეთ. ბავშვებს ლენტის ორივე ბოლოზე ხელი მოაკიდებინეთ და დაავალეთ ისე იმოძრაონ, რომ ზარებმა ხმა არ გამოსცენ.
  • შეგიძლიათ ბავშვს თვალი აუხვიოთ, შემდეგ კი რაიმე საგანი იატაკზე დააგდოთ. ბავშვმა უნდა გამოიცნოს, საიდან ჩამოვარდა საგანი და რა ნივთი დაეცა იატაკზე.
  • მცირეწლოვან ბავშვებთან გამოიყენეთ ჩურჩულის მეთოდი. ბაღში მასწავლებელს შეუძლია ბავშვის სახელი ჩურჩულით წარმოთქვას. ბავშვი მასწავლებელთან მივა, მასწავლებელი კი მას ყურში ჩურჩულით შეაქებს იმისთვის, რომ მისი დაძახება გაიგონა. ეს ბავშვს საკუთარი სახელის გაგონებისას ყურადღების გამახვილებას ასწავლის.

ეს მარტივი თამაში ბავშვს შემდეგ სარგებელს მოუტანს:

1. ბავშვი მიზანზე ფოკუსირებას სწავლობს.

2. ბავშვი მოთმინების უნარს გამოიმუშავებს.

3. ბავშვი მშვიდი და კონცენტრირებული ხდება.

4. ბავშვი ფრთხილად სიარულს სწავლობს.

5. ბავშვი სიჩუმისა და სიმშვიდის წუთებით ტკბება.

6. ჯგუფური თამაშისას ბავშვი გუნდურ მუშაობას სწავლობს.

7. ბავშვი ყურადღებით მოსმენას სწავლობს.

8. ბავშვი საკუთარ თავს უკეთ ეცნობა.

9. ბავშვი დეტალების შემჩნევას სწავლობს.

10. ბავშვის შეგრძნებები უფრო მკვეთრი ხდება.

მონტესორის სიჩუმის თამაში ბავშვს თვითდისციპლინის უნარებს უვითარებს და პიროვნულ განვითარებაშიც უწყობს ხელს.

წყარო:​ youaremom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

რწმენის სასწაულებრივ ძალას მეცნიერებიც აღიარებენ

რწმენის სასწაულებრივ ძალას მეცნიერებიც აღიარებენ
მორწმუნე ადამიანებს ეჭვი არასდროს ეპარებოდათ, რომ ლოცვას სამკურნალო ძალა აქვს. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამედიცინო დაწესებულებების უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ ლოცვის დახმარებით ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივება ნამდვილად შეუძლიათ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ლოცვა არამხოლოდ სნეულებებისგან გვიცავს, ის ავადმყოფობის დამარცხებაშიც გვეხმარება.

1500-მდე მაღალი სანდოობის მქონე სამედიცინო კვლევის სიღრმისეული ანალიზით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ძლიერი რწმენა აქვთ და გულმხრურვალე ლოცვა შეუძლიათ, განსაკუთრებული სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღით გამოირჩევიან.

125 კვლევიდან 85-მა დაადასტურა, რომ რელიგიური ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც რწმენა საერთოდ არ აქვს. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ლოცვა სირთულეების დაძლევაში სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებსაც ეხმარება. ადამიანები, რომლებიც ლოცულობენ, აუდიო და ვიზუალური ტესტების შესრულებისას მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ შედეგებს აჩვენებენ.

არ დაგავიწყდეთ !!!

MomsEdu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი რწმენა აქვთ და გულმხურვალედ ლოცვა შეუძლიათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადალხვაც უადვილდებათ, ისინი სტრესს მარტივად უმკლავდებიან. მათი ცხოვრება ოპტიმიზმით არის სავსე, რის გამოც ისინი დეპრესიაში არ ვარდებიან. მორწმუნე ადამიანებს მომავლის იმედი აქვთ, ნაკლებად შფოთავენ და რაც მთავარია, განსაცდელის დროს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას არ ავლენენ.

კვლევებით ასევე დასტურდება, რომ მორწმუნე ადამიანები ძლიერი იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემით გამოირჩევიან. მათ უდიდეს ნაწილს მაღალი არტერიული წნევა არასდროს აწუხებს.

„უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ რწმენას მნიშვნელოვანი სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური სარგებლის მოტანა შეუძლია. რაც კვლევების პროცესში აღმოვაჩინე, გასაოცარი და დაუჯერებელია. „ - აღნიშნავს მკვლევარი ტომ ნოქსი, რომელიც, როგორც თავას ამბობს, აღნიშნული კვლევების დაწყებამდე ათეისტი იყო.

2006 წელს ტეხასის უნივერსიტეტის პოპულაციის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ძლიერია ადამიანის რწმენა, მით მეტია მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ურწმუნო და ძლიერი რწმენის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთმანეთისგან საშუალოდ 7 წლით განსხვავდება. როგორც აღმოჩნდა, მორწმუნე ადამიანები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ.

ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც 5 წლის მანძილზე აკვირდებოდა კალიფორნიაში მცხოვრებ 2000-მდე ასაკოვან ადამიანს, აჩვენა, რომ მორწმუნე ხანდაზმულები რწმენის დეფიციტის მქონე მათივე ასაკის ადამიანებთან შედარებით 36 %-ით მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევიან. ამერიკის გერონტოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც 4000 ხანდაზმულ ადამიანს იკვლევდა, ასევე აჩვენა, რომ ლოცვას ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივების უნარი შესწევს. კვლევით დადასტურდა, რომ რწმენის დახმარებით სიცოცხლეს ის ადამიანებიც იხანგრძლივებენ, რომლებიც ღვთისმსახურებას რეგულარულად არ ესწრებიან.

ამერიკის ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების 2006 წლის დასკვნით, მორწმუნე ადამიანებს ათეისტებთან შედარებით ჯანსაღი არტერიული წნევა აქვთ. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ რწმენას მკერდის კიბოს სწრაფად განკურნების უნარიც შესწევს. ადამიანები ლოცვის წყალობით კორონარული დაავადებებისგან გათავისუფლებასაც ახერხებენ. რწმენას რევმატოიდული ართრიტის განკურნებაც შეუძლია. როგორც აღმოჩნდა, მორწმუნე მშობლების შვილებს ძალიან იშვიათად ემართებათ მენინგიტი.

სან-ფრანცისკოს ცენტრალური საავადმყოფოს მკვლევარებმა გულის სხვადასხვა დაავადების მქონე 393 პაციენტზე ლოცვის გავლენა გამოიკვლიეს. პაციენტების ნაწილის გამოჯანმრთელებისთვის სრულიად უცხო ადამიანები ლოცულობდნენ, რომლებმაც მხოლოდ დაავადებული ადამიანების სახელები იცოდნენ. მიუხედავად ამისა, თითოეული პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მათ ჯანმრთელობის გართულებები არ აწუხებდათ, არცერთ მათგანს პნევმონია არ დაუდგინდა, რაც მთავარია, აღნიშნულ პაციენტებს სამკურნალო მედიკამენტების დოზები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. მკვლევარების ინფორმაციით, ლოცვის დახმარებით პაციენტები დროზე ადრე გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფო სწრაფად დატოვეს.

ადამიანებს, რომლებსაც ლოცვის სამკურნალო ძალის სწამთ, ათეისტები ხშირად დაცინვით უყურებენ, რადგან თვლიან, რომ აბსოლუტურად სარწმუნო მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული მოსაზრებებია. როგორც აღმოჩნდა, რწმენის სასწაულებრივ ძალას მეცნიერებიც აღიარებენ.

მომზადებულია ​newsmax.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად