Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ეტაპზე ძირითადად ცირკულირებს ორი ვირუსი: ძველი გრიპის ვირუსი და ადენოვირუსული ინფექცია,“- პედიატრი ფიქრია ჟვანია

„ამ ეტაპზე ძირითადად ცირკულირებს ორი ვირუსი: ძველი გრიპის ვირუსი და ადენოვირუსული ინფექცია,“- პედიატრი ფიქრია ჟვანია

პედიატრმა ფიქრია ჟვანიამ ამ ეტაპზე საქართველოში გავრცელებული ორი ვირუსის შესახებ ისაუბრა:

„ამ ეტაპზე, ამ სეზონზე ცირკულირებს ძირითადად ორი ვირუსი: ეს არის ძველი გრიპის ვირუსი და ადენოვირუსული ინფექცია, მაგრამ ეს არ არის ის ადენოვირუსი, რომელიც მწვავე ჰეპატიტებს იწვევს. ზოგადად ადენოვირუსი იყო მუდმივად, ის მუდმივად იყო გამომწვევი ზედა სასუნთქი გზების ინფექციების, კონიუნქტივიტის, ანუ თვალის ანთების,რინიტის, ლიმფური ჯირკვლების შესიების. მას ძირითადად ეს ახასიათებს.

რამოდენიმე შემთხვევაში ჩვენ მოვახდინეთ ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის იდენტიფიცირება, რომელიც ცირკულირებდა ბოლო 3-4 წელია და რომელზედაც გვქონდა ვაქცინაცია გრიპის საწინააღმდეგო. წელს იყო ვაქცინაციის ყველაზე დიდი ჩავარდნა, იმიტომ, რომ ის ემთხვეოდა კოვიდზე ვაქცინაციას და ბევრმა ადამიანმა თავი შეიკავა გრიპის ვაქცინის გაკეთებისგან. ეს ბუმი ამიტომაც გვაქვს. ჩავარდნილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შეცვლილია ჩვენი იმუნიტეტი და შეცვლილია ვირუსიც. გენეტიკურად იდენტიფიკაცია რომ მოახდინეს ამ ვირუსის, ის იგივე სიძლიერითაა, რაც იყო 2011 წელს,“- მოცემულ საკითხზე ფიქრია ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად