Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,რკინის დეფიციტის განვითარების რისკ ჯგუფს განსაკუთრებით წარმოადგენენ ორსულები და მეძუძური ქალები, ბავშვები და მოზრდილები''

,,რკინის დეფიციტის განვითარების რისკ ჯგუფს განსაკუთრებით წარმოადგენენ ორსულები და მეძუძური ქალები, ბავშვები და მოზრდილები''

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი Mo​msEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ორგანიზმში კინის როლის შემცველობის შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რკინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, ვინ წარმოადგენს რკინის დეფიციტის განვითარების რისკ ჯგუფს, რომელი საკვებია რკინით მდიდარი - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ესოდენ მნიშვნელოვან ელემენტ რკინაზე და მასთან ასოცირებულ ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

რკინა არის ჩვენი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. რკინა შედის ჰემოგლობინის სტრუქტურაში, რომელიც თავის მხრივ სისხლის წითელი უჯრედების შემადგენელი ნაწილია და მისი ძირითადი ფუნქციაა ჟანგბადის ტრანსპორტი მთელს ორგანიზმში. რკინის სათანადო რაოდენობა ორგანიზმში იმუნიტეტის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვადასხვა ორგანოთა სისტემის გამართული ფუნქციონირების გარანტიაა. ასევე ბავშვთა მენტალური განვითარება გარკვეულწილად დამოკიდეულია ორგანიზმის რკინით ადექვატურ გაჯერებაზე.

რკინადეფიციტური ანემიის (რკინის დეფიციტის) ძირითადი მიზეზებია: სისხლდენები, ნაწლავებიდან შეწოვის პრობლემები, რკინის ტრანსპორტირების დარღვევა (ორგანიზმში რკინის მეტაბოლიზმის გზების დარღვევა), ალიმენტური უკმარისობა ( კვებითი უკმარისობა) და რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილება (ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.

რკინადეფიციტური ანემიის ძირითადი სიმპტომებია: ქრონიკული დაღლილობა, საერთო სისუსტე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, ყურებში შუილი, ხშირი თავის ტკივილი,გაუკუღმართებული ყნოსვა და გემოვნება (აქვე მინდა ხაზი გავუსვა,რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ტკბილეულისადმი ადამიანის გაძლიერებული სურვილი კავშირშია რკინის დეფიციტთან, რკინის დეფიციტის აღმოფხვრის შემდეგ ეს განსაკუთრებული ლტოლვა ტკილეულისადმი რეგულირდება, რაც იმით აიხსნება რომ ორგანიზმი განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს მის „კომპენსირებას“ კი შაქრის ჭარბი მოხმარებით ცდილობს), ხშირი ავადობა დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, ნერვული აღგზნებადობა, ძილიანობა და სხვა.

რკინის დეფიციტის განვითარების რისკ ჯგუფს განსაკუთრებით წარმოადგენენ ორსულები და მეძუძური ქალები, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი, კუჭნაწლავის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

ბოლოს განვიხილოთ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც მდიდარია რკინით:
  • საქონლის ხორცი და ღვიძლი, 
  • ზღვის პროდუქტები, 
  • ლობიო, 
  • ისპანახი, 
  • კვერცხი, 
  • რძის ნაწარმი, 
  • ქლიავი, ბროწეული, 
  • ფინიკი, 
  • გარგარი,
  • ვაშლი, 
  • ნიგოზი, 
  • ქიშმიში და სხვა. 
აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი ცხოველური საკვებიდან უფრო ითვისებს რკინას ვიდრე მცენარეული საკვებიდან. რკინის შეწოვას ხელს უწყობს C ვიტამინი, რომლითაც მდიდარია განსაკუთებით ციტრუსები, გარდა C ვიტამინისა რკინის შეწოვისთვის საჭიროა B ჯგუფის ვიტამინები, მათ წყაროს წარმოადგენს: მარცვლეული, სოკო, მწვანე ბოსტნეულები, ავოკადო, სტაფილო, ზღვის წყალმცენარეები. რაც შეეხება რკინის პრეპარატის თვითნებურ მიღებას - კატეგორიულად დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა

წაიკითხეთ სრულად