Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დასჯამდე არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომელმაც შეიძლება დასჯა თავიდან აგვაცილოს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

„დასჯამდე არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომელმაც შეიძლება დასჯა თავიდან აგვაცილოს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა მშობლობის მნიშვნელობისა და ბავშვის აღზრდისას დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღზრდა ბავშვისთვის სტრესული არ უნდა იყოს:

„მშობლობა გახლავთ ის, რომ გარჩეული იყოს, სად მივანიჭოთ ბავშვს თავისუფლება და სად არის ჩვენი დახმარება საჭირო. აღზრდა არ უნდა იყოს სტრესული. ახალგაზრდა მშობლებს, ვისაც ჯერ ცოტა შეცდომა აქვს დაშვებული აღზრდის პროცესში, მინდა ვუთხრა, რომ ასეთი სტრესი ადამიანს არ უნდა მივაყენოთ. დასჯამდე არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომელმაც შეიძლება დასჯა თავიდან აგვაცილოს. რა ალტერნატივა არსებობს იმისთვის, რომ დასჯის გამოყენება ნაკლებად დაგვჭირდეს? ეს გახლავთ ის, რომ ​აქცენტი გავაკეთოთ ქცევებზე, რომლებიც დამაკმაყოფილებელია. ბავშვი არის ნამდვილად დაინტერესებული იმით, რომ მშობლის თვალში კარგად გამოიყურებოდეს. ბუნებრივად მოხდება ისე, რომ ქცევებს, რომლებიც მიუღებელია კვებასთან, დღის რეჟიმთან, სწავლასთან, ჰიგიენასთან დაკავშირებით, ნაკლებად გამოიყენებს.“

ლელა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ბავშვი მშობელს სისუსტეს შეამჩნევს, ის აუცილებლად გამოიყენებს ამას მანიპულირებისთვის:

„ბავშვმა თუ იგრძნო, რომ მას შეუძლია თუნდაც ორი წუთით გადაავადოს რაღაც, ​თქვენც დაღლილი ხართ, იშვიათად ხვდებით ბავშვს დღის განმავლობაში, თავს იკავებთ, რომ შენიშვნები მისცეთ, ოღონდ დღე დამთავრდეს და დაიძინოს, თუ მან თქვენი სისუსტე დაინახა, ამას გამოიყენებს. თუ დასჯაზე იქნება საუბარი და მაინცდამაინც ჭირვეულობასთან გვაქვს საქმე, ეს ჩვენი დამსახურებაა, იმიტომ, რომ უკვე შორს წავიდა პრობლემა. ფიზიკური შეხება უბრალოდ გამორიცხულია. იყო დრო, როდესაც გაწკეპვლა კარგ მშობლობად ითვლებოდა. ჩვენ გვასწავლინდნენ: „მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგება,“ მაშინ ითვლებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა ჩვენი ბავშვებიც გათვითცნობიერებულები არიან, ბავშვის უფლებებზე საუბრობენ.“

ლელა ტყეშელაშვილის თქმით, როდესაც ბავშვის დასჯის მიზნით აკრძალვებს ვიყენებთ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და სწორად განვსაზღვროთ, რა უნდა ავუკრძალოთ ბავშვს:

„დასჯა არის რაღაცის გაკეთების აკრძალვა, რაც მას უნდა. როდესაც ბავშვს ვეტყვით: „დღეს ტელეფონს არ მოგცემ, კომპიუტერს არ ჩაგართვევინებ,“ ეს ქვეტექსტით ბავშვისთვის ნიშნავს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი რამეა სმარტფონი და კომპიუტერი, რომ ​მე ამ კარგი რაღაცის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ. რასაც ჩვენ ვუკრძალავთ, ბავშვი უფრო მეტ ფასს ადებს, ვიდრე სინამდვილეში უნდა ადებდეს.“

„ყველა ასაკში, როგორც მისი განვითარება აძლევს შესაძლებლობას, თავისი მდგომარეობის ექსპერტი უნდა გავხადოთ ბავშვი. უნდა ვკითხოთ: „როდის გააკეთებ?“ თუ მან იგრძნო, რომ თვითონ არის თავისი ქცევის ავტორი, გაცილებით უკეთ იცავს მერე ამ წესებს.​ დაგეგმვაში მიაღებინეთ ბავშვს მონაწილეობა. როდესაც თავისი ნათქვამი იქნება, რომ ჯერ ამას გავაკეთებ, მერე იმას გავაკეთებ, უკვე საშუალება გვექნება, რომ მოვთხოვოთ პასუხი: „აი, შენ რომ თქვი, რატომ არ გააკეთე?“ დემოკრატიული აღზრდა არის საუკეთესო აღზრდა. ბავშვის ნებისყოფის გამომუშავება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ის თვითონ იწყებს თავისი ქცევის რეგულაციას. ძალიან ცოტა რამეა, რაც ბავშვისთვის არ შეიძლება და უფროსისთვის შეიძლება. ბავშვებს უფრო ცუდად ესმით, ვიდრე ხედავენ. თუ იმას, რასაც ბავშვს ვუკრძალავთ, მშობელი აკეთებს, ჩავთვალოთ, რომ ფუჭად არის გადაყრილი ყველაფერი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლელა ტყეშელაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად