Baby Bag

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“ ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“  ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ახალბედა დედებში ძუძუთი კვების დროს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რძის არარსებობის პრობლემა დედების მხოლოდ 5%-ს აქვს:

„მხოლოდ 5 %-ში ფიქსირდება, რომ დედას არ აქვს რძე. ეს სიტუაცია მხოლოდ ექიმის მიერ ფასდება. დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს,“ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არის სუბიექტური ან არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, პირველ რიგში, დედას. ფსიქოლოგიური სტრესი, ორსულობის შემდგომი სტრესი ან გარემო ფაქტორები, უამრავი რამ შეიძლება აფერხებდეს ლაქტაციის პროცესს. დედების მხოლოდ 5%-ს აქვს რეალურად, თანდაყოლილად რძის არარსებობა.

ნახეთქების გამოჩენა როგორც წესი დაკავშირებულია მკერდის დვრილის არასწორ პოზიციასთან ბავშვის პირის ღრუში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობიაროშივე დაეხმაროს შესაბამისი პერსონალი დედას, რომ სწორად მოარგოს ბავშვი ძუძუს. შესაბამისად მოხდება ნახეთქებისა და დისკომფორტის პრევენცია.

ექვსი თვის ჩათვლით ექსკლუზიური ძუძუთი კვება არის უნივერსალური და შეუცვლელი. 6 თვის შემდეგ რაც უნდა კარგად იმატებდეს ბავშვი, აუცილებელია, რომ ბავშვის კვების რაციონში შემოვიდეს დამატებითი კვება. პირველ რიგში, ეს იქნება მარცვლეული, ბოტნეული, ხორცი. რა თქმა უნდა, უნდა შევიტანოთ ხილიც. 6 თვის შემდეგ მხოლოდ ბუნებრივი კვება, რაც უნდა კალორიული იყოს ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნებს,“- მოცემულ საკითხზე ეკა უბერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებმა არ იციან, როგორ აღზარდონ შვილები, ადამიანის აღზრდა ძალიან რთულია,“ - ჟაკ ფრესკო

ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.

ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.

ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად