Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„განათლებულმა მშობელმა შეიძლება მართოს შვილის მონოლოგი, მონოლოგის შემდეგ კი მოდის დიალოგი,“ - დავით ზურაბაშვილი

„განათლებულმა მშობელმა შეიძლება მართოს შვილის მონოლოგი, მონოლოგის შემდეგ კი მოდის დიალოგი,“ - დავით ზურაბაშვილი

ფსიქიატრმა დავით ზურაბაშვილმა ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების მატების ტენდენციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფსიქიატრიული პრობლემების წინასწარი განწყობა ყველა ბავშვშია, მთავარია მშობლები ჩართავენ თუ არა ამ მექანიზმს:

„ფსიქიკური პრობლემებისადმი ​წინასწარი განწყობა არის აბსოლუტურად ყველა ბავშვში, განწყობა არის აბსოლუტურად ყველა მშობელში. ჩვენ ჩვენი საქმიანობით, ცხოვრების წესით, ურთიერთობით, დასვენების წესით, შეგვიძლია ან ჩავრთოთ ეს მექანიზმი, ან არ ჩავრთოთ. მაგალითად, შაბათ-კვირას მე თეორიულად ვარ თავისუფალი და უნდა წავიდე სადღაც დასასვენებლად. მე შეიძლება ეს დასვენება გამოვიყენო საოჯახო დასვენებისთვის ან გამოვიყენო აბსოლუტურად სხვანაირად. დიდი ხნის წინ ჩემი მეგობარი აშენებდა სახლს და მკითხა, რა როგორ გაეკეთებინა. მე ვუთხარი ასეთი რამ, რომ იყიდე მხოლოდ ერთი ტელევიზორი. თუ ყველას თავისი ექნება, მაშინ არ გექნებათ ადგილი, სადაც საღამოს ერთად დასხდებით და იკამათებთ, რას უყუროთ.“

დავით ზურაბაშვილის თქმით, კამათიც ურთიერთობაა და მარტოობის დაძლევაში გვეხმარება:

​კამათიც არის ურთიერთობა. უწინ იყო გენიალური ტრადიცია, როდესაც ვიცოდით, რომ 6 საათზე ყველანი ვსადილობთ. ეს სამწუხაროდ აღარ გვაქვს, დრო აღარ გვაქვს. მე 6 საათზე მორიგეობა მეწყება, იმას 7-ზე ლექცია აქვს, ის დილით უნდა ადგეს და ა.შ. ყველაზე კარგი წამალი არის ურთიერთობა. ავიღოთ სუიციდი, ეს არის არასწორი პასუხი მარტოობაზე. მე ვერანაირი გამოსავალი, ვერანაირი გზა ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე, რომ დავამთავრო ამასთან ურთიერთობა. თუ მე გვერდით მყავს ვიღაც, თუნდაც არასწორი მრჩეველი, მაშინ მე იმას დაველაპარაკები. მოსმენის სურვილიც საკმარისია.“

„პირველი, რასაც ვასწავლით, არის შემდეგი: „ისწავლე სწორი მოსმენა!“ ​განათლებულმა მშობელმა შეიძლება მართოს შვილის მონოლოგი, მონოლოგის შემდეგ კი მოდის დიალოგი. რომელიც აჩერებს ან ცვლის ამ სტატისტიკას. რაც შეეხება დაძალებას, ამ ტერმინით შეიძლება სულ სხვა რამ აღვნიშნოთ. მე თქვენ შეიძლება რაღაც გაიძულოთ, მაგრამ ეს თქვენთვის კომფორტული იყოს, სასარგებლო იყოს. ჩვენ რომ გვზრდიდნენ მშობლები, სულ რაღაცას გვაძალებდნენ. ეს სწორი იყო, თუ არ იყო? სწორი იყო,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით ზურაბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად