Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ, არის დაუკვირვებლობა მაშინ, როდესაც პატარა ტირის,“ - ექიმი რობერტ ჰამილტონი

„მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ, არის დაუკვირვებლობა მაშინ, როდესაც პატარა ტირის,“ - ექიმი რობერტ ჰამილტონი

ექიმმა რობერტ ჰამილტონმა ატირებული ბავშვის დამშვიდების ცნობილ მეთოდზე ისაუბრა, რომელიც მისი აღმოჩენაა:

„როდესაც ბავშვი გვიჭირავს, მას ხელებს თავისი სხეულის გარშემო ვახვევინებთ და ვარწევთ ზემოდან ქვემოთ. ეს პოზა მას ახსენებს პერიოდს, როდესაც დედის მუცელში იყო. ​სწორედ ეს მოქმედებს დამამშვიდებლად. არსებითად რასაც ვაკეთებთ, არის ბავშვის სწორად რწევა. ამით ვუქმნით მას კომფორტს.“

რობერტ ჰამილტონის თქმით, მისი მეთოდი ყველაზე მეტად სამ თვემდე ასაკის ბავშვებთან ამართლებს:

„ეს მეთოდი ყველაზე მეტად გამოსადეგია დაბადებიდან სამ თვემდე. ამის შემდეგ ბავშვი მძიმდება და მისი დაჭერა ძნელდება. სამი თვის შემდეგ ეს მეთოდიც აღარ მოქმედებს. ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლის პირველ სამ თვეზე. ასეთ სიტუაციაში, ვფიქრობ, იდეალურია ჩვილის ყოფნა დედის მკლავებში. ეს ასეც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, არ ვღელავ, რომ ბავშვს მუდმივად ხელში აყვანის სურვილი ექნება.“

​არავის სურს, რომ თავისი პატარა გაურკვევლად ტიროდეს. მშობლები ერიდებიან ბავშვს შეუქმნან კომფორტი. ჩემი აზრით, ბავშვს ზოგჯერ უბრალოდ სურს, რომ დედამ აიყვანოს. ამ დროს მშობლებს არ სურთ, რომ გაანებივრონ იგი, ამიტომ უარს ეუბნებიან დამშვიდებასა და მოვლაზე. მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ, არის დაუკვირვებლობა მაშინ, როდესაც პატარა ტირის,“ - აღნიშნულ საკითხზე ექიმმა ჰამილტონმა LIFE FM -ის გადაცემაში FM პედიატრი ისაუბრა.

წყარო: ​FM პედიატრი

წაიკითხეთ სრულად