Baby Bag

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„აუცილებელია, მშობელი იყოს ამ პროცესში ჩართული. იცოდეს, რა ინფორმაციას იღებს შვილი,“ - ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

„აუცილებელია, მშობელი იყოს ამ პროცესში ჩართული. იცოდეს, რა ინფორმაციას იღებს შვილი,“ - ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ბავშვების ეკრანდამოკიდებულებისა და ანიმაციებისადმი სიყვარულის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ბავშვი ხშირად ითხოვს ერთსა და იმავე ანიმაციას, მშობელი უნდა დააკვირდეს, რა ინფორმაციას იღებს მისი შვილი ანიმაციის ყურებისას:

​ბავშვი ხშირად ითხოვს ერთსა და იმავე ანიმაციას, მაგრამ მნიშვნელოვანია მშობელი დააკვირდეს, რატომ ითხოვს, რა ინფორმაციას იღებს იქიდან. შეიძლება ეს იყოს მისთვის ძალიან სტრესული და უნდოდეს ამ შიშთან გამკლავება. აუცილებელია, მშობელი იყოს ამ პროცესში ჩართული. იცოდეს, რა ინფორმაციას იღებს შვილი. ბავშვს შეუძლია ძალიან კარგად გარდასახვა, შეუძლია როლის გათავისება. მერე სახეზე გვხვდება, რომ აგრესიულია, ყვირის, ურტყამს სხვებს. არ ვიცით, რატომ დაემართა სიბნელის შიში, ცალკე დაწოლა არ უნდა და ა.შ. რითი იკვებება? რა არის მისი საკვები? როგორ არის სიუჟეტი აწყობილი? როგორ ჩანს დადებითი პერსონაჟი? როგორ ამარცხებს ბოროტს? ამის გაშინაგანება ხდება. მერე როგორც კი მსგავს ემოციასთან კავშირი უწევს, ის აცოცხლებს ამ გმირს და ხდება ამ გმირის ნაწილი.“

ნინო ბუაძემ აღნიშნა, რომ ბავშვები სმარტფონებს ძალიან ეჯაჭვებიან, რაც სერიოზული პრობლემაა:

„ბავშვებს როდესაც ართმევენ სმარტფონებს, ისინი ფიქრობენ: რა გავაკეთო ახლა? ეს არის მათი სასიცოცხლო ენერგია. მოზარდებს რომ დავაკვირდეთ, მათი კომუნიკაცია არის ასეთი: „ეს თამაში იცი?“ თუ მან არ იცის ეს თამაში, მაშინ ჩამორჩება თითქოს. ​აქ შეიძლება წამოვიდეს ბულინგის თემაც, აკნინებენ, როგორ არ იცის. საკუთარი თავის აღქმაც ხდება უკვე იმ სივრცეში. იქ არის გამარჯვებული. ჩვენი თავიც რომ წარმოვიდგინოთ, სად გვიხარია? სადაც ჩვენთვის კომფორტული ზონაა. ბავშვები არიან იმ კომფორტულ ზონაში კარგად. არ უნდათ ეს ახალი ურთიერთობები. გაუცხოვებულია ბავშვი სამყაროსთან.“

ნინო ბუაძემ ბავშვების თვითშეფასების ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის გამოცდილება არც ისე მრავალფეროვანია, რის გამოც მის თვითშეფასებაზე გარემო უფრო ძლიერად ზემოქმედებს:

„ბავშვის თვითშეფასება და ზრდასრულის თვითშეფასება სხვადასხვა საძირკველზე დგას. ჩვენ გვაქვს უამრავი გამოცდილება და ამ უამრავ გამოცდილებაში, შეგვიძლია ავირჩიოთ სხვა.​ ბავშვის გამოცდილებაში მხოლოდ ეკრანია. მის თვითშეფასებაშიც ის არის, რომ იქ სუპერმენია. მას ახალი გამოცდილებისთვის დრო არ აქვს. ცხოვრება მიედინება მისგან დამოუკიდებლად. არჩევანის წინაშე რომ დგება, ის ირჩევს კომფორტულ ზონას, სადაც ის გმირია, რეალიზებულია და აღიარებული.“

„ზღაპარში შენი ტემპით ვითარდება მოვლენები. შეგიძლია პაუზა გააკეთო, კიდევ ერთხელ გადახედო სიუჟეტს, გაიმეორო. ეს არის გააზრების პროცესი. აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვს ასწავლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ასწავლო ანალიზი, გაცნობიერება. მრავალი ალტერნატივა შევთავაზოთ ბავშვს. ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არის ერთი ფუნდამენტური სხვაობა. ზრდასრულები ხშირად ამბობენ: ​„რა აზრი აქვს ახლა ხატვაზე რომ ვატარო? მაინც არ გამოვა ამისგან მხატვარი.“ ბავშვები პროცესზე არიან უფრო მეტად ორიენტირებულები. არ ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები. როდესაც ამბობენ: „ვერ მღერის და რატომ?“ სცენაზე ხომ გადის და ტაშს ხომ უკრავენ? მონაწილე ხომ არის, მიკუთვნებულობის განცდა ხომ აქვს. შესაძლოა, ბავშვი არ არის იმ სპორტში წარმატებული, მაგრამ წაგება ისწავლა, დარდი ისწავლა, გამარჯვებისთვის ბრძოლა ისწავლა, მოტივაცია მიიღო. უამრავი პროცესია და არა ის, გაიტანა თუ არა ფეხბურთში გოლი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად