Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სჯობს პრევენციით დავიწყოთ, ვიდრე მაშინ გავიკეთოთ ბოტოქსის პროცედურა, როდესაც უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სახის კანი,“- დერმატო-კოსმეტოლოგი დალი გვიჩია

„სჯობს პრევენციით დავიწყოთ, ვიდრე მაშინ გავიკეთოთ ბოტოქსის პროცედურა, როდესაც უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სახის კანი,“- დერმატო-კოსმეტოლოგი დალი გვიჩია

დერმატო-კოსმეტოლოგმა დალი გვიჩიამ ბოტოქსის პროცედურების დანიშნულებისა და ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა:

„ბოტოქსი ეს არის ბოტულინოტოქსინი, რომელიც ადუნებს ნერვკუნთოვან გადაცემას, ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს. ბოტოქსის მოქმედების ვადა საშუალოდ 5-6 თვეა. ის ნელ-ნელა გაიწოვება, ერთბაშად გაწოვა არ ხდება. ბოტოქსის პრეპარატი სერთიფიცირებული პრეპარატია და არის სრულად უსაფრთხო. ის სრულად გაიწოვება ორგანიზმიდან.“

დალი გვიჩიას თქმით, ბოტოქსს 18 წლამდე ადამიანებს არ უკეთებენ:

„ბოტოქსთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ​18 წლამდე ამ პროცედურას არ ვატარებთ. გვყავს 20-22 წლის პაციენტები, თუმცა ეს ძალიან იშვიათობაა. ძირითადად 27 წელს გადაცილებული პაციენტები გვყავს. სჯობს პრევენციით დავიწყოთ, ვიდრე მაშინ, როდესაც უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სახის კანი. შემდეგ ბოტოქსის გარდა ბევრი პროცედურა სჭირდება პაციენტს. თუ პაციენტი მოდის 40-50 წელს გადაცილებული, ბოტოქსის ერთეულების რაოდენობა არის ძალიან დიდი.“

„ჩვენ გვჭირდება მიმიკური ნაოჭების გასწორება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვადუნებთ კუნთს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ცუდად მოქმედებს ორგანიზმსა და კანზე. ზოგიერთი ეჩვევა ნაოჭების გარეშე სახის კანს და ოდნავ რომ ამსუბუქებს ბოტოქსი მოქმედებას, მაშინვე მოდიან. აჯობებს, რომ გავაჩეროთ პაციენტი. დაველოდოთ კიდევ ერთი-ორი თვე და მერე გავუკეთოთ ბოტოქსი. ეს ვიზუალურადაც უკეთესი იქნება და კანის სიჯანსაღისთვისაც,“- აღნიშნულ საკითხზე დალი გვიჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“


წაიკითხეთ სრულად