Baby Bag

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, გაბრაზების ზღვარზე ყოფნისას თავი შეიკავონ და ბავშვს არ დაუყვირონ:

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი. მიხვედი ზღვარზე, ახლა დაიყვირებ, ან გააგდებ, ან კუთხეში დააყენებ, ამ ზღვარზე ხარ. იქ უნდა გაჩერდე. უნდა გაითვალისწინო, რომ თვითონ დიდი ხარ და ბავშვი პატარაა. გამოსავალი არის! იმას თუ არ ეყურება, მე ხომ მეყურება. თუ დავეშვები და მისი სიმაღლიდან დავუწყებ ლაპარაკს, ერთმანეთს გავუგებთ. იმის ენაში უნდა შევიდე, იმის მოთხოვნილებებში უნდა შევიდე. უნდა შევიდე მის ხასიათში და მან უნდა მიმიღოს. როდესაც ერთნი გახდებით, იქ შეიძლება უთხრა: „შვილო, ნუ წახვალ გეხვეწები,“ როდესაც მეგობართან უნდა წასვლა ბავშვს, მაგრამ არ გინდა, რომ წავიდეს. ამ დროს ბავშვი გამგები ხდება. ის ასეთი გამგებია თანატოლებთან და არა დიდებთან. მე უნდა გავუხდე ის თანატოლი, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუგებს. ეს გამოსავალია.

როდესაც ზღვარზე ხარ, სადღაც სავარძელი გედგას, გადექი და ატირდი ცრემლებით, ხომ მაინც გეცრემლება გული. შენმა ბიჭმა თუ გოგომ გიყუროს: „რა ვუქენი დედაჩემს?“ რაც მის თავსა და გულში მოხდება, ეს უკვე აღზრდის პროცესია. აღზრდის ქიმია მიმდინარეობს. ბავშვი თავის თავს სჯის, რცხვენია, ერიდება. ცრემლები მეთოდია აღზრდისა და სულსაც წმენდს.

საღამოთი რომ დააწვენ ბავშვს, უთხარი: „შვილო, როგორი მყევხარ. დიდი ბოდიში, რომ დღეს ასე მოხდა და იქნებ ასე ვიცხოვროთ. შენ მასწავლე, როგორ ვიცხოვროთ.“ თუ ბავშვი მუქარით წავიდა: „წადი, ახლავე დახუჭე თვალები, ძილის დროა!“ მისი სული ფორიაქდება. თუ ცუდი ზღაპრები უამბეთ ბავშვს, ვიღაცამ ვიღაც დაგლიჯა, ვიღაც მოიტაცეს, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. მას რაღაც კეთილი უნდა გაატანო, ლოცვები, იავნანა. შეიძლება ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩაურთოთ ბავშვს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ჩვენ ვიბადებით, აღარ ვართ დედის სხეულში, ჩვენ მაინც ვტოვებთ დედის სხეულში რაღაცას და განვაგრძობთ არსებობას მასში“

„როდესაც ჩვენ ვიბადებით, აღარ ვართ დედის სხეულში, ჩვენ მაინც ვტოვებთ დედის სხეულში რაღაცას და განვაგრძობთ არსებობას მასში“

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე დედის დღესთან დაკავშირებით ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. „როდესაც ჩვენ ვიბადებით, აღარ ვართ დედის სხეულში, ჩვენ მაინც ვტოვებთ დედის სხეულში რაღაცას და განვაგრძობთ არსებობას მასში“ - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

„მთელ მსოფლიოში თითქმის ყოველდღიურად კვდება 800 ქალი უშუალოდ ფეხმძიმობის ან მშობიარობის გამო. კვდებიან ფეხმძიმობის ან მშობიარობის დროს დროს არსებული ინფექციების, მაღალი წნევის, სისხლდენების, თრომბოზების გართულების შედეგად. ქალი როდესაც ფეხმძიმდება, საკუთარ სიცოცხლეს აყენებს ძალიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ საბოლო ჯამში გავჩნდეთ - მათი შვილები. დედობა თავიდანვე მაღალი პასუხისმგებლობაა. ისინი სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ ჯანმრთელობას  ფაქტობრივად დებენ სასწორზე, რომ ჩვენ დავიბადოთ, ხომ ხვდებით ეს რამდენად ღირებული მომენტია,“ - დასძინა გიორგი ღოღობერიძემ. 

ძალიან ბევრი დედა პურის პატარა ფრაგმენტსაც შვილს მისცემს, რომ შვილი იყოს მაძღარი და კმაყოფილი, თვითონ კი უარს იტყვის, თვითონ იქნება მშიერი.  როგორც გიორგი ღოღობერიძე აღნიშავს, ეს თვისება დედებს არა აქვთ შვილის დაბადების შემდეგ, მათ ეს თვისება ჯერ კიდევ დნმ-ში აქვთ, როდესაც ჩვილი  ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოშია:

„ქალი, რომელიც ფეხმძიმდება, მისი სხეული, მისი პლაცენტა წარმოქმნის ძალიან სერიოზულ ჰორმონს - პლაცენტის ლაქტოგენს. ეს ჰორმონი დედის სხეულს ართმევს საკვებს, რომ მთელი საკვები დედის უჯრედებმა კი არ მიიღოს, არამედ ნაყოფმა, რომ ნაყოფი გაიზარდოს, იყოს გამოკვებილი,“ - აღნიშნავს ექიმი რეზიდენტი ვიდეო პოსტში. 


წაიკითხეთ სრულად