Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნავთით დამუშავებული სკოლის იატაკი განსაკუთრებული სისუფთავის ნიშანი იყო“ - ვინ მოიფიქრა და რა რეგულაციებით ტარდებოდა ეს

„ნავთით დამუშავებული სკოლის იატაკი განსაკუთრებული სისუფთავის ნიშანი იყო“ - ვინ მოიფიქრა და რა რეგულაციებით ტარდებოდა ეს

რატომ არ შეიძლება ნავთობპრუქტების გამოყენება იატაკის მოსაწმენდად სკოლებში? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ჩემი ბავშვობის ორშაბათი სკოლაში ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა - სკოლის კარის გაღებისთანავე სასუნთქ გზებში იჭრებოდა დიზელის თუ ნავთის მკვეთრი სუნი, რაც გაპრიალებული იატაკთან და ნახერხთან ერთად სკოლის გენერალურ დალაგებას ნიშნავდა. მოკლედ, ნავთობპროდუქტით დამუშავებული იატაკი აუცილებლად იყო განსაკუთრებული სისუფთავის ნიშანი.

ვინ მოიფიქრა, რა რეგულაციებით და დადგენილებებით იყო ეს ღონისძიება მაშინ, ნამდვილად არ ვიცი. ჰო, მაგრამ მას შემდეგ ათწლეულები გავიდა...

...ვიზიტზე პაციენტი მყავს. ახველებს, დაწითლებული თვალებიდან ცრემლები სდის. შიშით გამოწვეულ ცრემლებს ყრის მისი შეშფოთებული ახალგაზრდა დედაც.

2-3 კვირაში ერთხელ დიზელით გაპრიალებულ-გაბრდღვიალებულ სკოლაში შესვლისას პატარას ხველა, ცრემლდენა, ცხვირცემინება ეწყება. მშობლის პრეტენზიებს სკოლაში არ იღებენ. აცნობეს, რომ იატაკს დიზელით წმენდენ.

რა არის დიზელი?

ყველამ კარგად იცით - ეს საწვავია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ძრავისათვის გამოიყენება. 1892 წელს ის გერმანელმა ინჟინერმა რუდოლფ დიზელმა დააპატენტა და მას შემდეგ საწვავი სწორედ მის სახელს ატარებს. რაც უნდა ბევრი ეძებოთ, თანამედროვე საძიებო სისტემებში ვერსად იპოვით დიზელის სხვა დანიშნულებას. დიზელი ნავთობროდუქტია, რომელიც ნავთობის გადამუშავების გზით მიიღება. წარმოადგენს ნახშირწყალბადების ნაერთს, შეიცავს მერკაპტანებს, სულფიდებს, დისულფიდებს, რომელთა მაღალი შემცველობა ჯანმრთელობისათვის საშიშია, ამიტომ 2006 წლიდან სულფიდების შემცველობა აუცილებლდ უნდა იყოს ზღვრულად დასაშვებ ნორმამდე, რასაც მრავალი ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს.

რა შეიძლება გამოიწვიოს დიზელმა?

კანთან შეხებისას, რაც დიზელით გაბრდღვიალებულ-დამუშავებულ სკოლაში სრულად შესაძლებელია მოხდეს, შესაძლოა, განვითარდეს კანის დაზიანება -დერმატიტი, რასაც გამონაყარი და ქავილით ვლინდება. დამუშავებული იატაკებიდან, რა თქმა უნდა, ხდება დიზელის აორთქლება. მისი ორთქლის შესუნთქვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგია, რაც შეიძლება ცხვირცემინებით, ხველით, ცრემლდენით, ბრონქოსპაზმით გამოვლინდეს.

დიზელის ორთქლის ხანგრძლივ და ხშირ შესუნთქვას შეიძლება მოჰყვეს ინტოქსიკაციის ნიშნების გამოხატვა - თავბრუსხვევა, ღებინება, თავის ტკივილი, გულისრევა. დიდი დოზებით სასუნთქ გზებში მოხვედისას კი შესაძლოა ფილტვის დაზიანებაც მოხდეს.

არ ვიცი, სარგებლობენ თუ არა სკოლები ერთიანი რეკომენდაციებით, რომელიც სკოლებში დასუფთავებისა და ჰიგიენის საკითხებს ეხება. ვფიქრობ, კონტროლი აუცილებელად უნდა დაწესდეს, რათა გარემო, სადაც ბავშვები დღის ნაწილს ატარებენ, ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.

პაციენტის ამბავი გაინტერესებთ? სკოლის გამოცვლა ვურჩიე. ოღონდ რა ხდება მის ახალ სკოლაში, ეგ უკვე აღარ ვიცი“- წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად