Baby Bag

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, გაბრაზების ზღვარზე ყოფნისას თავი შეიკავონ და ბავშვს არ დაუყვირონ:

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი. მიხვედი ზღვარზე, ახლა დაიყვირებ, ან გააგდებ, ან კუთხეში დააყენებ, ამ ზღვარზე ხარ. იქ უნდა გაჩერდე. უნდა გაითვალისწინო, რომ თვითონ დიდი ხარ და ბავშვი პატარაა. გამოსავალი არის! იმას თუ არ ეყურება, მე ხომ მეყურება. თუ დავეშვები და მისი სიმაღლიდან დავუწყებ ლაპარაკს, ერთმანეთს გავუგებთ. იმის ენაში უნდა შევიდე, იმის მოთხოვნილებებში უნდა შევიდე. უნდა შევიდე მის ხასიათში და მან უნდა მიმიღოს. როდესაც ერთნი გახდებით, იქ შეიძლება უთხრა: „შვილო, ნუ წახვალ გეხვეწები,“ როდესაც მეგობართან უნდა წასვლა ბავშვს, მაგრამ არ გინდა, რომ წავიდეს. ამ დროს ბავშვი გამგები ხდება. ის ასეთი გამგებია თანატოლებთან და არა დიდებთან. მე უნდა გავუხდე ის თანატოლი, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუგებს. ეს გამოსავალია.

როდესაც ზღვარზე ხარ, სადღაც სავარძელი გედგას, გადექი და ატირდი ცრემლებით, ხომ მაინც გეცრემლება გული. შენმა ბიჭმა თუ გოგომ გიყუროს: „რა ვუქენი დედაჩემს?“ რაც მის თავსა და გულში მოხდება, ეს უკვე აღზრდის პროცესია. აღზრდის ქიმია მიმდინარეობს. ბავშვი თავის თავს სჯის, რცხვენია, ერიდება. ცრემლები მეთოდია აღზრდისა და სულსაც წმენდს.

საღამოთი რომ დააწვენ ბავშვს, უთხარი: „შვილო, როგორი მყევხარ. დიდი ბოდიში, რომ დღეს ასე მოხდა და იქნებ ასე ვიცხოვროთ. შენ მასწავლე, როგორ ვიცხოვროთ.“ თუ ბავშვი მუქარით წავიდა: „წადი, ახლავე დახუჭე თვალები, ძილის დროა!“ მისი სული ფორიაქდება. თუ ცუდი ზღაპრები უამბეთ ბავშვს, ვიღაცამ ვიღაც დაგლიჯა, ვიღაც მოიტაცეს, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. მას რაღაც კეთილი უნდა გაატანო, ლოცვები, იავნანა. შეიძლება ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩაურთოთ ბავშვს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა“

რას ნიშნავს უსაფრთხო ზაფხული ბავშვებისთვის? - აღნიშნულ თემებზე პედიატრი ეკა უბერი საუბრობს. 

მისი თქმით, 10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა:

„10-იდან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა - ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში არის სიფრთხილე საჭირო, რადგან დადგენილია, რომ მათთან კანის ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკი 1\200 არის. თუ აუცილებლობა არ არის 10-დან 6-მდე არ გაიყვანოთ პატარები გარეთ და თუ ბავშვის გაყვანა მაინც გიწევთ, აუცილებლად კანის დამცავია საჭირო. ასევე, სასურველია, ბავშვს ღია ფერის და გრილი ტანსაცმელი ეცვას...“ - აღნიშნავს პედიატრი.

 

წაიკითხეთ სრულად