Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით უფროსი თაობის რჩევებს გაგებით მოეკიდეთ და თავშეკავებით შეხვდით - ევგენი კომაროვსკის რჩევები ახალგაზრდა მშობლებს

ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით უფროსი თაობის რჩევებს გაგებით მოეკიდეთ და თავშეკავებით შეხვდით - ევგენი კომაროვსკის რჩევები ახალგაზრდა მშობლებს

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ახალგაზრდა მშობლებს ურჩია, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით უფროსი თაობის წარმომადგენლების რჩევებს გაგებით მოეკიდონ:

უფროსი თაობის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, აქტიურად შეეცდებიან ბავშვის მოვლის საკითხებზე საკუთარი გამოცდილების თქვენთვის გაზიარებას. მათი გამოცდილების მადლიერებით მიღების პარალელურად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბოლო 20-40 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის წესები და ტექნიკა პრინციპულად შეიცვალა.

თანამედროვე მშობლებს უამრავი დამხმარე საშუალება აქვთ, რაც მათ ცხოვრებას უმსუბუქებს: სარეცხი მანქანა, ერთჯერადი საფენები, მშრალი და სველი ხელსახოცები, რადიო და ვიდეო ძიძები, ელექტრონული თერმომეტრი, სტერილიზატორები, ფაფები, საბავშვო საკვების ფართო არჩევანი, თანამედროვე ტანსაცმელი (განსაკუთრებით ზამთრის), სათამაშოები, დასაბანი საშუალებები, საბავშვო კოსმეტიკა და სხვა უამრავი რამ, რაზეც თქვენი ბავშვების ბებოებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ. ისინი ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ზოგჯერ ბავშვის ავადობისას საავადმყოფოში წასვლა საჭირო არ იქნებოდა, რადგან სახლში დედებს ექნებოდათ ჰაერის დამატენიანებელი, საბავშვო ცხვირის წვეთები და ა.შ.

ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით უფროსი თაობის რჩევებს გაგებით მოეკიდეთ და თავშეკავებით შეხვდით, ნუ იქნებით ირონიულები და ნუ დაანახვებთ მათ თქვენს ირონიულ ღიმილს.

წარმოიდგინეთ, როგორ ინსტრუქციებს მისცემს პეიჯერის მფლობელი ადამიანს, რომელიც სმარტფონს იყენებს. წარმოიდგინეთ? მაშინ, გაიღიმეთ და უთხარით უფროს ადამიანს მადლობა.

თქვენ უნდა იმუშაოთ იმაზე, რომ თქვენს შვილებსა და თქვენი შვილების ბებიებს სრულიად სხვა გამოცდილება გაუზიაროთ: ეს თანამედროვე, ბედნიერი მშობლობის გამოცდილებაა, რომელიც არ გულისხმობს 24-საათიან მუხლჩაუხრელ შრომას, არამედ ბედნიერებას და სიამოვნებას ანიჭებს მშობელს.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად