Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რძიანი ჩაი კატეგორიულად არ უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ,“ - ნეონატოლოგი ლია ოტიაშვილი

„რძიანი ჩაი კატეგორიულად არ უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ,“ - ნეონატოლოგი ლია ოტიაშვილი

პედიატრმა, ნეონატოლოგმა ლია ოტიაშვილმა მეძუძური დედის კვების თავისებურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეძუძურ დედას მკაცრი დიეტის დაცვა არ მოეთხოვება:

​ძალიან მკაცრი დიეტა, როგორიც ადრე იყო რატომღაც მიღებული, არ არის საჭირო. რძიანი ჩაი კატეგორიულად არ უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ შედედებული რძე ინახება წლები. წარმოიდგინეთ, რამდენი კონსერვანტია მასში. ის არის ძალიან ტკბილი. რძე თვითონ ბერავს და ალერგენია. ქალს მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი რძის პროდუქტი ჭამოს და ცოტა ნაკლებად მიიღოს ნედლი რძე.“

ლია ოტიაშვილის თქმით, მეძუძურმა დედამ არ უნდა მიირთვას ის პროდუქტები, რომლებიც ხანგრძლივად ინახება:

„ზოგადად დიეტის დაცვა არ არის მოწოდებული. დედამ უნდა მიირთვას ყველანაირი ჯანსაღი პროდუქტი, არა ის, რაც დიდხანს ინახება. დღევანდელ დღეს გაფუჭებულ პროდუქტს იშვიათად ვხვდებით, მაგრამ ​გადაჭარბებული კონსერვაციის პროდუქტები უფრო დიდ ზიანს გვაყენებს. რაც უფრო მოკლე ვადა აქვს პროდუქტს შენახვისთვის, მით უკეთესია. ის, რაც ხანგრძლივად ინახება, არაფერი არ უნდა მიირთვას ქალმა.“

„ შებოლილი პროდუქტები, მით უმეტეს, სახლში დამზადებული არ უნდა მიიღოს. მეძუძური დედა უნდა მოერიდოს ალერგენებს. ზოგადად თუნდაც ალერგიული პროდუქტიც ზომიერად შეიძლება მოსინჯოს. ეს პროდუქტები მან ცალ-ცალკე უნდა მიიღოს და დააკვირდეს ბავშვს, როგორ აიტანს.​ თანდათან მიიღოს ყველა პროდუქტი, რაც კი ჯანსაღია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლია ოტიაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

წაიკითხეთ სრულად