Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი რომ ტირის და მშობელს ვურჩევთ: ხელში არ აიყვანო და ცალკე დააძინე, ეს არ არის რეცეპტი,“ - თამარ გაგოშიძე

„ბავშვი რომ ტირის და მშობელს ვურჩევთ: ხელში არ აიყვანო და ცალკე დააძინე, ეს არ არის რეცეპტი,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში გავრცელებული შიშების შესახებ ისაუბრა და მშობლებს მარტო დაძინების შიშის მქონე ბავშვებთან საჭირო მიდგომები გააცნო:

„ამერიკულ კულტურაში მიღებულია, რომ ბავშვი ერთი თვის ასაკში უნდა დატოვო მარტო დასაძინებლად. ახალი გაიდლაინებით ამერიკელებმაც კი შეცვალეს მიდგომა. რატომ? იმიტომ, რომ მიჯაჭვულობა, ემოციური დამოკიდებულება გულზე მიხუტებით დაძინებით, არ გაწყდეს. ჩვენ გვჭირდება ოქროს შუალედი. ბავშვი რომ ტირის და მშობელს ვურჩევთ: ხელში არ აიყვანო და ცალკე დააძინე, ეს არ არის რეცეპტი.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ოქროს შუალედის პოვნა შეძლონ:

​არც ის არის რეცეპტი, რვა წლის ასაკში შენ გარეშე ბავშვს რომ არ ძინავს და გეუბნებიან, ერთად დაიძინეთო. რა არის ოქროს შუალედი? ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩვეუნ უნდა ვეცადოთ, რომ მას ცალკე თავისი პატარა ადგილი ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის მისი საწოლი. ჩვენ შეიძლება ვეცადოთ კიდეც, რომ ბავშვი თავის საწოლში დავაძინოთ, მაგრამ ის რომ იღვიძებს და შენთან მოძვრება, მიტინგი არ უნდა მოაწყო ამის გამო.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ყველა ბავშვს არ აქვს მშობელთან ერთნაირი მიჯაჭვულობა და ინდივიდუალური მიდგომა მნიშვნელოვანია:

„ყველა ბავშვს ერთნაირი მიჯაჭვულობა არ აქვს. განსაკუთრებით ბიჭები დედებზე ძალიან მიჯაჭვულები არიან. ბავშვი გეუბნება, რომ ჩამიქრე სინათლე, უნდა ჩაუქრო. საბავშვო სანათების დაბალი შუქი საკმარისი შუქია. ბავშვს რომ რაღაც მოელანდოს, ეს ორიენტირი აქვს, დაცულია. ზოგი ბავშვი ამბობს, რომ აქ არ მინდა შუქი, სხვა ოთახში ამინთე და კარი დამიტოვე ღია. უნდა გააკეთო ეს. არის რაღაცები, რაშიც ჩვენ ბავშვს ვუყურებთ და მივყვებით. ისედაც ბევრ რაღაცებზე ვძალადობთ ჩვენ ბავშვებზე. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ ​გაჯეტები და ტელევიზორები გამოიტანოს საბავშვო ოთახიდან. საძინელებელი ოთახი არის საძინელებელი ოთახი. ეს უნდა იყოს წესი. არც შენ უნდა გქონდეს თან ტელეფონი. მერე ბავშვი გეუბნება: აბა შენ რომ გაქვს?!“

„ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ვიღაცას არ სჭირდება ბევრი რწევა. რომ ხედავ ​ბავშვს თავისით ეძინება, არ უნდა არწიო. ამიტომ სჯობს ბავშვი არ მივაჩვიოთ ხელში დაძინებას. არიან მძიმე ტემპერამენტის ბავშვები, რომლებიც თუ არ მიიხუტე, არ დაიძინებენ. ამას ვერ გაექცევი. მშობლები გეუბნებიან, რომ არ დამერწია, არ დაიძინებდა. ასეთი ბავშვი რომ გაიზრდება, ვნახავთ, რომ მას სენსორული პრობლემები აქვს. ის ასეთი იყო მაშინაც. მას ეს სჭირდებოდა,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის შოუ“


წაიკითხეთ სრულად