Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები, ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა, ჰემოგლობინი მატულობს,“ - ყარამან ფაღავა

„მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები, ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა, ჰემოგლობინი მატულობს,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ​ბავშვის ჯანმრთელობაზე მთის კურორტების დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და იმ უპირატესობებს გაუსვა ხაზი, რომელიც აღნიშნულ კურორტებს გამოარჩევს:

„სამედიცინო თვალსაზრისით, მთას შესაძლებელია მეტი უპირატესობა ჰქონდეს, ვიდრე ზღვას. დადგენილია და ცნობილია, რომ მთიანეთში მცხოვრები ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დაბლობში მცხოვრები ადამიანები. მთის ჰაერი გამაჯანსაღებელია. ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ ჟანგბადი სიცოცხლის სათავეა, მაგრამ ზედმეტი ჟანგბადიც არ ვარგა. ჟანგბადის კონცენტრაცია როდესაც ცოტა დაბალია, ეს უკეთესიც არის. საშუალო მაღალმთიანეთში, 1000 მეტრიდან 1500 მეტრამდე, ჩვენ გვაქვს ჟანგბადის გარკვეული ნაკლოვანება, რაც უკეთესად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.“

ყარამან ფაღავას თქმით, მთაში დასვენებისას ჰემოგლობინი მატულობს:

„პირველ რიგში, ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის და ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა და ჰემოგლობინი მატულობს. მეორე ამბავია, რომ მადა უმჯობესდება. ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაც უმჯობესდება. ყველა ასაკში გვინდა დაწყნარება. ​მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები. საერთოდ ძალიან კარგია შორს რომ გავიხედოთ. ეს კარგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, თვალებისთვის, ცენტრალური ნერვული სისტემისთვის.“

ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ მთაში ყოფნისას ბუნებრივი ანტიბიოტიკების დახმარებით ბავშვის ფილტვები იწმინდება:

„სხვადასხვა სურნელით სავსე ჰაერს სუნთქავს ბავშვი და ​ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ფიტოციდები, რაც კი სიბინძურეა ფილტვებში, წმენდს. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ალერგიაზე, ალერგენებზე, რომლებიც ასთმას იწვევს. რაც უფრო მაღლა ავდივართ მთაში, მათი კონცენტრაცია უფრო დაბალია.“

​მთაში როდესაც აგვყავს ბავშვი, ხდება ფილტვების სანაცია, გაჯანსაღება. ანატომიას რომ ვსწავლობდი გვიჩვენეს ქალაქის მაცხოვრებლის ფილტვი, გაშავებულია სულ. ფილტვის სრული გაწმენდა ვერ მოხდება მთაში, მაგრამ მაინც გარკვეულ გაწმენდას აქვს ადგილი,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად