Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დასჯის ყველაზე მოქმედი მექანიზმი არის საყვედური,“ - ფსიქოთერაპევტი მაია ბეგაშვილი

„დასჯის ყველაზე მოქმედი მექანიზმი არის საყვედური,“ - ფსიქოთერაპევტი მაია ბეგაშვილი

ფსიქოთერაპევტმა მაია ბეგაშვილმა ბავშვის დასჯის სწორი წესების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„აკრძალვები და ფიზიკური დასჯა კატეგორიულად უკუნაჩვენებია ბავშვებში. დასჯა ჩვენი პატარა შვილისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ვართ ერთადერთი კომპეტენტური, საყვარელი არსება, არის ის საყვედური, რომელსაც ჩვენ ვეუბნებით. დასჯის ყველაზე მოქმედი მექანიზმი არის საყვედური. საყვედური უნდა იყოს მითითებით იმ ქცევაზე, რომელიც არ იყო მოსაწონი თქვენგან და არ იმსახურებს მოწონებას.“

„დასჯის პირველი ოქროს წესია, ნამდვილად გავიაზრო, ეს ქცევა იმსახურებს თუ არა დასჯას. მეორე ოქროს წესი, ემოციურად მაღალ პიკზე არასდროს გამოვთქვა საყვედური. გავიდეს დრო, შევაფასო ყველაფერი. მესამე, შევაფასო არა ბავშვი, არამედ კონკრეტული ქმედებები. არგუმენტირებული, დასაბუთებული სახე მივცე, რატომ არის ეს ქმედება არასწორი. მეოთხე, ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა, თვითონვე დადოს ქმედების გამოსწორების ალტერნატიული გეგმა,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ბეგაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად