Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

გამუდმებით სხვისი წუწუნის მოსმენა ენერგიას გართმევთ და ემოციურ სტაბილურობას გაკარგვინებთ

გამუდმებით სხვისი წუწუნის მოსმენა ენერგიას გართმევთ და ემოციურ სტაბილურობას გაკარგვინებთ

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ, გარშემომყოფების განწყობაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ. თანამედროვე სამყაროში მოთხოვნილებები იმდენად გაიზარდა, რომ თითქმის ყველა ადამიანი რაღაცით უკმაყოფილოა. თუ თქვენ ისეთ ადამიანთან ურთიერთობთ, რომელიც ხშირად წუწუნებს და საკუთარ პრობლემებზე გაუთავებლად საუბრობს, შესაძლოა, ენერგიის დაქვეითებამ შეგაწუხოთ. როდესაც ადამიანს არ უმართლებს, ის საკუთარ ბედს საყვედურობს, რაც ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მას სტრესის დაძლევასა და სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება. მართალია, წუწუნი პრობლემების გადალახვას უწყობს ხელს, მაგრამ ის ადამიანებს ენერგიასაც ართმევს, რაც შეუმჩნევლად ხდება.

ემპათიის გამოვლენა და ადამიანების ემოციური მხარდაჭერა კეთილშობილური ქცევაა, თუმცა თუ თქვენ სხვების პრობლემებს ხშირად მოისმენთ, თავს უენერგიოდ იგრძნობთ და ფსიქიკა მნიშვნელოვნად დაგიზიანდებათ. როდესაც ურთიერთობაში ფსიქოლოგის როლს ირგებთ, თქვენი მეგობრის ან ახლობლის თქვენდამი დამოკიდებულება ტოქსიკურ და მანიპულაციურ ხასიათს იძენს, რის გამოც, შესაძლოა, თავი ეგოისტად იგრძნოთ, რადგან ხშირად თანამოსაუბრის მოსმენის სურვილი აღარ გექნებათ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა ამოიცნოთ ქრონიკულად ნეგატიურად მოსაუბრე ადამიანი და ემოციური სტაბილურობის შესანარჩუნებლად გარკვეული სტრატეგიები შეიმუშაოთ.

ადამიანი, რომელიც გამუდმებით წუწუნებს, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა. ის წარმატებით ირგებს მსხვერპლის როლს და არასდროს ცდილობს ყოველდღიურობაში რაიმე ცვლილებების შეტანას. თავდაპირველად მსგავსი ადამიანის ნეგატიური განწყობა თქვენ ბუნებრივად გეჩვენებათ, თუმცა დროსთან ერთად ხვდებით, რომ წუწუნი მისი დამახასიათებელი თვისებაა. მსგავსი ქცევა მანიპულაციის ერთგვარი გამოვლინებაა, რომელიც ზოგჯერ გაცნობიერებულია, თუმცა ხშირად ირაციონალურ ხასიათს ატარებს. თქვენი თანამოსაუბრე ცდილობს, რომ თქვენგან თანაგრძნობა, სიბრალული და მხარდაჭერა იგრძნოს. საუბრის დასრულების შემდეგ თქვენ ძალაგამოცლილი და უენერგიო ხართ.

ქრონიკული ნეგატიური განწყობის მქონე ადამიანთან ურთიერთობისას თქვენ მზად ხართ მისი პრობლემები თავად მოაგვაროთ და მას გამუდმებით თანაუგრძნოთ. როდესაც ადამიანი გაუჩერებლად წუწუნებს, თქვენ გრძნობთ, როგორ მძიმდებით. ხშირად გიჩნდებათ შეგრძნება, რომ იმაზე მეტ ტვირთს ზიდავთ, ვიდრე შეგიძლიათ. თქვენ ფრუსტრაციისა და დანაშაულის განცდა გეუფლებათ, თავს სევდიანად გრძნობთ. ეს ყოველივე, შესაძლოა, ემოციური დისბალანსის, კონცენტრაციის უნარის დაქვეითების, პრობლემების გადაჭრის უუანრობისა და ნეგატიური ფიქრების გამომწვევ მიზეზად იქცეს.

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გეგმავდით. თქვენ ხშირად გიწევთ ისეთ გამოწვევებთან შეჯახება, რომელთა შესახებ წარმოდგენაც კი არ გქონდათ. საკუთარ თავს ფრუსტრაციისა და უიმედობის განცდის წინაშე მარტო ნუ დატოვებთ. თუ ასე არ მოიქცევით, წინ ვერ წახვალთ. ნებისმიერი ვითარება და მდგომარეობა, რომელიც დაბრკოლებად გესახებათ, უნდა გადალახოთ. იმისთვის, რომ თქვენც მანიპულატორად არ იქცეთ, უნდა გააცნობიეროთ, რომ ვალდებული არ ხართ გამუდმებით სხვების წუწუნს უსმინოთ. თანამოსაუბრეს თავი მხსნელად არ უნდა მოაჩვენოთ, რომელიც ყველა მის პრობლემას მოაგვარებს, რადგან თქვენ, პირველ რიგში, საკუთარ პრობლემებზე უნდა იზრუნოთ და ამისთვის ძალიან დიდი ენერგია გჭირდებათ. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ისეთ ადამიანთან ურთიერთობთ, რომელიც გამუდმებით გეწუწუნებათ?

1. აუცილებლად შეინარჩუნეთ დისტანცია

ნებისმიერ დროს, როდესაც ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, მსგავს ადამიანებთან ურთიერთობას თავი აარიდეთ, რადგან ისინი თქვენით მანიპულირებას აუცილებლად დაიწყებენ. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობთ მათ, მით უკეთ გააცნობიერებთ, რომ გამუდმებით სხვების ნეგატიური აზრების მოსმენისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ.

2. თანამოსაუბრეს აუხსენით, რომ მისი პრობლემები მან თავად უნდა მოაგვაროს

თანამოსაუბრეს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ მან საკუთარ პრობლემებს განსხვავებული პერსპექტივიდან უნდა შეხედოს. თუ ის გამუდმებით ნეგატიურ განწყობაზე იქნება, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. რაც მთავარია, თანამოსაუბრეს აგრძნობინეთ, რომ მისი პრობლემები თქვენზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს და მათთან გამკლავება მას თავად მოუწევს.

3. სისუსტე არ გამოამჟღავნოთ

ადამიანებს, რომლებსაც წუწუნი ძალიან უყვართ, გარშემომყოფებით მანიპულირების საოცარი ნიჭი აქვთ. ამიტომ, თქვენს თანამოსაუბრეს უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი პრობლემების მოგვარებას არ აპირებთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში ემპათიის გამოხატვა აუცილებელია, თუმცა სისუსტე არ გამოამჟღავნოთ და მანიპულატორის ყველა ახირება არ შეასრულოთ.

4. აუცილებლად დააწესეთ საზღვრები

ადამიანს, რომელსაც წუწუნი ძალიან უყვარს, აგრძნობინეთ, რომ მისი ყველა პრობლემისა და ტრაგედიის მოსმენა ნამდვილად არ გსურთ. თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი ყოველდღიურად ნეგატიური აზრებით გტვირთავთ და თავს გამოფიტულად გრძნობთ, აუცილებლად უთხარით მას, რომ მის გვერდით არაკომფორტულად ხართ. აუხსენით თქვენს თანამოსაუბრეს, რომ არ გსმიამოვნებთ, როდესაც გამუდმებით თქვენს მხარზე ქვითინებენ. გარკვეული საზღვრების დაწესება მანიპულატორისგან მარტივად დაგიცავთ.

მომზადებულია ​Steptohealth.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად