Baby Bag

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვს ხელის დარტყმის ჩვევა აქვს?

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვს ხელის დარტყმის ჩვევა აქვს?

მშობლები ფიქრობენ, რომ მათი მცირეწლოვანი შვილები ყველაფერს შესანიშნავად იგებენ და ყოველთვის იდეალურად უნდა იქცეოდნენ. დედები ხშირად გაოცებას ვერ მალავენ, როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვი მათ მოულოდნელად ხელს ურტყამს, რადგან მშობლის ნათქვამ სიტყვებს კარგად ვერ იგებს. მშობლების გაოცებას იწვევს, როდესაც მათი შვილი სხვა ბავშვის მიმართ იმავე ქცევას ავლენს.

ბავშვის ჩვევა, რომ ხელი დაარტყას მშობელს, უფროსებში ხშირად გაოცებას, სევდას, ბრაზს, სინანულს და სხვა ნეგატიურ განცდებს იწვევს. მცირეწლოვან ბავშვებში ხელის დარტყმის ჩვევა საკმაოდ გავრცელებულია. თუ ბავშვი ხელს გირტყამთ, არ ნიშნავს, რომ სძულხართ. ეს არც იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ შვილის აღზრდას ვერ ახერხებთ.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მშობელმა გააცნობიეროს, რატომ დაარტყა მას ბავშვმა. ამერიკის პედიატრთა აკადემიის ინფორმაციით, მცირეწლოვან და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში მსგავსი ქცევა თვითკონტროლის ნაკლებობით არის განპირობებული. მიზეზები, რის გამოც მცირეწლოვანმა ბავშვმა შეიძლება ხელი დაგარტყათ, შემდეგია: ის ფიქრობს, რომ ხელის დარტყმით დასახულ მიზანს მიაღწევს, ბავშვს ძლიერი ემოციები აქვს და მათში გარკვევას ასაკის გამო ვერ ახერხებს, ბავშვმა არ იცის, როგორ მიიღოს ის, რაც სურს. ისინი საკუთარი ძალაუფლების საზღვრებს ამოწმებენ, რაც მათი ასაკისთვის ბუნებრივია, ბავშვებს ამ ასაკში ემპათიის განცდა არ აქვთ სათანადოდ განვითარებული.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ, როგორ უპასუხონ ბავშვის მსგავს ქცევას. თუ ბავშვის დარტყმას დარტყმით უპასუხებთ, ის იფიქრებს, რომ ცუდ ქცევაზე პასუხი ცუდი ან უარესი ქცევის ჩადენაა. გირჩევთ ბავშვის მიმართ გამოიყენოთ ფრაზები: „ვხედავ, რომ გაღიზიანებული ხარ...“ „ვხედავ, რომ გრძნობების გამოხატვა გინდა...“ „მესმის, რომ განიცდი...“ ბავშვი უფრო მეტად უსმენს იმ ადამიანებს, რომლებიც მას უსმენენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვაგრძნობინოთ, რომ მისი გვესმის.

მშობლებმა დისციპლინის მიზნით საუბრის მტკიცე ტონი და მკაფიო რეკომენდაციები უნდა გამოიყენონ. მნიშვნელოვანია, წახალისების მიზნით ბავშვის შექებაც. დასჯა ნეგატიური ხასიათის ქმედებაა. თქვენ ბავშვს სჯით ისეთი ქცევის გამო, რომლის უარყოფითი მხარეების შესახებ მან არაფერი იცის.

3 წლამდე ასაკის ბავშვებს დასჯის არსი არ ესმით. საზღვრების დაწესება გაცილებით სწორი მიდგომაა, ვიდრე დასჯა. ბავშვების უდიდესი ნაწილი მკაფიოდ, მშვიდად ახსნილ და განმარტებულ შეზღუდვებს ემორჩილება.

წყარო: ​moms.com

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.

2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.

ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.

წყარო: ​ncdc.ge

წაიკითხეთ სრულად