Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,იმუნური სისტემა რაციონალური კვებითა და სწორი რეჟიმით ყალიბდება" - პედიატრი

,,იმუნური სისტემა რაციონალური კვებითა და სწორი რეჟიმით ყალიბდება" - პედიატრი

,,იმუნური სისტემა იმართება კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, ერთსახოვანია და განსჯას არ ექვემდებარება. შესაბამისად, რაციონალურ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ჩვენ ფაქიზად ვართ განწყობილი 2 წლამდე ასაკის ბავშვებთან", - ამის შესახებ პედიატრმა, ნინო კამკამიძემ ისაუბრა.

,,დიდი ფუფუნებაა, როდესაც ქალს შეუძლია, ექვს თვემდე ბავშვი ჰყავდეს ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე. თუ ეს ერთ წლამდე გაგრძელდება და კიდევ შემდგომ, უკეთესი. კვების რეჟიმი და რაციონი ჩვენ უნდა ჩამოვიყალიბოთ ისე, რომ თავის დროზე იყოს მზად საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე მისაღები საკვები, იქნება ეს დესერტი, თევზეული, ხორცეული თუ სხვა. ეს რეჟიმი ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ. ხშირად გვესმი -  ჩემს შვილს სოსისი უყვარს ან შემწვარი კარტოფილი, თუ არ აჭმევთ, არ ეყვარება. ამიტომ, აქცენტი გააკეთეთ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ პროდუქტზე. ეს არის შესაძლებელი, დაიცავით თავი არასასურველი პროდუქტებისგან.

რაც შეეხება იმუნურ სისტემას. მისი გაძლიერება ისევ და ისევ რაციონალური კვებითა და სწორი რეჟიმით ყალიბდება, არავითარ შემთვევაში - პრეპარატებით. ჰიპერვიტამინოზი, ანუ ვიტამინების კომპლექტად მიღება არანაირად არ იცავს არც ვირუსული ინფექციისგან, არც პნევმონიისგან, პირიქით, ჰიპერვიტამინონზი უფრო რთულად სამართავი დაავადებაა. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბავშვთან გვაქვს რაიმე ვიტამინის დეფიციტი, შეიძლება, იმის შევსება მოხდეს, მაგრამ  არა ისე, რომ დაუნიშნავენ ხოლმე ვიტამინების კომპლექტს და ამით ცდილობენ სეზონური ვირუსების აცილებას. თუმცა, არსებობს გარკვეული მდგომარეობები, იგივე მეძუძურობა, როდესაც ქალმა ათასი კალორიით მეტი უნდა მიიღოს და დღის განმავლობაში ვერ ახერხებს შესაბამის კვებას. ასეთ შემთხვევებში შეიძლება მისთვის ვიტამინების დანიშვნა, რადგან მას არ აქვს სათანადო კვება. მაგრამ დამერწმუნეთ, თუ  ის ნორმალურად იკვებება და იღებს იმ რაციონს, რაც მას მეძუძურობის პერიოდში სჭირდება, არ იქნება აუცილებელი ვიტამინების დანიშვნა. 

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ორგანიზმის მოსმენა - წყალი გვწყურია, ვსვამთ და ა.შ. ეს რომ ვისწავლოთ ყველამ და ბავშვსაც ჩამოვუყალიბოთ ჯანსაღი კვების რეჟიმი, ეს იქნება სწორი დამოკიდებულება ბავშვის განვითარებაში", - აღნიშნა ნინო კამკამიძემ. 

წყარო: ,,​რადიო ფორტუნა"


წაიკითხეთ სრულად