Baby Bag

„არავითარ შემთხვევაში არ ველაპარაკოთ ბავშვს ენის მოჩლექით,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში მეტყველების შეფერხებისა და ენაბორძიკობის პრევენციისთვის მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„აუცილებელია ბავშვთან ასაკის შესაბამისი აქტივობები, ასაკის შესაბამისი მეტყველების გამომუშავება. ჩვენ არ უნდა ვესაუბროთ რთული წინადადებებით ბავშვს, რომელიც არის ორი წლის. არავითარ შემთხვევაში არ ველაპარაკოთ ბავშვს ენის მოჩლექით. უბრალოდ ვსაუბრობთ სწორად, გამართულად, მშვიდ ტონალობაში, აუცილებლად ნელა, გარკვევით, არააგრესიულად. ვცდილობთ, რომ ბავშვმა სწორად გადმოსცეს თავისი აზრი.

ენაბორძიკობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების და გარშემომყოფების რეაქციას. როდესაც ბავშვი, რომელსაც აქვს ენაბორძიკობა, იწყებს საუბარს და მშობელი ამ დროს ან დაძაბული უყურებს, ან არ აცდის საუბრის დასრულებას, ბავშვი ამ დროს უფრო მეტად იძაბება და ეს კიდევ უფრო მეტად იწვევს ენაბორძიკობას. ბავშვი უფრო სტრესში ვარდება.

 ძირითადად ხდება ფსიქოლოგების ჩართვა, თუ ეს არის განსაკუთრებით სტრესულ ფონზე განვითარებული, შეიძლება ჩავრთოთ ლოგოპედი, მეტყველების თერაპევტი. თუ არის ნეიროგენული მიზეზით განპირობებული, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება მედიკამენტოზური თერაპია შესაბამისი დანიშნულებით. გააჩნია დიაგნოზს, რა მიზეზის გამო განვითარდა ენაბორძიკობა.

ექვსი თვის ბავშვი, რომელიც იწყებს მარცვლების წარმოთქმას და თუნდაც გაუაზრებლად, მაგრამ ამბობს ორმარცვლიან სიტყვებს, წყვეტილად, მაგრამ ერთი და იგივე მარცვლების გამეორებით, ეს, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება ენაბორძიკობად. ენაბორძიკობა ითვლება უკვე იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვი იწყებს უკვე მეტყველებას და ამ მეტყველების დინამიკურობა ირღვევა. ბავშვი ვეღარ ალაგებს წინადადებას, იწყებს ერთი და იგივე სიტყვის ან მარცვლის გამეორებას, ან აკეთებს პაუზებს მარცვლებს ან სიტყვებს შორის,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი,“ - ყარამან ფაღავა

„ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვის გაკაჟების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმუნიტეტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია:

„საზოგადოებას ვურჩევდი, რომ ვიყოთ იმუნურად მდგრადი. პირველ რიგში, გაკაჟება, გაკაჟება, გაკაჟება. ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, ოთახის განიავება, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი. ცივი შხაპი 3-4 წლიდან უკვე შეიძლება. ეს უნდა მოხდეს თანდათანობით. ერთბაშად კი ნუ ჩავაგდებთ ბავშვს. პატარა ბავშვი ვისაც ჰყავს, აბანაზა უნდა იყოს 37 გრადუსის ნაცვლად 33 გრადუსით. აქაც თავისი წესებია. ამას უნდა შევაჩვიოთ საფეხურებით,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად