Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალ ქვეშტამთან მიმართებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ - ალექსანდრე გოგინავა

„ახალ ქვეშტამთან მიმართებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კორონავირუსის ახალი ქვეშტამის გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსეთსა და დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული:

„კორონავირუსსაც ახასიათებს მუტაცია. ​დელტა ვარიანტის ახალი ქვეშტამი მუტაციის შედეგად წარმოიქმნა. ის არის შესწავლის ქვეშ, მეცნიერები მას აკვირდებიან. ახალი ქვეშტამი გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში. მან ყურადღება იმით მიიქცია, რომ ამ ქვეშტამით გამოწვეული ინფიცირების ზრდა მოხდა.“

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ახალ ქვეშტამზე დაკვირვება და მისი შესწავლა მიმდინარეობს:

„ამ ქვეშტამის მიმდინარეობის სირთულესთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნების გაკეთება რთულია. ჩემი აზრით, ახალ ქვეშტამს სხვა შტამებისგან დიდი სხვაობა არ ექნება. ჯერ მაინც დავაკვირდეთ და ვნახოთ. რაც მთავარია, პირველადი მონაცემებით ამ ქვეშტამზეც ძალიან ეფექტიანია ვაქცინა.“

„დელტა შტამს აღმოაჩნდა უნარი, რომ უფრო ადვილად გავრცელებულიყო ბავშვებში. ჯერ არ არის ახალი ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს ბავშვებში ახალი ქვეშტამი. მეცნიერები ამბობენ, რომ ​ახალი ქვეშტამის გავრცელებაც და მიმდინარეობაც ბავშვებში არის იგივე, რაც დელტა შტამის დროს იყო. პანიკის საფუძველი ახალ ქვეშტამთან მიმართებაში არ არსებობს,“ - აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად