Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს დაახლოებით 50-80 ან 100 სიტყვამდე მარაგი,“ - ლიკა მერაბიშვილი

„ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს დაახლოებით 50-80 ან 100 სიტყვამდე მარაგი,“ - ლიკა მერაბიშვილი

ფსიქოლოგიის დოქტორმა ლიკა მერაბიშვილმა ბავშვებში მეტყველების განვითარების შეფერხების პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის მეტყველების განვითარება მუცლადყოფნის ეტაპზე იწყება:

„მეტყველების განვითარება მუცლადყოფნის ეტაპზე იწყება, როდესაც გარშემომყოფების საუბარი ესმის ნაყოფს. როდესაც ბავშვი იბადება, ორი თვის ასაკში რა ხმასაც გამოსცემს, ამას ეძახიან ღუღუნს. ოთხი თვის ასაკში ბავშვი გამოთქვამს ბგერებს: „და-და“ და ა.შ. ამას ჰქვია უკვე ტიტინი. რვა თვის ასაკიდან შეიძლება, რომ წამოისროლოს სიტყვები. ეს სიტყვები არის არამიზანმიმართული. ერთი წლის ასაკიდან ბავშვს უნდა შეეძლოს მიზანმიმართული სიტყვების თქმა. ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს დაახლოებით 50-80 ან 100 სიტყვამდე მარაგი. ​ოთხი წლის ასაკიდან ბავშვი ზმნებით საუბრობს, გრამატიკა შემოდის, ზედსართავი სახელები, ემოციური საუბარი.“

ლიკა მერაბიშვილმა იმ შემთხვევებზეც ისაუბრა, როდესაც მშობელმა ბავშვი სპეციალისტს უნდა აჩვენოს:

​როდის უნდა დაპანიკდეს მშობელი და მიაკითხოს სპეციალისტს? თუ ხედავს, რომ წლინახევრის ასაკში ბავშვი არ საუბრობს, ეს საყურადღებოა. არ საუბრობს არ ნიშნავს, რომ სიტყვებს არ ამბობს. თუ ეუბნებით, სად არის ცხვირი და ცხვირზე იდებს ხელს, სად არის ბურთი და ბურთისკენ იშვერს ხელს, თუ კომუნიკაციაში შემოდის, შესაბამისად, უკვე მეტყველებს და არ არის საგანგაშო. ძველ თაობაში ასეთი მითი იყო: „მეც გვიან დავიწყე საუბარი და ჩემი შვილის გვიან დაიწყებს საუბარს.“ გარშემომყოფები ამბობენ: „ზარმაცია და ალბათ, ოდესმე დაიწყებს საუბარს." რეალურად უმჯობესია, რომ სპეციალისტმა ნახოს. წლინახევრიდან უკვე რეკომენდებულია, რომ მშობლებმა მიმართონ სპეციალისტს, თუ კომუნიკაციაში არ შემოდის ბავშვი.“

​თუ დედას არ სცალია, მამას არ სცალია, გარშემომყოფებს არ სცალიათ, ბავშვთან კომუნიკაციას ვერავინ ვერ ამყარებს. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ბავშვები მოვარიდოთ ტელევიზორს, ტექნიკა ნაკლებად ჩავრთოთ, რეალურაც ცხოვრებაში მეც მქონია შემთხვევა, რომ დამისვამს ბავშვი ტელევიზორთან. ამ დროს ეს ძალიან ცუდია. ვეცადოთ, რომ მიზანმიმართულად გამოვიყენოთ გაჯეტები,“- აღნიშნულ საკითხებზე ლიკა მერაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად