Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ მისცეთ ბავშვს საკვები მშობლების ნებართვის გარეშე!“ - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

„არ მისცეთ ბავშვს საკვები მშობლების ნებართვის გარეშე!“ - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ადამიანებს მოუწოდა, რომ არასდროს მიაწოდონ სხვის შვილს საკვები პროდუქტი მშობლებისგან ნებართვის აღების და მათგან თანხმობის მიღების გარეშე. ევგენი კომაროვსკის თქმით, ადამიანებმა არაფერი იციან ბავშვის კვების რეჟიმის, მისი ალერგიული სტატუსისა და სხვა დეტალების შესახებ, რომლებიც კვების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პედიატრმა ყველას მოუწოდა, ბავშვის გამოკვებამდე ნებართვა მშობლისგან აიღონ:

„ბევრი ადამიანი ერთი შეხედვით ფიქრობს, რომ გაღიმებული, საყვარელი ბავშვისთვის გემრიელი საკვების მიწოდებაში ცუდი არაფერია. თქვენ ზუსტად ვერ გეცოდინებათ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგია, რით კვებავენ მას ყოველდღიურად, იცის თუ არა მან კარგად ღეჭვა, შეუძლია თუ არა ამა თუ იმ საკვების გადაყლაპვა და ა.შ.

ერთი შეხედვით კარგი და კეთილი საქმე, შესაძლოა, ბავშვის სიცოცხლისთვის რისკის შემცველიც აღმოჩნდეს. ყოველთვის, როდესაც ბავშვისთვის რაიმე საკვების მიწოდებას გადაწყვეტთ, აუცილებლად აიღეთ ნებართვა მშობლისგან. წინასწარ ჰკითხეთ მშობელს, შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ამა თუ იმ პროდუქტის მიწოდება, როდის და რა პირობებში შეგიძლიათ მისი გამოკვება,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად