Baby Bag

ნუ დაელოდებით, როდის გაიზრდება ბავშვი... დისციპლინაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ

ნუ დაელოდებით, როდის გაიზრდება ბავშვი... დისციპლინაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ

დისციპლინის უამრავი განსხვავებული მეთოდი არსებობს, რომლებსაც მშობლები აქტიურად იყენებენ. დისციპლინის ტიპი, რომელსაც მშობელი ირჩევს, იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რა უფრო მუშაობს მათი შვილების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ საზღვრების დაწესება და დისციპლინის ძლიერი სტრატეგიების შემუშავება ადრეული ასაკიდანვე უნდა მოხდეს. მშობლები მცირეწლოვან ბავშვებზე ფიქრობენ, რომ ისინი დისციპლინისთვის მეტისმეტად პატარები არიან და მათ გაზრდას ელოდებიან, რაც, შესაძლოა, შეცდომა იყოს.

ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება მას თვითდისციპლინას აჩვევს, რაც მას სწავლაში ძალიან ეხმარება. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამაზე ზრუნვას, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვისგან მეტი წინააღმდეგობა შეგვხვდება და ქცევის შეცვლაც მეტად გაგვიჭირდება. როდესაც ბავშვი დისციპლინით იზრდება, ეს მისი ცხოვრების წესი ხდება და რადიკალური ცვლილებების განხორციელება საჭირო აღარ არის.

ხშირად, როდესაც დისციპლინაზე ვფიქრობთ, ოჯახში არსებულ წესებს განვიხილავთ, თუმცა მასში ბევრად მეტი რამ უნდა მოვიაზროთ. დისციპლინას, რომელსაც ბავშვებს ვუნერგავთ, ისინი მთელი ცხოვრება თან დაატარებენ და საზოგადოებაში ყოფნისას იყენებენ. დისციპლინა გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე სათამაშო მოედანსა და სკოლაში. თუ ბავშვს დისციპლინას ადრეული ასაკიდანვე არ მივაჩვევთ, სკოლაში წასვლისას მათ არ ექნებათ ქცევის წესები შემუშავებული, რის გამოც ქცევა პრობლემური გახდება. ისინი ისეთ გარემოში აღმოჩნდებიან, სადაც განსაზღვრული წესები მოქმედებს. ბავშვს არ ექნება გამოცდილება, როგორ მოერგოს ამ წესებს.

ვინც თვლის, რომ ადრეულ ასაკში დისციპლინა ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთია, ხშირად დისციპლინას და დასჯას ერთმანეთთან აიგივებს. დისციპლინა საზღვრების დაწესებაა, რაც 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გასაგებია. საზღვრების დადგენა ბავშვს კარგისა და ცუდის გარჩევას ასწავლის, რაც მას ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩაუნერგოთ.

წყარო: ​Moms.com

შეიძლება დაინტერესდეთ

მშვილდოსანი სტატისტიკის მიხედვით საუკეთესო დედამთილია... მას კარგად შეუძლია რძალთან მეგობრობა - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დედამთილებს ახასიათებს

მშვილდოსანი სტატისტიკის მიხედვით საუკეთესო დედამთილია... მას კარგად შეუძლია რძალთან მეგობრობა - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დედამთილებს ახასიათებს

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დედამთილებისთვის დამახასიათებელ ძირითად თავისებურებებსა და თვისებებზე საუბრობს:

ვერძი

ვერძი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული დედამთილი საკმაოდ რთული ხასიათისაა, რადგან ეს ზოდიაქოს ნიშანი საკმაოდ მკაცრია. ასეთ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება რთულია. კარგია, თუ მასთან იმეგობრებთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია. მის შენიშვნას ყოველთვის იუმორით ან სიმშვიდით უნდა უპასუხოთ. მას კონკურენტები არ უყვარს, ამიტომ არ გაუწიოთ კონკურენცია სამზარეულოში ან საყვარელი ადამიანის სიყვარულში.

კურო

თუ მისი ძალიან ახლობელი არ ხართ, პირველ ეტაპზე, შესაძლოა, იყოს ძალიან სიტყვაძუნწი. კუროს ნიშნით დაბადებული ქალები ენაწყლიანები არ არიან. ეს არის ადამიანი, რომელიც იდეალურად უძღვება ოჯახს, არის არაჩვეულებრივი კულინარი, უვლის სახლს. შესაძლებელია, უყვარდეს მცენარეები, ჰქონდეს ბაღი. ერთადერთი რაც თქვენ მოგეთხოვებათ, არის ის, რომ არ შეიტანოთ მის ოჯახში ქაოსი. დედამთილ კუროს არ მოეწონება რძალი, რომელიც არის ძალიან მფლანგველი და ფულთან მიმართებაში უყაირათო. მას არ უყვარს უთავბოლოდ მლანგველი ადამიანები.

ტყუპები

ერთადერთი რაც ამ ნიშნის დედამთილის რძალს მოეთხოვება, საუბრის მიმართ დიდი სიყვარულია. შესაძლებელია, ტყუპმა დედამთილმა შენიშვნა ძალიან პირდაპირ და უტაქტოდ მოგცეთ, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მას ცუდი განზრახვა არ ამოძრავებს.

კირჩხიბი

კირჩხიბი საკმაოდ რთული დედამთილია. ის შვილებს აღმერთებს. თუ თქვენ არ ზრუნავთ თქვენს მეორე ნახევარზე, შესაძლებელია, ეს გაბრაზების საბაბი გახდეს.

ლომი

ლომი არის კარიერით დაკავებული, აქვს რაღაც საკუთარი საქმე. ხშირ შემთხვევაში ის იქნება ავტორიტეტული ფიგურა. თუ მას არ აქვს საკუთარი პროფესია, ნათესავებში მაინც იქნება აუცილებლად ავტორიტეტი და ჭკუის საკითხავი ადამიანი. სხვების დასანახად ის თქვენთან ყოველთვის კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებს. თუ თქვენ მას შესაბამისი პატივისცემით არ მოეპყრობით, შესაძლებელია თქვენს შორის ბზარი გაჩნდეს. ერთ მარტივ ეშმაკობას გასწავლით, თუ თქვენი დედამთილი არის ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული, ხშირად შეაქეთ.

ქალწული

ქალწულ დედამთილს ძლიერი სითბოს გამოხატვა არ შეუძლია, ამიტომ, შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევარს ბავშვობაში სითბო აკლდა. ეს ყველაფერი თქვენ უნდა აანაზღაუროთ. ქალწული პერფექციონისტია. თუ ქაოსური ადამიანი ხართ, ეს თქვენს შორის კონფლიქტის საბაბი გახდება.

სასწორი

სასწორი ესთეტიკისადმი სიყვარულით გამოირჩევა. ის საკმაოდ ამბიციურია და შეუძლია დიპლომატიით მთელი ოჯახის მართვა. ის თქვენთან კონფლიქტში ღიად არასდროს შემოვა, თუმცა კარგად შეუძლია ცივი ომის წარმოება.

მორიელი

მორიელი დედამთილი თავისი ბუნების გამომჟღავნებას არ ერიდება. ის არის ძალიან რთული. მასთან ურთიერთობაში დაგჭირდებათ აუცილებლად მიდგომა. ეს არის ადამიანი, რომელიც კარგსაც ძალიან კარგად ხედავს და ცუდსაც ძალიან კარგად ხედავს. მას აქვს საოცრად კარგი ინტუიცია, ვერ მოატყუებთ. ჩემი მთავარი რჩევა იქნება, დაიცვათ მასთან გარკვეული დისტანცია. არც ძალიან ახლოს მოუშვათ და არც თქვენ ეცადოთ მის პირად სივრცეში ზედმეტად შეღწევას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი სტატისტიკის მიხედვით საუკეთესო დედამთილია. მას კარგად შეუძლია თქვენთან მეგობრობა. რძლის მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია.

თხის რქა

თხის რქის ნიშანს ტრადიციები უყვარს. თუ ტრადიციებს ვერ ეგუებით, შესაძლოა, კონფლიქტი გქონდეთ მასთან. აუცილებელია, რომ გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენდეთ, თუნდაც თქვენს პროფესიაში.

მერწყული

მერწყული მეგობრული დედამთილია. ის არის ძალიან ჰუმანური და თავისუფლების მოყვარული. ის არასდროს ჩაერევა თქვენს ცხოვრებაში. მას მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ დედამთილთან შეგიძლიათ თამამად იაროთ პირსინგით, ტატუირებით. ის ამ ყველაფერს ძალიან გაგებით შეხვდება.

თევზები

თევზ დედამთილს ბევრ რამეზე შეუძლია თვალი დახუჭოს. ის ემოციური ადამიანია და მისი იმიჯის მიუხედავად, შესაძლებელია, უეცრად მრისხანებაც გამოავლინოს.

წყარო: ​Music Box

წაიკითხეთ სრულად