Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის სწორი, რომ ვეგეტარიანული კვება არ არის სრულფასოვანი კვება,“- დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

„არ არის სწორი, რომ ვეგეტარიანული კვება არ არის სრულფასოვანი კვება,“- დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც ვეგეტარიანული კვების დროს ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ:

„არ არის სწორი, რომ ვეგეტარიანული კვება არ არის სრულფასოვანი კვება. ვეგეტარიანელმა ადამიანმაც, რომელიც უარს ამბობს ხორცპროდუქტების მიღებაზე, შესაძლებელია ადეკვატური რაოდენობით მიკრო და მაკრო ელემენტები მიიღოს. ცხოველური პროდუქტები ყველაზე მეტად მდიდარია კალციუმითა და ცხიმოვანი მჟავებით. ამ კუთხით ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ. რძის პროდუქტები საუკეთესო ვარიანტია იმ მხრივ, რომ რძე კალციუმით ყველაზე მდიდარია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ თხილეულზე, ნუშზე, კაკალზე. კაკალი ყველაზე მდიდარია ომეგა 3-ით. 14 ცალი კაკალი 2,5 გრამ ომეგა 3-ს შეიცავს. დღიური ადეკვატური რაოდენობა ომეგა 3-ის, 1,6 გრამია მამაკაცისთვის, 1,1 გრამი ქალბატონისთვის. 7 ცალი კაკალი რომ მიიღოს ადამიანმა, დღიური ადეკვატური რაოდენობა ექნება ომეგა 3-ის.

ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული ზეთზე. ზეითუნის ზეთი არის მდიდარი ცხიმოვანი მჟავებით. ასევე მითია, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება შესაწვავად. გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები მაღალ ტემპერატურაზე შეწვის პირობებში რეზისტენტულები არიან. ზეითუნის ზეთი დიდი რაოდენობით გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. ჩვენ რომ ზეითუნის ზეთში შევწვათ ბოსტნეული, აბსოლუტურად მისაღებია მისი მირთმევა. ის არ კარგავს თვისებებს,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

წაიკითხეთ სრულად