Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

3 უდიდესი შეცდომა, რომელსაც წონაში კლების დროს ვუშვებთ - ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე

3 უდიდესი შეცდომა, რომელსაც წონაში კლების დროს ვუშვებთ - ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე

ენდოკრინოლოგმა ანა ჭოხონელიძემ იმ სამი უდიდესი შეცდომის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ადამიანები წონაში კლების დროს უშვებენ:

​ადამიანებს ძალიან უნდათ, რომ დაიკლონ წონაში. ამ დროს თითქოს ლოგიკურია, რომ არ უნდა ჭამონ. ეს არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა და სავალალოც, რადგან შიმშილს ახასიათებს უკუეფექტი. ნებისმიერ ორგანიზმს აქვს ჰომეოსტაზი, რაც კომფორტულია ნებისმიერი ორგანიზმისთვის. როდესაც ადამიანი ცდილობს წონაში დაკლებას შიმშილით, ის სტრესში აგდებს ორგანიზმს. ამ დროს მკვეთრი ცვლილება ხდება. ის იკლებს წონაში. მას შემდეგ, რაც ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, შესაძლებელია, რომ მან ორმაგად მოიმატოს წონაში. ორგანიზმს ეშინია, რომ ისევ შიმშილის ფაზაში ჩავარდება და იგროვებს მარაგს.“

ანა ჭოხონელიძის თქმით, დიეტის დროს რაციონიდან პურის ამოღება შეცოდმაა:

​დიეტა ყველასთვის ასოცირდება რაციონიდან პურის ამოღებასთან. ამბობენ, რომ არ ჭამენ პურს, მაგრამ ჭამენ ხაჭაპურს. ესეც არის სტრესული ორგანიზმისთვის. ადამიანის ნორმალური ყოფა ითვალისწინებს მრავალი სახეობის პროდუქტს. როდესაც ჩვენ ერთი სახეობის პროდუქტს ვიღებთ, ესეც შეიძლება ორგანიზმმა აღიქვას როგორც სტრესი.“

„მესამე ყველაზე დიდი შეცდომა არის ერთხელ ჭამა. ამბობენ ხოლმე, რომ ერთხელ ჭამენ და ნეტა რა გვასუქებსო. როდესაც ადამიანი ჭამს დღეში ერთხელ, მას უფრო მეტად შივდება, ვიდრე დღეში 3-4-ჯერ ჭამისას. ძალიან მოშიებულზე ის უფრო​ მეტი რაოდენობის საკვებს იღებს. ყოველ შემდეგ ჯერზე ერთჯერადად გაბერილი კუჭი ითხოვს უფრო მეტ საკვებს იმისთვის, რომ დანაყრდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა ჭოხონელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

წაიკითხეთ სრულად