Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის საშიში ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ემოციურად კარგად არ არიან,“ - თამარ გაგოშიძე

„ეს არის საშიში ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ემოციურად კარგად არ არიან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში დეპრესიის შემთხვევების ზრდის ტენდენციის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა ბევრ ბავშვს აქვს:

„ჩვენ ვატარებდით კვლევას გარდატეხის ასაკის ბავშვებში. აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეთა ნახევარს დეპრესიის ნიშნები ჰქონდა. ეს არის საშიში ნიშანი იმისა, რომ​ ჩვენი ბავშვები ემოციურად არ არიან კარგად. ეს ამ ბავშვების ბრალი არ არის. მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რა ნიშნები აქვს დეპრესიას ბავშვებში.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებში აგრესიული ქცევა ხშირად დეპრესიის გამოვლინებაც არის:

„ბავშვებში აგრესიული ქცევა დეპრესიის ნიშანიც არის. უცებ აგრესიული გახდა ბავშვი, ხშირად ტირის, ეს დეპრესიის ნიშნებია გარდატეხის ასაკამდე. გარდატეხის ასაკში ცოტა სხვანაირად ვლინდება დეპრესია. ბავშვები ჩაკეტილები ხდებიან. ამის დიფერენცირება ისედაც ძალიან ძნელია.​ გარდატეხის ასაკი ძალიან სპეციფიკურია. რთულია იმის გაგება, ეს გარდატეხის ასაკის ბრალია, თუ დეპრესიის, როდესაც ბავშვი ჩაკეტილი ხდება, არავის არ ენდობა. ეს ისედაც ასე ხდება ამ ასაკში.“

„როდესაც ბავშვის ყოველდღიურობა ირღვევა და ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება, ბავშვისთვისაც საზიანო ხდება, ოჯახური ცხოვრებაც ირღვევა, ამ შემთხვევებზეა საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვცალია. ბავშვი აქამდე არ უნდა მივიდეს. ყოველთვის ყველა მშობელს ვეუბნები, რომ ნახევარი საათი შეიძლება მოძებნო. არასდროს არ ჩაიკეტება ასე ბავშვი, რომელსაც ექნება შენთან ყოველდღიურად ნახევარსაათიანი საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ ბავშვებთან ვურთიერთობთ მარტო მოთხოვნის ტონით. ამხელა თანხას ვიხდით მის სწავლაში, გვინდა, რომ იყოს საუკეთესო. სულ ამით ვიწყებთ: „აბა, რა გააკეთე?“ ​ემოციისთვის დრო არ რჩება,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად