Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ ჭეშმარიტება გაუძღვეს წინ,“ - შალვა ამონაშვილი ბავშვის აღზრდის შესახებ

„ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ ჭეშმარიტება გაუძღვეს წინ,“ - შალვა ამონაშვილი ბავშვის აღზრდის შესახებ

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს შვილის სულიერი აღზრდის შესახებ საინტერესო რჩევები მისცა:

„სად ვიპოვოთ ჩვენ ღმერთი? მარტო ცაში ვიყუროთ? დაბლა ღმერთი არ არის?! ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ღმერთი ჩვენშია. ჩვენ ერთმანეთს ღმერთის თვალებით უნდა ვუყურებდეთ. სულის საქმე ეს არის, რომ აშენოს სიყვარული. „ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ ჭეშმარიტება წაუძღვეს.“ რა ჩავუნერგოთ ჩვენს შვილს პირველ რიგში? თვალები, გულის ფეთქვა, ის სინაზე, რითაც გიჭირავთ ბავშვი, ეს უკვე აღზრდაა.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვის სული უნდა ააწყო და სულის სიმები ერთმანეთს შეუხამო:

„სული უნდა ააწყო. ერთმანეთს შეუხამო სულის სიმები.​ რა უნდა იყოს პირველი სიმი, რომელიც ბავშვს უნდა შევუხამო? მთელი ცხოვრება ეს უნდა ვაკეთოთ, უცბად კი ვერ ააწყობ. სიყვარულის სიმი დაუჭიმე შვილს სულში, მოუწესრიგე ეს სული. „გიყვარდეს,შვილო,“ - ჩემი ძუძუც ამას ეუბნება, ჩემი ხელებიც ნაზად რომ უჭირავს ბავშვი, თვალებიც ამას ეუბნება. მერე მამა მოვა, შეაგდებს ბავშვს ჰაერში, დაიჭერს და ამას ეუბნება. ეს არის საკრარული აღზრდა.“

„ჩააგონეთ თქვენს შვილებს, თუ ჩვილები არიან, ჩვილობიდან, თუ სამი-ხუთი-თხუთმეტი წლისა არიან, ამ ასაკიდან: ​„გიყვარდეს, შვილო, როგორც მე შენ მიყვარხარ. არაფერს არ გთხოვ, მარტო მიყვარხარ. მიყვარს ყველა ადამიანი. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთის შვილები არიან ყველანი. არის ცუდი და არის კარგი ადამიანი, მაგრამ გავიხსენოთ, როდესაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მარჯვნივ და მარცხნივ ყაჩაღები გააკრეს ჯვარზე. რა უთხრა მათ ქრისტემ, ვიდრე მამასთან ამაღლდებოდა? თქვენ დღესვე ჩემს გვერდით იქნებითო. მან შეუნდო მათ. ცუდია ადამიანი? შევუწყოთ ხელი, რომ კარგი გახდეს. უჩვენე ათასჯერ კარგი მაგალითი, შესთავაზე შენი გულწრფელობა, სიყვარული, მსხვერპლი გაიღე. რაღაც შეიცვლება ადამიანში,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად