Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

შეიძლება თუ არა ორსულისთვის ვარჯიში, სპორტი და რამდენად უსაფრთხოა?

შეიძლება თუ არა ორსულისთვის ვარჯიში, სპორტი და რამდენად უსაფრთხოა?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, შეიძლება თუ არა ვარჯიში ორსულობის პერიოდში და რამდენად უსაფრთხოა?

მიუხედავად იმისა, რომ ორსულად ხართ და თქვენი ორგანიზმი მეტი დატვირთვით მუშაობს, შესაძლოა, ვარჯიში და დამატებით ფიზიკური დატვირთვა რთულად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ვარჯიში დადებით გავლენას ახდენს როგორც თქვენზე, ასევე ნაყოფზე. ეს არამხოლოდ უსაფრთხო, არამედ სასარგებლოცაა!

როგორ უნდა შეარჩიოს ორსულმა, რა სახის ვარჯიში დაიწყოს?

ორსულობა ზეგავლენას ახდენს სახსრების სტაბილურობაზე, კოორდინაციასა და წონასწორობაზე. ფიზიკური დატვირტვა კი იწვევს გულისცემის რითმის ცვლილებას, ამიტომ ორსულისთვის ფიზიკური ვარჯიშის ესა თუ ის ფორმა, ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული.

ვარჯიშმა არ უნდა გამოიწვიოს ტკივილი, შარდის შეუკავებლობა. ვარჯიში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ორსული არის ჯანმრთელი და ორსულობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე!

ვარჯიშის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს გინეკოლოგთან, განიხილეთ რისკ-ფაქტორები.

რამდენი ხანია დასაშვები ვარჯიში?

ორსულობის ადრეულ ვადაზე ივარჯიშეთ დღეში მინიმუმ 30 წუთი, 5 დღე კვირაში, ჯამში კვირაში გამოგივათ 150 წუთი ვარჯიში. ვარჯიშის დროს აუცილებლად თან იქონიეთ წყალი. თავი აარიდეთ ისეთ ვარჯიშს, რომელიც გამოიწვევს ორგანიზმის გადახურებას. არ იწვეთ ზურგზე დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით, მეორე და მესამე ტრიმესტრში.

რა სახის ვარჯიშებს ენიჭება უპირატესობა?

ორსულებისთვის ვარჯიშის საუკეთესო ფორმებად ითვლება:

  • ჩქარი ნაბიჯით სიარული
  • მსუბუქი სირბილი (ე.წ. ძუნძული)
  • ცურვა
  • აერობიკა
  • აკვა აერობიკა
  • პრენატალური იოგა
  • პილატესი
  • ველოტრენაჟორი

რა უპირატესობები აქვს ვარჯიშს?

რეგულარულ ვარჯიშს სამივე ტრიმესტრში შეუძლია:

  • არტერიული წნევის დაბლა დაწევა
  • შაქრის დონის შემცირება სისხლში
  • ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება
  • ეხმარება ორგანიზმს სხეულის მასის და ცხიმოვანი უჯრედების გადანაწილების კონტროლში
  • ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
  • წელის ტკივილის შემცირება
  • ეხმარება ორგანიზმს შფოთვისა და დეპრესიის დაძლევაში
  • აუმჯობესებს მშობიარობის შემდგომ აღდგენით პერიოდს
  • გიმაღლებთ მოტივაციას მშობიარობის შემდგომი ფიტნესისთვის


​რა სახის ფიზიკური აქტივობა იკრძალება ორსულობის დროს?

ორსულობისას აკრძალულია შემდეგი სახის ფიზიკური აქტივობა/სპორტი, როგორებიცაა:

  • კრივი
  • ფეხბურთი
  • კალათბურთი
  • თხილამურები
  • ციგურაობა
  • დაივინგი
  • ჯირითი
  • მთამსვლელობა


​რა მდგომარეობის დროს არ არის მიზანშეწონილი ვარჯიში ორსულობისას?

როგორც წესი, მსუბუქი სახის ვარჯიში არ არის ორგანიზმისთვის საზიანო, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც გულისცემის გახშირება და მსუბუქი სახის ფიზიკური დატვირთვა იწვევს მთელ რიგ პრობლეებს.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვითოთ ვარჯიში, თუ გრძნობთ:

  • საერთო სისუსტეს
  • თავბრუსხვევას
  • ტკივილს გულის არეში
  • ვარჯიშის დაწყებისთანავე ქოშინს
  • თავის ტკივილს
  • ფეხების შესიებას ან ტკივილს
  • დაგეწყოთ სისხლიანი გამონადენი საშოდან


​გარდა ამისა, ვარჯიში არ არის მიზანშეწონილი იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს:

  • პლაცენტის წინმდებარეობა
  • ორსულობის 26 კვ. შემდეგ მძიმე ფორმის ანემია
  • ცერვკალური უკმარისობა
  • პრეეკლამფსია
  • ორსულობა ტყუპი ნაყოფით


​გისურვებთ ჯანმრთელობას!


წაიკითხეთ სრულად