Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვს ეტყვი: „შენ ეს უნდა გააკეთო,“ ის არასდროს არ გაგიკეთებს ამას, უნდა დაეკითხო ჯერ ბავშვს,“ - მზიკო დალაქიშვილი

„თუ ბავშვს ეტყვი: „შენ ეს უნდა გააკეთო,“ ის არასდროს არ გაგიკეთებს ამას, უნდა დაეკითხო ჯერ ბავშვს,“ - მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოთერაპევტმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს უფროსსა და უმცროს შვილებს შორის ყურადღების გადანაწილების საუკეთესო მეთოდები გააცნო. მისი თქმით, ყველაზე კარგი გამოსავალია, როდესაც მშობელი უფროსს უმცროსზე ზრუნვაში თავს თანამონაწილედ აღაქმევინებს:

„ყველაზე კარგი გამოსავალია, როდესაც მშობელი თანამონაწილედ აღაქმევინებს ბავშვს თავს. ბავშვი არის მოსავლელი, გასაზრდელია, საჭმელი უნდა ვაჭამოთ, უნდა გამოვუცვალოთ, გავასეირნოთ. ყველაფერი უნდა მოხდეს ისე, რომ ერთად ვაკეთებთ ამას. იზოლირებულები კი არ ვართ, შენ ჩემთან ერთად ხარ და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. რას განიცდის ყველაზე ძალიან ადამიანი? მნიშვნელოვნების დაკარგვას. ბავშვი ფიქრობს, რომ ის ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის მშობლებისთვის. ჩვენ ვეუბნებით: „როგორ არა, შენ ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხარ. შენ უნდა მომეხმარო.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, ყველა ბავშვი ბედნიერდება, როდესაც ისინი დიდების შესაფერის საქმეს აკეთებენ:

„ყველა ბავშვს მოსწონს, როდესაც დიდურ საქმეს აკეთებს. მეც ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მინდოდა უთო გამომეყენებინა, სათამაშო უთო არა, დიდის უთო. როდესაც ბავშვი გვეხმარება, ​ამ ყველაფერს აქვს თამაშის სახე. შენ ხომ მართლა დაუთოვებას არ მოსთხოვ პატარა ბავშვს.ამიტომ ვამბობ, რომ მიწოდების ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.“

„თუ ბავშვს ეტყვი: „შენ ეს უნდა გააკეთო,“ ის არასდროს არ გაგიკეთებს ამას. უნდა უთხრა: „დე, შენ შეგიძლია, რომ ჩემთან ერთად იყო ახლა?“ ​უნდა დაეკითხო ჯერ ბავშვს. რაღაცას რომ დაავალებ, ვუთხრათ: „შენ რა კარგად გამიკეთე ეს.“ ამის შემდეგ ბავშვი კიდევ უფრო საჭიროდ თვლის საკუთარ თავს. ფიქრობს: ერთხელ თუ გამოვადექი მშობლებს, როგორი გამოსადეგი ადამიანი ვარ ზოგადად. მარტო დედას კი არა, მერე მოუნდება, რომ ბებოსაც დაეხმაროს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში შუადღე GDS-ზე ისაუბრა.

წყარო: ​შუადღე GDS-ზე

წაიკითხეთ სრულად