Baby Bag

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, გაბრაზების ზღვარზე ყოფნისას თავი შეიკავონ და ბავშვს არ დაუყვირონ:

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი. მიხვედი ზღვარზე, ახლა დაიყვირებ, ან გააგდებ, ან კუთხეში დააყენებ, ამ ზღვარზე ხარ. იქ უნდა გაჩერდე. უნდა გაითვალისწინო, რომ თვითონ დიდი ხარ და ბავშვი პატარაა. გამოსავალი არის! იმას თუ არ ეყურება, მე ხომ მეყურება. თუ დავეშვები და მისი სიმაღლიდან დავუწყებ ლაპარაკს, ერთმანეთს გავუგებთ. იმის ენაში უნდა შევიდე, იმის მოთხოვნილებებში უნდა შევიდე. უნდა შევიდე მის ხასიათში და მან უნდა მიმიღოს. როდესაც ერთნი გახდებით, იქ შეიძლება უთხრა: „შვილო, ნუ წახვალ გეხვეწები,“ როდესაც მეგობართან უნდა წასვლა ბავშვს, მაგრამ არ გინდა, რომ წავიდეს. ამ დროს ბავშვი გამგები ხდება. ის ასეთი გამგებია თანატოლებთან და არა დიდებთან. მე უნდა გავუხდე ის თანატოლი, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუგებს. ეს გამოსავალია.

როდესაც ზღვარზე ხარ, სადღაც სავარძელი გედგას, გადექი და ატირდი ცრემლებით, ხომ მაინც გეცრემლება გული. შენმა ბიჭმა თუ გოგომ გიყუროს: „რა ვუქენი დედაჩემს?“ რაც მის თავსა და გულში მოხდება, ეს უკვე აღზრდის პროცესია. აღზრდის ქიმია მიმდინარეობს. ბავშვი თავის თავს სჯის, რცხვენია, ერიდება. ცრემლები მეთოდია აღზრდისა და სულსაც წმენდს.

საღამოთი რომ დააწვენ ბავშვს, უთხარი: „შვილო, როგორი მყევხარ. დიდი ბოდიში, რომ დღეს ასე მოხდა და იქნებ ასე ვიცხოვროთ. შენ მასწავლე, როგორ ვიცხოვროთ.“ თუ ბავშვი მუქარით წავიდა: „წადი, ახლავე დახუჭე თვალები, ძილის დროა!“ მისი სული ფორიაქდება. თუ ცუდი ზღაპრები უამბეთ ბავშვს, ვიღაცამ ვიღაც დაგლიჯა, ვიღაც მოიტაცეს, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. მას რაღაც კეთილი უნდა გაატანო, ლოცვები, იავნანა. შეიძლება ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩაურთოთ ბავშვს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეუღლეებიდან, როდესაც ერთ-ერთი გარდაიცვლება, როგორც წესი, კაცი ვერ ძლებს, ორ წელიწადში კვდება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„მეუღლეებიდან, როდესაც ერთ-ერთი გარდაიცვლება, როგორც წესი, კაცი ვერ ძლებს, ორ წელიწადში კვდება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

​​ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მუდმივად ცუდად მყოფი ადამიანებისა და ნეგატივის გავრცელების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მუდმივად ცუდად ყოფნა ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ფორმაა:

„ეს არის რეალიზაციისა და ყურადღების მიქცევის საჭიროება. ყურადღების დეფიციტი მაქვს და სხვა რამით ვერ ვიქცევ ყურადღებას. შინაარსები განსაზღვრავენ შენს ბედნიერებას და ყოფას. რა თქმა უნდა, ბავშვობა შეიძლება დამჭირდეს, რომ რაღაც გავარკვიო თქვენთან. ვისაც უყვარს ფსიქოანალიზი და ფროიდით დაავადდა, ყველაფერზე ჩადიან ბავშვობამდე. ხანდახან პრობლემა წყდება ბავშვობის გარეშეც. როდესაც ადამიანს კლაუსტროფობია აქვს, წავიდა ფსიქოანალიტიკოსთან, იმან აღმოუჩინა, რომ ბავშვობაში მამა ეზიზღებოდა. ერთი პრობლემით მივიდა და გამოვიდა ორი პრობლემით. არ არის აუცილებელი, რომ ბავშვობაში ჩავიდე.“

ზურა მხეიძის თქმით, ნეგატიურ ემოციას გამრავლება ახასიათებს:

„ნეგატიურ ემოციას ახასიათებს გამრავლება. ნეგატიურ ემოციას არ უყვარს მარტო დარჩენა. ნ​ეგატივის მოსმენა აპროვოცირებს ა​ნალოგიური ტიპის განცდებს, რაც შენ გქონია. ვთქვათ, რაღაც უბედურება მოხდა, ეს ნეგატიური ინფორმაციაა, მაგრამ მისი დამძიმება შეიძლება მიწოდების ფორმის შესაბამისად. ევროპის ქვეყნებში ტელევიზორში სისხლის ჩვენება საერთოდ არ შეიძლება.“

​მეუღლეებიდან, როდესაც ერთ-ერთი გარდაიცვლება, როგორც წესი, კაცი ვერ ძლებს, ორ წელიწადში კვდება. იმიტომ, რომ ის ძალიან ძვირფას ადამიანს კარგავს. ამიტომ არის, ბაბუას და შვილიშვილს რატომ უყვართ ერთმანეთი? იმიტომ, რომ ბაბუამ ფუნქცია დაინახა ბავშვში. როდესაც ვუფრთხილდებით ხოლმე ასაკში შესულ ადამიანებს, გვგონია, რომ მეტ პატივს ვცემთ. არა, არ არის ასე. მე არ ვამბობ, რომ დატვირთონ, მაგრამ საქმე უნდა ჰქონდეს ადამიანს, უნდა მოვუფიქროთ რამე,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ ისაუბრა.

წყარო: ​„რა დროს ძილია“

წაიკითხეთ სრულად