Baby Bag

„დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია... სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დედაშვილობის ფენომენის შესახებ ისაუბრა და იმ განსაკუთრებულ კავშირს გაუსვა ხაზი, რომელიც დედა-შვილს შორის არსებობს:

„სამედიცინო ენით დედაშვილობა საოცრებაა. დედის სხეული ყველაფრისთვის არის მზად, რომ ბავშვი იყოს კარგ მდგომარეობაში. არაფერს ვამბობ დედის რძეზე. ისედაც ცნობილი ფაქტია, რომ დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცავი ნივთიერებაა, რომ როგორც კი პირველივე წვეთს ჩავყლაპავთ, ავტომატურად ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა ამ დამცველობითი მოლეკულებით ამოიფინება, რომ არაფერი ჩვენს სხეულში არ შემოიჭრას.

ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ მაინც არ წყდება დედასა და ბავშვს შორის კავშირი. დედა ყოველთვის გრძნობს, როდესაც შვილი გასაჭირშია. იგივე შეიძლება ითქვას შვილზე. რამდენი კილომეტრითაც უნდა იყოს შორს, დედა გრძნობს, რომ შვილს სჭირდება. დედის ორგანიზმი ვერ გველევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ დედის სხეულს და აღარ ვართ მისი ნაწილი, ჩვენი უჯრედების საკმაოდ დიდი ნაწილი დედის სხეულში რჩება. ჩვენი უჯრედები მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ეტაპობრივად გადადის დედის სხეულში. ის ყველაზე დიდი რაოდენობით არის კანში, ასევე თავის ტვინში. არსებობს ვარაუდი, რომ ნაყოფის ნეირონები როდესაც სახლდება დედის თავის ტვინის ქსოვილში, შესაძლოა, ის იცავდეს დედას ალცჰაიმერის დაავადებისგან. ჩვენ დავტოვეთ დედის სხეული, მაგრამ რაღაც ჩვენი ნაწილი დედის სხეულში მაინც დარჩა,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი?

​რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი?

რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი, - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ​ნათქვამს სიიტყვა-სიტყვით:

ყოველწლიურად აშშ-ში დაახლოებით 3 500 ბავშვი კვდება უეცრად, ყოველგვარი წინასაწარი ფონის და დაავადების გარეშე. ყოველწლიურად სწორედ ამდენივე ოჯახი დგება ეჭვის ქვეშ, დადის დაკითხვებზე, ექვემდებარება სამართლდამცველთა მხრიდან დაკვირვებებს მანამ, სანამ საბოლოოდ დადგინდება - ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომია.

ეს არის სიკვდილი, რომლის მიზეზი არავინ იცის. სიკვდილისშემდგომი არცერთი კვლევით მისი მიზეზი არ დგინდება.

​ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ჰიპოთეზა, რაც შესაძლოა, ხსნიდეს მანამდე სრულიად ჯანმრთელი ჩვილის უეცარ სიკვდილს, მათ შორის, ცვლილებები თავის ტვინში, ჰიპოთალამუსის მიდამოში, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია და კვლევა-ძიება ისევ გრძელდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს სინდრომი გააერთიანა ჩვილთა მოულოდნელი სიკვდილის სინდრომთა ჯგუფში, სადაც ასევე შედის გარდაცვალების სხვა, თუმცა დაზუსტებული მიზეზები - მაგალითად, უეცარი მოხრჩობა, მოულოდნელი სიკვდილი ინფექციების ან ნევროლოგიური პათოლოგიების დროს.

მიზეზები, როგორც უკვე გითხარით, უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ჩვილთა უეცარ სიკვდილს:

ძირითადი რისკ-ფაქტორები:

  • ბავშვის ასაკი - უხშირესად 2-დან 4 თვემდე.
  • სქესი - უეცრად ვაჟები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე გოგონები.
  • რასა - სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო ფერადკანიანთა შორის ეს სინდრომი უფრო ხშირია.
  • თავის ტვინის თანდაყოლილი პათოლოგიები.
  • დღენაკლულობა და დაბადებისას დაბალი მასა.
  • პასიური მწეველობა - დადგენილია, რომ ჩვილები უეცრად უხშირესად მწველთა ოჯახებში კვდებიან.
  • დედის მიერ ნარკოტიკების, ალკოჰოლის მოხმარება.
  • დედის ადრეული ასაკი (20 წელზე უფრ ახალგაზრდა).
  • ორსულობისას ქალზე არასრულფასოვანი სამედიცინო დაკვირვება და არადეკვატური მოვლა.
  • ოჯახური ისტორია - მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ბავშვები, რომელთა და, ძმა, ბიძაშვილი, მამიდაშვილია ან დეიდაშვილი ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა.
  • მუცელზე ძილი - გასული საუკუნის 80-ინი წლებში აშშ პედიატრიის აკადემიამ ჩვილებისთვის რეკომენდაცია გაუწია მუცელზე ძილს. სწორედ იმ წლებში ჩვილთა უეცარმა სიკვდილობამ მკვეთრად იმატა. 90-იანი წლებიდან ძილის წესის ახალი რეკომენდაციის შემდეგ (ძილი ზურგზე), სტატისტიკა ასევე მკვეთრად გააუმჯობესა.

შემდეგი ბლოგი სწორედ ბავშვის უსაფრთხოებას მიეძღვნება. მოგიყვებით, როგორია უსაფრთხო ძილის წესები ჩვილებისათვის, კიდევ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის და რომ თქვენც უშიშირად გეძინოთ, არ გაფიქრებდეთ ის, რაზეც უკვე მოგიყევით,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად