Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ არასწორი ჩაცმულობით საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას,“ - ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ამ არასწორი ჩაცმულობით საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას,“ - ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვების ჩაცმისას მშობლების მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოჭერილი ტანსაცმელი ბავშვს არ უნდა ჩავაცვათ:

​ნებისმიერი შეკოჭვა, შებოჭვა, მოჭერა არის მოძრაობის შეზღუდვა. არცერთ ჩვენგანს არ აწყობს არანაირი მოჭერილი ტანსაცმელი. ეს არის დისკომფორტი. ბავშვს უნდა ჩავაცვათ რაც შეიძლება ხალვათად, რაც შეიძლება მინიმალური ტანსაცმელი. ბავშვის ტემპერატურა 10 ერთეულით მაღალია მოზრდილის ტემპერატურაზე. გავრცელებული აზრი, რომ ბავშვს სცივა, მიაფარეთ, სავალალოა. ხდება გადახურება, ორგანიზმი აორთქლებს დიდი რაოდენობით სითხეს. როდესაც აორთქლება ვერ შველის, რთავს დაცვის სისტემას, რომელიც არის ოფლდენა. ოფლი არის მკვეთრი დანაკარგი როგორც სითხის, ასევე მინერალური მარილების.“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, მშობლები ღამით ბავშვებს ზედმეტად ბევრს აცმევენ, რაც ორგანიზმში სითხის დაკარგვას უწყობს ხელს:

„ბევრი ჩაცმა ახასიათებთ განსაკუთრებით ღამე, საბნის ქვეშ. ​მეუბნებიან „იხდის ბავშვი.“ რადგან იხდის, ე.ი. სცხელა. ამას ბევრი განმარტება არ უნდა. აორთქლებული სითხე დიდი დეფიციტია ორგანიზმისთვის. ჩვილის სხეულის 92 % არის სითხე. რაც უფრო ასაკში შევდივართ, ვშრებით. ასაკოვანმა ადამიანმა და ჩვილმა ერთნაირად რომ დაკარგონ სითხე, ბავშვისთვის უფრო სავალალოა, იმიტომ, რომ მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას.“

„შემოსულია ასეთი ფენომენი, რომ წყალი არ უნდა ბავშვს. ​რეალურად ძუძუზე მყოფ ბავშვს, თუ მისი ჩაცმულობა და გარემო პირობები არის ოპტიმალური, არ სჭირდება წყალი. თუმცა ხშირად ეს მეორე ნაწილი დარღვეულია. ამიტომ ძალიან მარტივია, რომ ვცადოთ, წყალი მივაწოდოთ, იქნებ დალიოს. ნებისმიერი გამოშრობა იწვევს კუნთის ტონუსის დაქვეითებას, რაც მოძრაობით აქტივობას აქვეითებს. ამ არასწორი ჩაცმულობით საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად